მუსიკალური ფესტივალის “Musica Cortese” პროგრამა ქართულ კულტურას დაეთმო

იტალიური კულტურის სიმბოლოდ აღიარებული პოეტის, მწერლისა და მოაზროვნის, დანტე ალიგიერის გარდაცვალების 700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ფრიული-ვენეცია-ჯულიას რეგიონის ადმინისტრაციის, ქ.გორიციის მუნიციპალიტეტის და ასოციაცია “Dramsam”-ის ორგანიზებით მიმდინარე მუსიკალური ფესტივალის “Musica Cortese” პროგრამა ქართულ კულტურას დაეთმო. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს საელჩო იტალიაში.

„ოსლავიაში (გორიციის კომუნა), იტალიელი მეღვინის, იოშკო გრავნერის მამულში, ქართული კულტურის დღეზე იტალიიდან, სლოვენიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდან შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კონსტანტინე სურგულაძემ, რომელმაც ისაუბრა ქართულ-იტალიური კულტურული ურთიერთობების შესახებ და ხალხთაშორის კავშირების განმტკიცების პროცესში ტრადიციების გაზიარების მნიშვნელობაზე.“ – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გრავნერის მარანში მგალობელ-მომღერალთა გუნდმა „ადილეი“, იტალიელ კოლეგებთან ერთად, შეასრულა ქართული ხალხური სიმღერები და საგალობლები.

ქართული პოლიფონიური სიმღერისა და ქართული სუფრის გამორჩეული ტრადიციების შესახებ ლექცია წაიკითხა იტალიელმა ხელოვნებათმცოდნემ, რენატო მორელიმ.

ოსლავიაში შეკრებილ საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა დაეთვალიერებინა გრავნერის მარანი, გაცნობოდა ღვინის დაყენების ტექნოლოგიას და დაეგემოვნებინა გრავნერის წარმოების ღვინო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები