გურჯი ნენეს ამბავი…
„დავრჩი გუუთხვარი. ის დევწუნე, ეს დევწუნე, ღმერთმაც თქვა, არ გინდა და ნუ გინდაო, კაის ძებნაში, მოვფხავსდი… – თურქეთში, ამასიის მხარეში, სოფელ თათლიფინარში, ჩვენებური აიშე ნენეი ძალიან გამიშინაურდა….“ – მწერალ ნიაზ ზოსიძის წერილი “გურჯი ნენეს ამბავი…“
„ _ზოვლი ლამაზი ციცაი ვიყავ. სარკეში ჩემ თავ რომ დევნახავდი, გული გეეღებოდა. ხარისთვალა ბლის პოწკივით გოგო ვიყავ, გრძელი ნაფწენებით. ჩემ თავს მალ-მალე ვეტყოდი, რა ლამაზი ხარ გამოსაწყვეტელო-მეთქი! ათასი ფიქრი გიმიარდა გულში, ნეტაი, რაფერ ბიჭნა წავყვე, ვის ლოგინში ჩავგორდენა, ვინ შამომახვევს წელზე ხელებ-მეთქი…
დიდნენეი მასტავლიდა: ქალ მორიდება მუუხდება, კაცს ქალის დაფასებაო. ბაშდან, ზოვლი მორცხვი ვიყავ. დილაზე, იალუმზე, მზითვალთან ერთად ვდგებოდი. იმწამალაი თვალებში წყალ შევსხამდი, კასრულებ და საინებ დავჩაჩქნიდი. სხვა საქმეებსაც რომ ვიზამდი, ტყეში გავშპებოდი და იარა-ტკივილების მოსარჩენ ბალახებ მევტანდი…ბუკი და თვალ-წარბი ლამაზი მქონდა, მარა ტანზე ძალიან ხმელი და გახრინკული ვიყავ…
პირველად იმფერ ვუნდოდი ქალად, ჰამან, თავი მევკალ. ჰიჩ, არ მიყვარდა, მის ნენეს ხვანჯარზე იყო გამობმული, მარა ძალიან ზენგინი, ფარიანი. ალთუნებში ჩაგაწვენსო, მითხრა ტაიამ. გულში ვთქვი, ამ მუდრეგ ჩემი ნამსხმანი რაფერ დავაზელიო-მეთქი…
მოვდენ მისი ემია-ტაები, დეელაპარაკეს ბაბო_ნენეს. ბაბომ დიმიძახა, მალე, შენი ნებით გამოი, თავი დეიქნიე, თვარა ლოყიებ დაგაფრიწავო. გულიკანკალით გამველ ყონაღში და არ ვიცი, ძალა ჰაიდან მოვდა, ვიყვირე: მაგა არ წავყვები, თავ ჩამევხჩობ და მევსვენებ-თქვა…
მეორეს რომ ვუნდოდი, გაღმა სოფლიდან, ის კაი იყო, ლამაზი, დელიყანნი, პირიანი, ჰადაჰა, მოვდედთნა სიტყვის წასაღებადო, შამოგვითვალეს, მარა მოკტა საწყალი, მთაში ცხენიდან ჩამვარდა…
ერთმა, კიდომ, როის მოვდა იცი? ნენე_ბაბოი სახლში რომ არ იყვენ. დეიღრიალა, კარი გიმიღეო! რომ არ გუუღე, ქვედაკუთხე ფენჯერაზე ამოღოღვა არ მეიწადინა! ავწიე ჯორკო, ვბრეგვე თავზე და გადავაგდე ქვებში და ხაშრებში. არნა მექნა, მარა რა მექნა? რას მოძრებოდა! რაცხა ლამაზი სიტყვა ეთქვა, კაი ეთქვა, ლამაზობით შეიძლებაცდა შამუუშვებდი. მემრე ხანდისხან გულში გიმიარდა, ნეტაი, ელჩები მომიგზავნოს-მეთქი, მარა წევდა და წევდა სოფლიდან, შერცხვა და წევდა. მაგას ახლა ფეხები გაფშეკილი ექნება, ჩემზე კარქა დიდი იყო… გეყო, ახლა, ნიაზავ, ბარსამი მალაპარიკე…
-მერე რაფერ იყო, აიშე ნენი?
-მემრე ააფერი არ ყოფილა, დავრჩი გუუთხვარი. ის დევწუნე, ეს დევწუნე, ღმერთმაც თქვა, არ გინდა და ნუ გინდაო, კაის ძებნაში, მოვფხავსდი. მემრე ნენე-ბაბოი მომიკტა, და-ძმა მომიკტა. ძალვან კაი დის და ძმისშვილები მყავს, ამათ დევენაყე წამლად… ისე, არ დიმიჯერებ და ხანდახან ახლაც დემესიზმრება კაცი, ვითომ ფატა მახურია. წევალ ახლა და მივბალიშდები, ამ ბოლოხან ძილი დიმინატრულდა, ნენი, მოი, ხელი მომე, მუხლი გამაშლევიე და ამაყენე ზეზე! ყური მომე, ნენი, კაი ქენით რომ მოით, კაია რომ გურჯისტანში არ გვიბიწყებენ. გამჩენელმა გაგახაროთ, გურჯებ მოკითხვა უთხარ. დიდნენეს ნათქვამი ლექსი გითხრა გურჯული?
-კი, მითხარი, ნენი.
-გეტყვი, თუ არ დამაბიწყდა:
,,ქალები დაქუჩებულან
სიმინდი სათოხნელადა,
ლოყები დაწითლებიათ
ბიჭების საკოცნელადა. “
აიშემ თეთრი თავსაფრის ყური თვალებში ამოისვა და ვიწრო კიბეზე ნელ-ნელა აიკაკვა…
გურჯულ სოფელში მიწიდან თეთრი ნისლი აიქოჩრა, თითქოს რძე აქაფქაფდაო…“