ზაქარია ფალიაშვილის დაბადებიდან 150 წელი გავიდა

დღეს, 2021 წლის 16 აგვისტოს დიდ საიუბილეო თარიღი აღინიშნება – ზუსტად 150 წლის წინ დაიბადა  ქართველი კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებელი ზაქარია ფალიაშვილი.

მუსიკალური განათლება უფროსი ძმის ივანეს ხელმძღვანელობით მიიღო ქუთაისში; სწავლობდა ფორტეპიანოსა და ორგანზე დაკვრას; მღეროდა ეკლესიის გუნდში, 1887 წლიდან კი თბილისში – ლ. აღნიაშვილის გუნდში; 1891 წლიდან თბილისის სამუსიკო სასწავლებელში სწავლობდა ვალტორნაზე დაკვრას; 1896 წლიდან დაიწყო ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერა და დამუშავება(შექმნა თავისი პირველი ნაწარმოებები); 1900–1903წწ. უმაღლესი მუსიკალური განათლება მიიღო მოსკოვის კონსერვატორიაში; აქვე ჩამოაყალიბა ქართველ სტუდენტთა გუნდი და მართავდა ქართული ხალხური მუსიკის საღამოებს; 1903 წელს დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო ინტენსიური შემოქმედებითი, პედაგოგიური და საშემსრულებლო მოღვაწეობა.

მუშაობდა სამუსიკო სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში; აქტიურად მონაწილეობდა “ქართული ფილარმონიული საზოგადოების” დაფუძნებაში(1905); დააარსა გუნდი და ორკესტრი; 1908–1917წწ. სათავეში ედგა ამ საზოგადოების სამუსიკო სკოლას; იყო აქტიური წევრი “ქართულ ენაზე ოპერების გამმართველი საზოგადოებისა”, დირიჟორობდა სპექტაკლებს; 1918 წლიდან იყო თბილისის კონსერვატორიის პროფესორი და დირექტორი(1919, 1923, 1929–1932); დაიბეჭდა მისი პირველი რომანსები “ახალ აღნაგო სულო”, “ნანა, შვილო”(მიეძღვნა ი. ჯავახიშვილს), აგრეთვე “მრავალჟამიერი”(1908, სოლისტი, გუნდი და ორკესტრი), “ქართული ლიტურგია”(1910); განაგრძობდა ხალხური სიმღერების შეკრებასა და დამუშავებას, გამოსცა 2 კრებული – “40 ქართული ხალხური სიმღერა” და “8 ქართული ხალხური სიმღერა”.

მან 15 წლის მანძილზე მოიარა საქართველოს თითქმის ყველა კუთხე, ფონოგრაფით ჩაწერა 300-მდე სიმღერა და საეკლესიო საგალობელი.

ფალიაშვილის საექსპედიციო მუშაობის შესახებ, 1901 წლის „ივერიაში“ ქართული კულტურის კიდევ ერთი მოამაგე პეტრე უმიკაშვილი წერდა „ძლივს ეღირსა ქართული სიმღერების ხმებს ფონოგრაფით გადაღება! რამდენიმე წელია რაც უკეთეს საშუალებად სახალხო მელოდიების გადასაღებად ფონოგრაფი შემოიღეს. ჩვენში ამას ეხლახანს მიაქციეს ყურადღება და ამ ზაფხულს ბატონმა ზაქარია ფალიაშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დახმარებით კახეთსა და გურიაში გადაიღო სიმღერების ხმა“. წერილში ავტორს ნახსენები აქვს კახეთში მოძიებული „ჩაკრულო“, „მკის სიმღერა“ და „ურმული“, გურული სიმღერები კრიმანჭულებით და თან ტაშის კვრით; „ხელხვავი“, „შინდი-მინდი“ და „ქობულეთური ხასანბეგური“.

ცნობილია, რომ ექსპედიციებიდან დაბრუნებისთანავე ზაქარია ფალიაშვილი მოპოვებული მასალის გაშიფვრას – ნოტებზე გადაღებას და დამუშავებას იწყებდა. ამ მუშაობის შედეგია მის მიერ შედგენილი სანოტო კრებულები. კომპოზიტორი ცდილობდა სხვებიც დაერწმუნებინა ამ საშვილიშვილო საქმის მნიშვნელობაში. იგი დიმიტრი არაყიშვილთან ერთად ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკის სათავეებთან იდგა. ხალხურ სიმღერებთან ერთად აქტიურად მუშაობდა ქართული საეკლესიო საგალობლების დამუშავებაზე.

კომპოზიტორის შემოქმედებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ოპერებს: 1910 წელს დაიწყო მუშაობა ოპერაზე “აბესალომი და ეთერი”, 1919 წლის 21 თებერვალს ავტორის დირიჟორობით გაიმართა ოპერის პრემიერა; “აბესალომ და ეთერი”. ლირიკულ-დრამატული ოპერა – “დაისი”(1923, პრემიერა 1923 წლის 19 დეკემბერს), ოპერა დღემდე დიდი წარმატებით იდგმება თბილისი საოპერო თეატრის სცენაზე, გმირულ-პატრიოტული ოპერა – “ლატავრა”(1927; პრემიერა 1928 წლის 16 მარტს), გამოირჩევა ცალკეული სოლო ნომრები და საგუნდო ეპიზოდები; ასევე – “საზეიმო კანტატა”(1927); იგი ნოვატორი კომპოზიტორია, პირველი დაეუფლა მონუმენტური მუსიკის ფორმას, შექმნა ეროვნული სტილის კლასიკური ნიმუშები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები