ავიაკომპანია Silk Way West Airlines ჩიკაგო – თბილისი – ბაქოს მიმართულებით სატვირთო რეისების შესრულებას იწყებს
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ი ჩიკაგო – თბილისი – ბაქოს მიმართულებით სატვირთო ოპერირებას იწყებს. ფრენები აღნიშნულ საჰაერო ხაზზე „ჰაერის მეხუთე თავისუფლების“ გამოყენებით შესრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანული ავიაკომპანია აშშ-დან წამოღებულ ტვირთების ნაწილს ჯერ თბილისში გადმოზიდავს, ხოლო შემდეგ კი ბაქოში, შესაბამისად, ავიაგადამზიდველის თბილისში დაჯდომას კომერციული მიზნები ექნება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში Silk Way West Airlines-ის მიერ წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, პირველი რეისი ჩიკაგო – თბილისი – ბაქოს ხაზზე მიმდინარე წლის 10 აგვისტოს განხორციელდება. საჰაერო ხომალდი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ადგილობრივი დროით 17:00 საათზე დაეშვება. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ფრენები ამ მიმართულებით მრავალჯერადად იგეგმება. სააგენტოს მიერ, აზერბაიჯანულ სატვირთო ავიაკომპანიას აღნიშნული მიმართულებით ოპერირების ნებართვა 6 აგვისტოს მიენიჭა.
“აღსანიშნავია, რომ ავიაკომპანია Silk Way West Airlines-ს აღნიშნული ფრენების შესრულებაზე ნებართვა მას შემდეგ მიენიჭა, რაც საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებებს შორის გაიმართა დამატებითი კონსულტაციები „ჰაერის მეხუთე თავისუფლების“ გამოყენებასთან დაკავშირებით. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ თუ საქართველოს რომელიმე გადამზიდველს სამომავლოდ ექნება სურვილი განახორციელოს სატვირთო ფრენები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჰაერის მეხუთე თავისუფლების გამოყენებით, მას ეს უფლება უპირობოდ მიენიჭება აზერბაიჯანული მხარის მხრიდან.” – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.