საქველმოქმედო ფონდი REGI Base Georgia ვეტერანთა ოჯახებიდან 25 ქართველ სტუდენტს ჩეხეთში სასწავლებლად და სამუშაო უშვებს
ისწავლე და დასაქმდი ევროპაში! სასწავლო პროგრამა ჩეხეთში ქართველი სტუდენტებისთვის.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ჩეხურ საქველმოქმედო ფონდ ’REGI BASE’’და ’REGI BASE GEORGIA’’-ს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ჩეხურმა და ქართულმა მხარემ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა ოჯახის წევრებისათვის (მეუღლე, შვილი, შვილიშვილი) სპეციალური, საგანმანათლებლო პროგრამა შეიმუშავა, რომელიც გულისხმობს, 18-24 წლის, 25 სტუდენტის ჩეხეთში, პრაღის ფინანსებისა და ადმინისტრირების უნივერსიტეტში 1 წლიანი, როგორც საბაკალავრო, ისე, სამაგისტრო სასწავლო კურსის სრულ დაფინანსებას ეკონომიკისა და მენეჯმენტის სპეციალობაზე.
პროგრამაში მონაწილეებისთვის აუცილებელი მოთხოვნაა ინგლისური ენის ცოდნა, ვინაიდან სასწავლო პროცესი ინგლისურად წარიმართება. ჩეხური მხარე, ასევე, იღებს პასუხისმგებლობას სტუდენტთა ყოველთვიურ სტიპენდიაზე 3000 ჩეხური კრონის ოდენობით, მათ სამჯერად კვებაზე, მუნიციპალური ტრანსპორტი ბილეთებით, SIM ბარათით, საცხოვრებელითა და ჯანმრთელობის დაზღვევით უზრუნველყოფაზე. სტუდენტთა ჯგუფს გამოეყოფა კურატორი, რომელიც მათ დახმარებას გაუწევს ყველა იმ საკითხის მოგვარებაში, რომელიც სწავლისა და პრაქტიკული მეცადინეობების დროს წარმოიქმნება.
დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 10 აგვისტოს 18:00 საათამდე, ელ ფოსტაზე info@regibase.ge უნდა გააგზავნონ შემდეგი ინფორმაცია ინგლისურ ენაზე:
- სახელი გვარი
- დაბადების თარიღი
- მამის სახელი და გვარი
- დედის სახელი და გვარი
- მამის სამუშაო ადგილი და თანამდებობა
- დედის სამუშაო ადგილი და თანამდებობა
- განათლება (სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი)
- ჰობი
- ინგლისური ენის ცოდნის დონე
- ბოლო 2 წლის განმავლობაში თუ ყოფილხართ ევროპაში?
- თუ კი, რომელ ქვეყნებში ხართ ნამყოფი და რა იყო თქვენი მოგზაურობის მიზანი?
- მზად ხართ სწავლისა და პრაქტიკის შეთავსებისთვის?
- ჩემი უცნაური ჩვევა არის..
- თუ მექნებოდა საკუთარი ოცნების რეალიზების შესაძლებლობა, მე..
- ჩემი ოქროს წესია..
- ვიდეო პრეზენტაცია თქვენს შესახებ ინგლისურ ენაზე
უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://drive.google.com/…/1GoiVnANgYl8KDrnRe…/view
ფონდი ‘’REGI BASE I’’ ჩეხეთში, 10 წლის წინ დაარსდა და მისი მიზანი, საომარ მოქმედებებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი და დაშავებული ვეტერანების სამედიცინო დახმარება და რეაბილიტაციაში ხელშეწყობაა. ფონდის დევიზია:’’ ვეხმარებით მათ, ვინც ჩვენთვის იმსახურა’’. ფონდმა, საქართველოში, ქართული ‘’REGI BASE GEORGIA’’ გასული წლის დეკემბერში დააფუძნა, და მიზნად ისახავს ქართველი ვეტერანებისთვის დახმარების გაწევას.
‘’REGI BASE FOUNDATION’’ და ’REGI BASE GEORGIA’’-ს წარმომადგენლები, მიმდინარე წლის 31 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს სტუმრობდნენ. ვიზიტის დროს, სამსახურსა და ჩეხურ ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებში, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი და დაშავებული ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალურ და ეკონომიკურ, ჯანდაცვისა და განათლების კუთხით თანადგომას და მხარდაჭერას ითვალისწინებს.