კინტრიშის დაცული ტერიტორიები

საქართველოს საზღვაო კურორტ ქობულეთის სანაპიროდან სულ რაღაც 20 კმ-ში კინტრიშის დაცული ტერიტორიები მდებარეობს. უნიკალური კოლხური ტყეებით გამორჩეული ტერიტორია ერთ-ერთია, რომელმაც UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსი მოიპოვა.

კინტრიშის დაცული ტერიტორიები 1959 წელს შეიქმნა. მისი საერთო ფართობია 13 514 ჰა. კინტრიშის დაცული ტერიტორიების დაახლოებით 80% ტყითაა დაფარული და საქართველოს დაცულ ტერიტორიებს შორის ყველაზე დიდი ტყით დაფარული ფართობია.

კინტრიშის დაცული ტერიტორიები გამოირჩევა ძუძუმწოვრების, უხერხემლო ცხოველებისა და ქვეწარმავლების, მათ შორის ადგილობრივი, უძველესი და გლობალურად გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისა და ჯგუფების მრავალფეროვნებით.

ტერიტორია წარმოადგენს ადგილობრივი ქვეწარმავლების მნიშვნელოვან თავშესაფარს, სადაც ნათლად ჩანს მიმდინარე ევოლუციისა და სახეობათა ფორმირების მაგალითები.

აქ სრულადაა შემონახული მესამეული გამყინვარების პერიოდის ტყის უძველესი სახეობები, რომლებიც ცნობილია „კოლხური ფლორის“ სახელწოდებით.

აქ აღწერილია 895 მცენარე, რაც აჭარის მცენარეულობის 49%-ს შეადგენს. კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ 13 სახეობაა დაცული;

კინტრიშის დაცული ტერიტორიები ძუძუმწოვრების 48 სახეობის საბინადრო ადგილს წარმოადგენს; აქ აღწერილია საქართველოს „წითელი ნუსხის“ 6 სახეობა, მათ შორის, 5 სახეობა შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) “წითელ ნუსხაში” საფრთხესთან ახლოს მყოფის სტატუსით.

დაცული ტერიტორიების სააგენტო

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები