შენა ხარ ჩემი იმედი, ჩემი გამამხნევებელი!.. ნეტა ღირსი ვიყო შენი სიყვარულისა! შენ გენაცვალოს შენი ვანო…

ივანე ჯავახიშვილის წერილი მეუღლეს, ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანს:
“ჩემო თვალისჩინო, ჩემო მერცხალო სტაზიაჯან!
ნეტავი ეხლა შენი მშვენიერი ლამაზი თვალები და ხელები დამაკოცნინა ისე, როგორც ყოველთვის გაკოცებდი ხოლმე!… როგორა ხარ ჩემო ძვირფასო, ჩემო გულის მეგობარო? შენი ფიქრი მაქვს, გაუფრთხილდი, არ გაცივდე, რომ უფრო არ გაგიძნელდეს. ეხლა რომ მანდ მამყოფინა, თავს შემოგევლებოდი, მოგიკითხავდი, როგორც პატარა ბაღანას: გაგხდიდი და ლოგინში ჩემის ხელით ჩაგაწვენდი; მხურვალე კოცნით შენს ფეხებს გაგითბობდი; გახსოვს, შენ ამბობდი ხოლმე: “მე ფეხები და ხელები ყოველთვის ცივი მაქვსო”. მე გაგითბობ კოცნით, მე გაგითბობდი ჩემის სიყვარულით: შენა ხარ ჩემი იმედი, ჩემი გამამხნევებელი!.. ნეტა ღირსი ვიყო შენი სიყვარულისა! შენ გენაცვალოს შენი ვანო…
მე ვერ წარმომიდგენია ის ნეტარება და სიტკოება, როცა მე შენი ვიქნები საბოლოოდ, სამუდამოდ და შენ ჩემი, ჩემი! შენ გენაცვალოს ვანო! (შენ გეთაყვანოს შენს თვალწარმტაც, გამაგიჟებელ) ნეტავი ჩიტად მაქცია, რომ შენთან მოვფრინდე… შენც ხომ მაკოცებდი, შენც ხომ ჩამეხუტებოდი? შენი ჭირიმე სტაზიაჯან, შენ ისე ანებივრებ შენს ვანოს. მე უკვე სამი წერილი მივიღე, მოუთმენლად ველი ყოველდღე, თითქოს ყოველდღეობდეს!… ყოჩაღად იყავ ჩემო კარგო, შენს თავს გაუფრთხილდი, თორემ შენს ვანოს აუტანელ ტანჯვასა და მწუხარებას აგრძნობინებ…
მე ძალიან მოხარული ვარ რომ სკრიპკას უკრავ; იცი, ჩემო მერცხალო, ნუ დაანებებ მუსიკას, ნურც როდის! თუ დაანებებ მაშნ შენც სხვებს დაემსგავსები, რომელნიც უკრავენ, უკრავენ და ბოლოს მიატოვებენ ხოლმე. მე ხომ არ გეუბნები კონცერტები გამართე მეთქი, არა; მე მინდა მხოლოდ, რომ იმ მშვენიერ ხელოვნებას თავი არ დაანებო. მე ვერ შევძელი მუსიკის დამთავრება, მე ბედნიერი ვარ, რომ შენ, ჩემი თავლის ჩინი, ჩემი საყვარელი სტაზია ამ ზეციურ ხელოვნებას ემსახურება, თითქოს მე ვემსახურებოდე, იმიტომ, რომ მე და შენ განუყრელნი ვართ, ერთს არსებას წარმოავდგენთ. ძლიერი მხურვალე სიყვარული და გულითადი მეგობრობა გავერთიანებს ჩვენ! მე ბედნიერი ვარ, როცა შენ უკრავ ხოლმე იმიტომ, რომ სადაც უნდა უკრავდე შენ, მე ვიცი, რომ სიყვარული, ჩვენი მხურვალე სიყვარული მოისმის ხოლმე. მე სულ იმის ფიქრში ვარ თუ როდის მეყოლები აქ; მე და ჩემი სტაზია, ჩემი მშვენიერი სტაზია, ჩემი. დაგკოცნი გაგიჟებით ისე, როგორც მე რამდენჯერმე ხოვლეში დაგკოცნე, თავით ფეხთამდე, მარად შენი ვანო”.
(1906. IX. 25. პეტერბურგიდან თბილსს)

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები