გორმა რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილ მოძრავ გამოფენას – „ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ – უმასპინძლა

რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილ მოძრავ გამოფენას – „ ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ –  25 ივლისს გორმა უმასპინძლა.

უპრეცედენტო კამპანია 4 ივლისს ქ. თბილისში, დედაენის ბაღში დაიწყო და მისი წარდგენა საქართველოს კიდევ  5 სხვა ქალაქში დაიგეგმა. ღონისძიება თბილისის, მარნეულისა  და რუსთავის შემდეგ გორში გაიმართა.

რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილი კამპანია საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის (GISP) ინიციატივითა და ორგანიზებით  ხორციელდება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე 20 საუკეთესო ფოტოპოსტერი იქნა წარმოდგენილი. ისინი ოკუპაციისადმი მიძღვნილი კონკურსის ფარგლებში, სხვადასხვა ქალაქიდან მხატვარ-დიზაინერების მიერ ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი 130-ზე მეტი ნამუშევრიდან ჟიურიმ ანონიმურად შეარჩია.

გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო თეატრთან  ორგანიზებული გამოფენა,  როგორც ადგილობრივმა მოსახლეობამ,  ასევე ტურისტებმა დაათვალიერეს და ადგილზე არსებულ შთაბეჭდილებების ბანერზე საკუთარი ანაბეჭდი დატოვეს.

რუსული ოკუპაციისადმი მიძღვნილი კამპანია  მოძრავი გამოფენის სახით გრძელდება და ის 1-ელ აგვისტოს ქუთაისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები