„შეიძლება, კაცმა სამოცი წელი იცხოვროს ქვეყანაზე და ერთხელ მაინც ვერ იგრძნოს, რომ ის ადამიანია?!“

ნიკო სამადაშვილს გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე რუსთაველის მოედანზე შეხვდა არჩილ სულაკაური. როგორც არჩილ სულაკაური მოგონებებში წერს, დამშვიდობებისას ნიკო სამადაშვილმა ასეთი რამ უთხრა:

„სულ მინდოდა კაცურად მეცხოვრა. თითქოს ვიცხოვრე, კაცურად გავიარე ცხოვრების გზა, მაგრამ… რა არის, იცი, ერთი დღე არ მახსოვს ისეთი, თავი რომ ადამიანად მეგრძნო. ეს სულ სხვა რამეა, ჩემო არჩილ, სულ სხვა… მითხარი, შეიძლება, კაცმა სამოცი წელი იცხოვროს ქვეყანაზე და ერთხელ მაინც ვერ იგრძნოს, რომ ის ადამიანია?! ამ ქაოსიდან ვერ გავედი, ვერა და ვერ გავედი…“

1905 წლის 19 ივლისს, გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში დაბადებული პოეტის – ნიკო სამადაშვილის არცერთი ლექსი გამოქვეყნებულა მის სიცოცხლეში. ბევ ადამიანს გულის ჯიბით დაჰქონდა მისი ლექსები, ზოგი კი საერთოდ არ იმჩნევდა მის არსებობას და საზოგადოებისთვის საშიშ ელემენტად თვლიდა, რადგან ნიკოს კომუნისტები არ უყვარდა… „ვერ ეგუებოდა კომუნისტურ რეჟიმს, რომელიც თავისუფალ პიროვნებას სულიერად და მორალურად ანადგურებდა.“ იგი ორჯერ დააპატიმრეს…

პოეტის შვილი – მზია სამადაშვილის მოგონებიდან: ჩვენს ოჯახს დიდი უბედურება დაატყდა. 1943 წლის 12 იანვარს მამა დააპატიმრეს, ხოლო იმავე წლის 28 აგვისტოს გაასამართლეს, როგორც საზოგადოებისთვის საშიში ელემენტი და ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს.(საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58 .1.0 მუხლით).

დედამ მიამბო: ნიკო დააპატიმრეს 1943 წლის თორმეტ იანვარს ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერში. იქ ბინა გვქონდა დაქირავებული. ოთახი სახლის პირველ სართულზე იყო. იმ ავადსახსენებელ დღეს, საღამო ხანს ჩექმების ბრაგაბრუგი შემოგვესმა. მოგვიკაკუნეს, შემოვიდნენ და განაცხადეს, ბინა უნდა გავჩხრიკოთო, თან ნიკოს მიმართეს: დაპატიმრებული ხართ! ნიკოს ხმა არ ამოუღია. მოსული იყო ოთხი კაცი,  მათ შორის ბორჯომის რაიონის სამხედრო კომისარი საფონოვი. სახლიდან წაიღეს ნიკოს ნაწერები. ნიკო ჩუმად იყო, არც კი დაგვემშვიდობა. მეორე დღეს მე და მამაჩემი ჩავედით ბორჯომში და მილიციის განყოფილებას მივაკითხეთ. იმხანად მილიციაში მუშაობდა სოფლის მკვიდრი მიშა გეგეშიძე, რომელმაც გვითხრა, ნიკო წუხელ წაიყვანესო.

ნიკოს დევნა სიცოცხლის ბოლომდე არ შენელებულა. ჩვენს ოჯახს ხშირად აკითხავდნენ უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები, მათი ვიზიტის შემდეგ კი მამა ხშირად კარგავდა სამსახურს

ერთ-ერთი ასეთი ვიზიტის შემდეგ დიდედა ოლღას ვკითხე: ვინ დადის ჩვენ სახლში? მან დაუფიქრებლად მიპასუხა: კაციჭამიები! ვიდრე წამოვიზრდებოდი, მართლა მჯეროდა, მეგობარს ვუმტკიცებდი, ჩვენს სახლში ნამდვილი კაციჭამიები დადიან მეთქი. ის ჩემს ნათქვამს ეჭვის თვალით უყურებდა და მეუბნებოდა, კაციჭამიები მარტო ტყეში ცხოვრობენო. ასეთი იყო ჩვენი ოჯახის ცხოვრება, რამაც დაღი დაასვა ჩვენს ბავშვობას. ზოგჯერ ვიგონებ ჩვენი ოჯახის სტუმრებს – ტყავქურთუკიან მამაკაცებს, რაღაც წიგნაკს რომ აჩვენებდნენ დედას და დიდედას. რატომღაც ეს წიგნაკი ჩემს მეხსიერებას შემორჩა არა როგორც წითელი არამედ ყავისფერი.

1947 წელს პოეტი კვლავ დააპატიმრეს. საპატიმროში თითქმის ერთი წელიწადი დაყო. მიუხედავად მძიმე ცხოვრებისა, ნიკო სამადაშვილი არასოდეს წუწუნებდა. ყოველთვის რაინდი, გაუტეხელი და ამაყი იყო.

იგი მთელი თავისი არსებით ვერ ეგუებოდა კომუნისტურ რეჟიმს, რომელიც თავისუფალ პიროვნებას სულიერად და მორალურად ანადგურებდა.

ნიკო სამადაშვილი ვერ იტანდა თავისი ქვეყნის გავერანებას, დამცირებასა და შეურაცხყოფას.“

ნიკო სამადაშვილი 1963 წლის 1 მაისს, 58 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა, ყოფილი ბელინსკის (ახლანდელი ჭოველიძის) ქუჩის თავში ჩაიკეცა, მისი ლექსები კი პირველად პოეტის გარდაცვალებიდან ოთხი წლის შემდეგ გამოქვეყნდა.

ნიკო სამადაშვილის საფლავი თბილისში, საბურთალოს ძველ სასაფლაოზეა. მხატვრებმა გ. მიდელაშვილმა, ნ. მანჯაფარაშვილმა და მოქანდაკე რ. გურულმა საკუთარი ხარჯით მოაპირკეთეს და გააპატიოსნეს საფლავი.

„ნეტავი რისთვის ცოცხლობდა ქვეყნად, თუ სულ არავინ არ მიიკარა,

მოესწრო მაინც ლექსით ყაყანი, ამ მთიებს რაზე გადაეყარა?!.

რა ძალა ადგათ ხატს რომ შესწირეს, ალიზის ქოხში, ჩამქრალ ბუხართან.

ნეტავ ტირილი მაინც მოესწრო თვალებჩალეწილ თავის ცხედართან.“

                                                                                     ნიკო სამადაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები