ფოტოკადრებში ასახული მე-19 საუკუნე, ეპოქა და ტრადიციები
მეგრელების, გურულების, სამურზაყანოელების, ხევსურების და სხვა კუთხეების მცხოვრებთა სახეები ალექსანდრე როინაშვილმა შემოგვინახა.
პირველი ქართველი ფოტოგრაფი ალექსანდრე როინაშვილი (1846-1898) არა მარტო გამოჩენილი ქართველების ფოტოებს ქმნიდა, არამედ მან გადაიღო და შთამომავლობას დაუტოვა საქართველოს კუთხეების წარმომადგენლების, როგორც გლეხების, ასევე თავადების პორტრეტები. ქართულ კულტურაზე ზრუნვა და პოპულარიზაცია მისი უპირველესი საზრუნავი იყო.
ალექსანდრე როინაშვილს თბილისში სამი ფოტოატელიე ეკუთვნოდა და ეროვნული მუზეუმის გახსნაზე ოცნებობდა, სადაც თავს მოიყრიდა კავკასიის ეთნოგრაფიული მასალა. მათ შორის მისი უნიკალური ნამუშევრებიც.
1886 წლის 22 მაისს თავისი ნაღვაწი სანოტარო წერილით უანდერძა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. მთელი მისი ქონება: ფოტოგრაფიული სახელოსნები, ნეგატივები, აპარატები, ფოტო სურათები, არქეოლოგიური და ანტიკვარული ნივთები, აგრეთვე კაპიტალი და მოძრავი ქონება მისი სიკვდილის შემდეგ გადადიოდა საზოგადოების საკუთრებაში.
საზოგადოებას არ გააჩნდა შენობა, სადაც მუზეუმს განათავსებდა. ამიტომ მან თხოვნით მიმართა ზუბალაშვილს შეეწირა მათთვის მიწა მუზეუმისათვის.
ისეთი დიდი მოღვაწე იყო ალექსანდრე როინაშვილი, რომ მასზე საუბარი, მისი შემოქმედების გამოქვეყნების და ხილვის სურვილი ხშირად უნდა გვიჩნდებოდეს და დოკუმენტური მასალით, ფოტოებით შევიგრძნოთ ეპოქა და ისტორია, ტრადიციები და მეცხრამეტე საუკუნე.
წყარო: ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია