12 ივლისიდან კატარში ახალი წესები ამოქმედდება

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, კატარის მთავრობის გადაწყვეტილებით 2021 წლის 12 ივლისიდან Covid19-ის პანდემიასთან დაკავშირებით ამოქმედდება კატარში შემოსვლის ახალი წესები, კერძოდ:

ნებისმიერი მგზავრი, მათ შორის კატარის მოქალაქე და კატარის ბინადრობის მოწმობის მქონე პირი, რომელიც მიემგზავრება კატარის სახელმწიფოში ვალდებულია გამომგზავრებამდე 12 საათით ადრე გაიაროს წინასწარი რეგისტრაცია ვებგვერდზე.

აღნიშნულ საიტზე შესაბამისი ინფორმაციის წარდგენისა და დოკუმენტების ატვირთვის შემდეგ მგზავრზე გაიცემა კატარში შემოსვლის ნებართვა, რომელიც მან უნდა წარადგინოს გამომგზავრებამდე  თვითმფრინავში ჩასხდომისას და ასევე წარუდგინოს საზღვარზე საემიგრაციო სამსახურს.

პირები თავისუფლდებიან კატარში შემოსვლისას სავალდებულო კარანტინისაგან იმ შემთხვევაში თუ მოქალაქემ ან კატარში ბინადრობის უფლების მქონე პირმა კატარის სახელმწიფოში ვაქცინის სრული კურსი გაიარა.

კატარის მთავრობის მიერ განხორციელდა სახელმწიფოთა კლასიფიცირება „მწვანე“, „ყვითელი“ და „წითელი“ ქვეყნების სიის შესაბამისად. ვაქცინირებული პირები, რომლებიც მოემგზავრებიან ე.წ „წითელი“ ქვეყნების სიიდან განმეორებით RT-PCR ტესტს ჩაიტარებენ კატარში ჩამოსვლისას საკუთარი ხარჯით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, პირი დაექვემდებარება თვითიზოლაციას.

ქვეყნების სია შესაბამისი კლასიფიკაციის ჯგუფების მიხედვით იხილეთ ბმულზე.

კატარის სახელმწიფო სრულად აღიარებს შემდეგ ვაქცინებს:

  • Pfizer BioNTech (mRNA vaccine)
  • ModernaTX, Inc. (mRNA vaccine)
  • Vaxzevria, and Covishield by Oxford-Astrazeneca (Viral Vector vaccine)
  • Janssen/Johnson&Johnson by Janssen Pharmaceuticals Companies of Johnson & Johnson (Viral Vector vaccine)
  • ხოლო გარკვეული პირობითობის დაცვით შემდეგ ვაქცინას: BBIBP-CorV/Sinopharm by Beijing Institute of Biological Products (Inactivated vaccine)

მგზავრები, რომლებიც აცრილები იქნებიან კატარის მიერ გარკვეული პირობითობის დაცვით აღიარებული ვაქცინით დაექვემდებარებიან კატარში ჩამოსვლისას ანტისხეულებზე ტესტირებას. იმ შემთხვევაში, თუ ტესტის პასუხი იქნება პოზიტიური, ისინი განთავისუფლებულნი იქნებიან კარანტინისაგან, სხვა შემთხვევაში ისინი გაივლიან სავალდებულო კარანტინს, გამომგზავების ქვეყნის რისკჯგუფის კატეგორიის შესაბამისად (მწვანე, ყვითელი, წითელი).

კატარის მოქალაქეები და კატარის ბინადრობის მოწმობის მქონე პირები ვალდებულნი არიან გამომგზავრებმადე 72 საათით  ადრე გაიკეთონ PCR ტესტი.

მგზავრმა, რომელიც ვაქცინირებული არ არის კატარის სახელმწიფოში, უნდა წარმოადგინოს ვაქცინაციის ოფიციალური სერთიფიკატი მოქმედი QR კოდით, რომელიც შეიცავს შემდეგ ინფორმაციას: ვაქცინის მიმღების სახელი და გვარი, როგორც აღნიშნულია მის პასპორტში, ვაქცინაციის თარიღი, როგორც პირველი, ასევე მეორე დოზა. ვაქცინის ტიპი / დასახელება. ვაქცინის ლოტის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვაქცინაციის დაწესებულების ოფიციალური ლოგო და ბეჭედი.

კატარში აღიარებული ვაქცინების ვალიდურობა 12 თვემდე გახანგრძლივდა.

12 წლამდე ბავშვების მიმართ გავრცელდება იგივე რეჟიმი, რაც მათ მშობლებზე. ვაქცინირებული მშობლების შემთხვევაში, ბავშვები ჩაითვლებიან ვაქცინირებულებად.

12-17 წლის არავაქცინირებულ ბავშვებს/მოზარდებს მოეთხოვებათ სავალდებულო კარანტინის გავლა მათი გამომგზავრების ქვეყნის (მწვანე, ყვითელი, წითელი) რისკჯგუფის კატეგორიის შესაბამისად. სასტუმროს კარანტინის შემთხვევაში, სავალდებულოა ბავშვმა კარანტინი გაიაროს ერთ – ერთ მშობელთან ერთად.

კატარის გავლით, დოჰას საერთაშორისო აეროპორტში ტრანზიტულ მგზავრს უნდა ჰქონდეთ 72 საათით ადრე გაკეთებული სავალდებულო PCR ტესტის პასუხი იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს დანიშნულების ქვეყანაში წარსადგენად ესაჭიროება დამატებით ტრანზიტულ ზონაში გაკეთებული PCR ტესტის პასუხი. აღნიშნული შესაძლებელია დოჰას საერთაშორისო აეროპორტში (ტესტის ღირებულება შეადგენს 300 კატარულ რიალს – 80 აშშ დოლარი).

კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით 12 ივლისიდან დაიწყება ტურისტული და  ოჯახის გაერთიანების მიზნით ვიზების გაცემა, იმის გათვალისწინებით, რომ დაინტერესებული პირების მიერ დაცული იქნება კატარში შემოსვლაზე დაწესებულები წესები.

 „მწვანე“, „ყვითელი“ და „წითელი“ ქვეყნებიდან მგზავრები, რომლებიც არ არიან ვაქცინირებული კატარის მიერ ავტორიზებული ვაქცინით, არ არიან აცრილნი სრული კურსით ან მეორე დოზის მიღების შემდეგ არ არის გასული 14 დღე, კატარის საზღვრის კვეთისას მოქმედებს შემდეგი რეგულაციები:

ე.წ. „მწვანე ქვეყნებიდან“ მომავალი მგზავრები: 5 დღიანი კარანტინი და განმეორებითი RT-PCR ტესტი სამედიცინო ცენტრში მე-4 დღეს. ტესტის ნეგატიური პასუხის შემთხვევაში პირი დატოვებს საკარანტინო სივრცეს მე-5 დღეს;

ე.წ. „ყვითელი ქვეყნებიდან“ მომავალი მგზავრები: 7 დღე საკარანტინო ტიპის სასტუმროში, განმეორებითი RT-PCR ტესტი (მგზავრი თავად ანაზღაურებს ტესტის ხარჯს) სასტუმროში მე-6 დღეს. პირი დატოვებს კარანტინს მე-7 დღეს უარყოფითი ტესტის პასუხის შემთხვევაში;

მგზავრები ე.წ. „წითელი ქვეყნებიდან“ დაექვემდებარებიან 10 დღიან სავალდებულო კარანტინს, განმეორებითი PCR ტესტი ჩამოსვლისთანავე, ხოლო მე-9 დღეს თავად ანაზღაურებს PCR ტესტს, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში პირი დატოვებს საკარანტინო სასტუმროს მე-10 დღეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები