,,ოთხას წელიწადში ხმალი იჟანგება, ფედეიდნელი ქართველობა არ დაიჟანგა”

„ქამრანისგან მახსენდება: ,,ოთხას წელიწადში ხმალი იჟანგება, ფედეიდნელი ქართველობა არ დაიჟანგა” , ,,წაიდეთ – მოიდეთ საქართველოში, სიამაყობა არის, ფესვი იქ არი” ,  ,,ვინმე ქართულ ლექსსა იკითხავს, გული-ფესვი ადუღდების”, ,,საქართველო რამე სტკივა, გული დაგიღონდება”…“ – მწერალ ნიაზ ზოსიძის წერილი “ბიჭი ფერეიდნიდან”

„ქამრან(კარლო) მიქელანი ირანის ნაჯაფაბადში ცხოვრობს. ჩემ სახლიდან მის სახლამდე 1965 კილომეტრია. ამ ბიჭის სანახავად და მოსასმენად რომ დამჭირდეს, ფეხითაც გავივლი ამ კილომეტრებს…

400 წლის წინ ბუდეაყრილ კახელთა შთამომავალია ქამრანი… უნიჭიერესი, უგანათლებულესი, ქართულ-სპარსული პოეზიის მცოდნე-მეხოტბე, ქართული სიმღერის, ცეკვის, სადღეგრძელოს, ისტორიის მოტრფიალე…

ქამრანი თავისი ჯანსაღი სიცილით ფერეიდანს აცოცხლებს…

ქამრანს საუბარში მარილიანი ჩართვა უყვარს…

ქამრანს ედარდება საქართველოს სული და სხეული…

ქამრანს ხეხემალგამაგრებულ საქართველოში ცხოვრება სწადია…

ქამრანისგან მახსენდება: ,, ოთხას წელიწადში ხმალი იჟანგება, ფედეიდნელი ქართველობა არ დაიჟანგა” , ,, წაიდეთ- მოიდეთ საქართველოში, სიამაყობა არის, ფესვი იქ არი” ,  ,, ვინმე ქართულ ლექსსა იკითხავს, გული-ფესვი ადუღდების”, ,, საქართველო რამე სტკივა, გული დაგიღონდება”…

კიდევ მახსენდება: ოთხ წლამდე ქართველების უბანში ვიზრდებოდი, მერე სხვა უბანში გადავედით. დედამ მითხრა, სპარსული უნდა ისწავლო, აქ ქართული არ იციანო. კი გამიკვირდა, როგორ შეიძლება ქართული არ იცოდნენ-მეთქი, ბოლოს საკითხი ასე დავაყენე-  ამათ მოუწევთ ქართულის სწავლა -მეთქი. შვიდ წლამდე სპარსულის გაგებაში არ ვიყავ… ხორასნის ერთ – ერთ სკოლაში ორი ქართველი ბავშვი ერთმანეთს წაეჩხუბა, მასწავლებელმა, რა გაჩხუბებთო. ერთმა უპასუხა: ამან ,,იმყატყატმიქონაო”, ე. ი. მიღუტუნებსო. ჩვენთან ფერეიდანში შეღუტუნებაზე იტყვიან: ,,მიყატყატებსო”…

ჩვენი სტუმრობით გულგახალისებული, ხშირად წაულექსებდა. ერთერთი ჩავიწერე:

,,წიმა,წიმა მოიდა,

ხოხანაში ჩაიდა.

აბა ხოხანა?

თაგმა გახრიტა.

აბა თაგი?

ციცამ შეჭამა.

აბა ციცა?

აიდა ხეზე.

აბა ხე?

უსტამ მოსჭრა.

აბა უსტა?

ომრი მეეჭრა! (მოკვდაო ნ. ზ.)

სრულიად საქართველო შემოვლილი აქვს ქამრანს…

კი ვთქვი, მისი ჩანაფიქრი, მიზანი, სურვილი, მისწრაფება საქართველოს უკავშირდება- მეთქი…

…და მეც მომიწევს მის ქორწილში სადღეგრძელოს თქმა…

ნაჯაფაბადიდან რომ გამოგვაცილა, ქამრანის ღუზღუზა თვალების მზერა მიხვრეტდა კეფას…ჭიანჭველები დაბობღავდნენ ზურგზე, ჩემი გულის ბაგაბუგი მესმოდა მაშინ…

ნიაზ ზოსიძე“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები