“ისე გაატარეთ ეს დრო, რომ მალე შევძლო სახლში ჩამოსვლა…” – ემიგრანტი დედის წერილი შვილებს

„მე თქვენი ემიგრანტი დედა ვარ და გთხოვთ, უჩემოდ ისე გაატარეთ ეს დრო, რომ მალე შევძლო სახლში ჩამოსვლამე ამას აუცილებლობის გამო ვაკეთებ და თქვენც გააკეთეთ ის, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ მარტო იმიტომ, რომ მე ცოცხალი და ჯანმრთელი მალე დაგიბრუნდეთ….

მე შორსა ვარ მარტო, სრულიად მარტოო და თქვენთან მინდა!” – ქართველი ემიგრანტი დედის, თეონა ჭანტურიას სულისშემძვრელი წერილი შვილებს.

წერილის შვილებს!

მე შორსა ვარ, ძალიან შორს. მონატრებისგან, დარდისგან, ტკივილისაგან  სიკვდილი კარს რომ მომადგეს ვერ მოვასწრებ თავის დაღწევას და თქვენამდე .მოსვლას… მე შორსა ვარ, მარტო დარჩენილი აუარებელი საქმის წინაშე, რადგან მიზნად დავისახე, რომ წელგამართულებმა იცხოვროთ. მე მარტო ვარ სრულიად განსხვავებული ჯიშისა და კულტურის ხალხთან, იმიტომ რომ სხვა გზა და საშველი ვერ ვნახე, მე მარტო ვარ ოცდაოთხი საათი და მარიონეტივით სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობ, თავს ვიყრუებ და ვიმუნჯებ მიტომ, რომ ბევრი არ გავიგონო და ვილაპარაკო. მე მარტო ვარ და ძალიან შორს ყოველგვარი სიხარულისაგან და ბედნიერებისაგან, არადა ღმერთმა მეც თქვენნაირ ადამიანად შემქმნა, მეც უნდა გამეხარა, მეც უნდა ვყოფილიყავი ბედნიერი… თუმცა მგონი ეს არც არავის ახსოვს ….

მე შორსა ვარ და ვერ შევიგრძნობ ჩვენეულ გაზაფხულს, ვერ ვკრეფ ჩვენს ფერდობებზე გაშლილ ყვავილებს, ვერც  ყვითელ ფოთლებს ვაგროვებ შემოდგომაზე, რომ მერე ლამაზი და სევდიანი ფერთა გამა შევიგრძნო…

მე იმდენად შორს ვარ, რომ ზაფხულში ერთი საათის გატარებაც კი არ შემიძლია თქვენთან ერთად ზღვაზე ან მთაში… აღარც გუნდაობა და ეზოს გახრილვა შემიძლია თოვლისგან ზამთარში, ვერც  შეციებული ჩაგეხუტებით ღამით რომ გავთბე, მე შორსა ვარ და გაღიმებაც არ შემიძლია მაშინ, როცა მინდა და ტირილიც შეუძლებელია როცა მიყურებენ, არადა 24 საათი მათ გვერდით ვარ…

მე ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, თქვენნაირი და მინდა თქვენთან ერთად ცხოვრება, მაგრამ არ შემიძლია….

მე თქვენი ემიგრანტი დედა ვარ და გთხოვთ, უჩემოდ ისე გაატარეთ ეს დრო, რომ მალე შევძლო სახლში ჩამოსვლა მე ამას აუცილებლობის გამო ვაკეთებ და თქვენც გააკეთეთ ის, რაც აუცილებლად უნდა გააკეთოთ მარტო იმიტომ, რომ მე ცოცხალი და ჯანმრთელი მალე დაგიბრუნდეთ….

მე შორსა ვარ მარტო, სრულიად მარტოო და თქვენთან მინდა!

პ.ს და ბოლოს, ვდებ ემიგრანტი ქალის ქანდაკების ფოტოს, რომელიც საბერძნეთშია შექმნილი, მინდა სანამ მსგავსად გავილევი და გავქრები მანამ თქვენამდე მოვიდე!

თეონა ჭანტურია 2021 წელი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები