ავიაკომპანია Eurowings-მა ოპერირება დღეიდან დაიწყო
გერმანულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ოპერირება დაიწყო. GmbH Lufthansa Group-ში შემავალმა ავიაგადამყვანმა პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით დღეს შეასრულა.
საინაუგურაციო ფრენას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მისი მოადგილე, გერმანიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, TAV Georgia-ს და აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი პირები დახვდნენ.
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ფრენები დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე შემდეგი განრიგით განხორციელდება:
- დიუსელდორფი – თბილისი – დიუსელდორფი, 4 ივლისიდან ყოველ კვირას, ხოლო 21 ივლისიდან ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბერი) – ყოველ ოთხშაბათს და კვირას.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 4 ივლისს მიენიჭა.“ – ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტო GCAA-ს განცხადებაში.