თბილისს 7 გამომცემელი, საავტორო უფლებების მენეჯერი და ლიტერატურის აგენტი ეწვევა
6-9 ივლისს, მწერალთა სახლის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მხარდაჭერით, რიგით მე-11 ლიტერატურული ფორუმ – დიალოგი გაიმართება.
ლიტერატურული ფორუმ – დიალოგის მთავარი მიზანია ქართული ლიტერატურის საზღვარგარეთ პოპულარიზაცია, რაც გულისხმობს საერთაშორისო მასშტაბით ქართველი ავტორების ცნობადობის გაზრდასა და მათი ნაწარმოებების საავტორო უფლებების გაყიდვას, ასევე, მთარგმნელობითი პროცესის ხელშეწყობას და ამ გზით ქართული საგამომცემლო სფეროს განვითარებას. წელს, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, თბილისს საფრანგეთიდან და იტალიიდან 7 გამომცემელი, საავტორო უფლებების მენეჯერი და ლიტერატურის აგენტი ეწვევა:
Joachim Schnerf – Éditions Grasset
David Gressot – Actes Sud
Patrizia Chendi – Marsilio Editori
Camille Dumat – Éditions Belfond
Dorothy Aubert – Éditions Belleville
Yves Torres – Les éditions du Typhon
Sophie Langlais – BAM Agency
„მოწვეული უცხოელი გამომცემლებისთვის შემუშავებულია სპეციალური პროგრამა: შეხვედრები ქართველ ავტორებთან, გამომცემლებთან, ლიტერატურის კრიტიკოსებთან, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ვიზიტი ეროვნულ მუზეუმში, კულტურული ტური ძველ თბილისში და სხვა.“ – ნათქვამია მწერალთა სახლის განცხადებაში.
ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის ფარგლებში 2011-2020 წლებში საქართველოს სხვადასხვა ქვეყნიდან საგამომცემლო სფეროს 150-ზე მეტი პროფესიონალი ეწვია, რის შედეგადაც არაერთი საავტორო უფლება გაიყიდა საზღვარგარეთ.
რიგით მე-11 ლიტერატურული ფორუმ-დიალოგის პარტნიორია ფრანგული ინსტიტუტი.