თეონა ეძგვერაძე ევროპის 4 წამყვან უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა
თეონა ეძგვერაძე, სრული დაფინანსებით, ერთდროულად, ევროპის 4 წამყვან უნივერსიტეტში ჩაირიცხა. ეს მისი პირველი წარმატება არ არის. მესამე კურსზე მან ერაზმუს + სტიპენდია მოიპოვა და ერთი სემესტრის განმავლობაში სწავლა გერმანიაში, კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში განაგრძო. სწავლის პარალელურად უნივერსიტეტის ენებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტში გადიოდა სტაჟირებას და ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ივენთების მენეჯმენტის განყოფილებას. „ქართული კვირა“ დაუკავშირდა თეონა ეძგვერაძეს და გაესაუბრა.
-რამდენიმე წლის წინ მიზნად დავისახე, რომ სწავლას მაღალრეიტინგულ ევროპულ უნივერსიტეტში, სრული დაფინანსებით, განვაგრძობდი. გავეცანი ჩემთვის სასურველი უნივერსიტეტებისა და პრესტიჟული სასტიპენდიო პროგრამების მოთხოვნებს. ვიცოდი, რომ ერთეულ სტიპენდიანტთა რიგებში მოხვედრა არ იქნებოდა ადვილი, ამიტომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად გავდიოდი სტაჟირებებს კერძო სექტორსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, ვმონაწილეობდი ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებსა და სამეცნიერო კონფერენციებში. აქამდე მოსასვლელად რამდენიმეთვიანი აპლიკაციების პროცესი, გასაუბრებები უცხოელ პროფესორებთან, გამოცდებისთვის დღეში 5-6 საათი მზადება და ტესტირებები გამოვიარე. თან ეს ყველაფერი სამსახურის, მოხალისეობრივი საქმიანობისა და სხვადასხვა ტრეინინგის თუ ლექციის პარალელურად.
2021 წელს, აპლიკაცია გავაგზავნე ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტში, კოპენჰაგენის ბიზნეს სკოლაში, სტოკჰოლმის უნივერსიტეტსა და ვენის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. ოთხივე მათგანში ჩავირიცხე. ამასთან მოვიპოვე DAAD-ის ორწლიანი სამაგისტრო სტიპენდია, რომელიც ჰუმბოლტის უნივერსიტეტში სწავლასთან დაკავშირებულ ცხოვრების ხარჯებს სრულად დამიფინანსებს, ასევე, მოვიპოვე დანიის მთავრობის სტიპენდია კოპენჰაგენის ბიზნეს სკოლაში სწავლის ძალიან მაღალი გადასახადისა და ცხოვრების ხარჯების 100 პროცენტით დასაფინანსებლად და ამასთან მივიღე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ორწლიანი სასწავლო გრანტი.
-მაგრამ არჩევანი ბერლინის ჰუმბოლტის უნივერსიტეტზე შეაჩერე…
-3 წლის წინ, ბერლინში მოგზაურობის დროს, ვესტუმრე ჰუმბოლტის უნივერსიტეტს, მის ბიბლიოთეკას და გავიცანი მისი სტუდენტები. იმდენად დადებითად განვეწყვე ამ უნივერსიტეტის მიმართ, რომ სხვა გერმანული უნივერსიტეტის შერჩევაზე აღარც კი მიფიქრია. სწავლას განვაგრძობ ეკონომიკისა და მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე, რომელიც აერთიანებს ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების დისციპლინებს და სტუდენტებს ფართო განათლების მიღების საშუალებას აძლევს. რამდენიმე შემოთავაზებული მოდულიდან არჩევანი ფინანსებსა და ბუღალტერიაზე შევაჩერე, რადგან კარიერის გაგრძელებას სწორედ ამ მიმართულებით ვგეგმავ.
-თეონა, როგორც ვხვდები, მომდევნო რამდენიმე წელი უკვე დაგეგმილი გაქვს…
-დიახ, პირველ რიგში, მომდევნო ორი წლის გეგმაა ჰუმბოლტის უნივერსიტეტში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა, რადგან უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობ DAAD-ის მიმართ. იმის გამო, რომ სულ მინდოდა ლექტორობა, დიდი ალბათობით, სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სწავლას განვაგრძობ სადოქტორო პროგრამაზე, მაგრამ, ამასთან, აქტიურად ვიქნები დავკავდები კერძო სექტორში პრაქტიკული საქმიანობით.
-რას ურჩევ იმ სტუდენტებს, რომლებიც სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ გეგმავენ?
-ვურჩევ, რომ მიზანი რამდენიმე წლით ადრე დაისახონ, სწორად შეარჩიონ მათთვის სასურველი უნივერსიტეტები და პროგრამები და გეგმას ნაბიჯ – ნაბიჯ მიყვნენ. დიდი მოტივაციითა და შრომით აუცილებლად მიაღწევენ სასურველ შედეგებს.