ინფორმაცია პოლონეთში წამსვლელი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ
პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, 2021 წლის 24 ივნისიდან იცვლება პოლონეთის საზღვრის კვეთის რეგულაციები, კერძოდ:
- შენგენის ზონის არაწევრი ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები დაექვემდებარებიან 10-დღიან სავალდებულო კარანტინს. გასათვალისწინებელია, რომ მესამე ქვეყანაში გაკეთებული ტესტი არ ათავისუფლებს პირს კარანტინისგან. მოქალაქე ვალდებულია საზღვრის კვეთისას, მესაზღვრეს მიაწოდოს ინფორმაცია საცხოვრებელი მისამართის (სადაც გაივლის თვითიზოლაციას) და საკონტაქტო ტელეფონის შესახებ. საზღვრის კვეთიდან 7 დღის შემდეგ გაკეთებული PCR, ან ანტიგენური ტესტის უარყოფითი პასუხი ამცირებს კარანტინის ხანგრძლივობას. ტესტის პასუხი აუცილებლად უნდა მიეწოდოს პოლონეთის სანიტარულ ინსპექციას.
- კარანტინს არ დაექვემდებარებიან ის მოქალაქეები, რომლებიც საზღვრის კვეთისას წარადგენენ ევროკავშირში ავტორიზებული კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს. გასათვალისწინებელია, რომ სრული ვაქცინაციიდან უნდა იყოს გასული მინიმუმ 14 დღე.
- კარანტინისგან აგრეთვე თავისუფლდებიან 12 წლამდე ბავშვები, თუ ისინი ევროკავშირში ავტორიზებული ვაქცინით აცრილ მშობლებთან ერთად მოგზაურობენ.
„შენგენის ზონიდან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) და ევროპის ეკონომიკური სივრცის (EEA) წევრი ქვეყნიდან შემოსული მგზავრები არ დაექვემდებარებიან კარანტინს:
– თუ წარადგენენ ვიზიტამდე ბოლო 48 საათში ჩატარებული PCR, ან ანტიგენური ტესტის ნეგატიურ პასუხს;
– თუ წარადგენენ ევროკავშირში ავტორიზებული კოვიდვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს. გასათვალისწინებელია, რომ სრული ვაქცინაციიდან უნდა იყოს გასული მინიმუმ 14 დღე.
– კარანტინისგან აგრეთვე თავისუფლდებიან 12 წლამდე ბავშვები, თუ ისინი ევროკავშირში ავტორიზებული ვაქცინით აცრილ მშობლებთან ერთად მოგზაურობენ, ან თუ მშობლები წარადგენენ PCR, ან ანტიგენური ტესტის უარყოფით პასუხს.“ – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.