თერაპიად ქცეული ცეკვა და ელისაბედ კიკნაძის პლასტიკაში გამოხატული ემოციები

 

ელისაბედ კიკნაძე საზოგადოებამ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოებიდან გაიცნო, რომელშიც ულამაზესი გოგონა ორ უმცროს ძმასთან ერთად ქართულ ტრადიციულ ცეკვებს ასრულებდა. ელისაბედი ახლა 18 წლისაა, 7 წლიდან ცეკვავს და სამომავლო პროფესიადაც სწორედ ამ საქმის არჩევა აქვს გადაწყვეტილი. 

კომპლექსების მოსახსნელად თეა დარჩიას სტუდიაში ცეკვაზე მიყვანილი 7 წლის გოგონა, დაუღალავი შრომისა და მიზანდასახულობის შედეგად, ახლა პროფესიონალ მოცეკვავედ იქცა. ცეკვა მისთვის არა მხოლოდ თერაპია, არამედ მთელი ცხოვრების მთავარი საქმე გახდა.  

_ მოგვიყევით თქვენ შესხებ, ვინ არის ელისაბედ კიკნაძე? 

_ ელისაბედ კიკნაძე არის მიზანდასახული, შრომისმოყვარე, პოზიტიური და საკუთარ საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი – რამდენიმე სიტყვით ასე შემიძლია საკუთარი თავის დახასიათება. ცეკვა ჩემს ცხოვრებაში 7 წლის ასაკში შემოვიდა მას შემდეგ დღემდე, 18 წლამდე დღეც კი არ მახსოვს მი გარეშე –  ახლა “სუხიშვილების” სტუდიაში ვცეკვავ, ვვარჯიშობ ყოველდღიურად და ვცდილობ, კიდევ უფრო მეტად განვვითარდე, დავიხვეწო ამ პროფესიაში. 

_ როდის და  რატომ გადაწყვიტეთ, რომ ცეკვაზე სიარული უნდა დაგეწყო? 

_ ცეკვაზე ფსიქოლოგის რჩევით მიმიყვანა დედამ, მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ასაკიდან სცენაზე ვიდექი, მქონდა გარკვეული კომპლექსები, მიჭირდა ურთიერთობების შექმნა, კონტაქტში შესვლა, მეგობრების შეძენა და ა.შ, ჩემს თავში ვიყავი ჩაკეტილი.

დედას ურჩია ფსიქოლოგმა, რომ ცეკვა დამეხმარებოდა ამ კომპლექსების მოხსნაში, მომცემდა თავდაჯერებულობას. გარდა იმისა, რომ სარეპეტიციო სივრცე იქნებოდა ადგილი, სადაც ჩემს თანატოლებთან კომუნიკაციის საშუალება მომეცემოდა, მინდოდა, თავად პროცესითაც მიმეღო სიამოვნება და ისეთი მიმდინარეობა შემერჩია, რომელიც ყველაზე მეტად მომწონდა. 

ძალიან დამაინტერესა თეა დარჩიას ცეკვის სტილმა და მასთან მივედი, სადაც 8 წელი ვიცეკვე და შემდგომ “სუხიშვილების” სტუდიაში გადავედი.  თეა დარჩიასთან ცეკვის პერიოდში მქონდა შეხება როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ცეკვებთან – პირველ ქორეოგრაფს უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოცეკვავისათვის და სულ აღვნიშნავ, რომ ცეკვის ანბანი მე თეამ შემასწავლა. 

_ როგორ დაგეხმარათ ცეკვა კომპლექსების დაძლევაში? 

_ თეას სტუდიაში ცეკვაზე ჩემი მისვლის მთავარ მიზანს მალევე მივაღწიე – გარემომ, მუსიკამ, ადამიანებმა ძალიან გამხსნეს, მომიხსნეს კომპლექსები, შევიძინე ბევრი მეგობარი და მომემატა თავდაჯერებულობის განცდა. გარდა იმისა, რომ უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი ცეკვისგან, დავისახე მიზნები და დავიწყე მუშაობა მათი რეალობად ქცევისათვის – ამ გარემოში საკუთარი თავი ვიპოვე. 

_ რას ნიშნავს თქვენთვის ქართული ცეკვა – რა ღირებულებების მატარებელია?  

_ ქართული ცეკვა ჩემვის ესთეტიკის, პლასტიკისა და ემოციების სინთეზია – ხელოვნების ის სფერო, რომელიც ჩემთვის თერაპია აღმოჩნდა. 

_ალბათ,  მოცეკვავის პროფესია ბევრს სირთულესთანაა კავშირში…

_ რა თქმა უნდა, მოცეკვავის პროფესიის მიღმა უდიდესი შრომა იმალება, რომელიც მხოლოდ სარეპეტიციო დარბაზში ვარჯიშით არ შემოიფარგლება. ვფიქრობ, იყო მოცეკვავე – ეს ცხოვრების წესია, რეჟიმი, გარკვეული რუტინაც, რომელსაც უნდა მოერგო, რომლის გამოც ბევრ რამეზე თქვა უარი და პირველ ადგილზე ყოველთვის ცეკვა დააყენო. ყოფილა შემთხვევები, როცა უარი მითქვამს მეგობრებთან ერთად გართობაზე, დასასვენებლად წასვლაზე, ჩემთვის საინტერესო სხვა საქმის კეთებაზე იმიტომ, რომ უნდა მეცეკვა, მევარჯიშა, ფორმა შემენარჩუნებინა. კარგ მოცეკვავედ ჩამოყალიბება მუდმივი მუშაობის შედეგია და ამ პროცესში გაჩერება დამღუპველი იქნება მოცეკვავისთვის. 

ამ მხრივ საკმაოდ რთული აღმოჩნდა პანდემიის პერიოდი, როცა ფიზიკურად არ გვქონდა საშუალება, დარბაზში და სარეპეტიციო სივრცეში გვევარჯიშა, თუმცა პირადად მე არც ერთი დღე არ გავჩერებულვარ, მუდმივად ვვარჯიშობდი სახლში, ვხვეწდი მოძრაობებს, დეტალებს, რომლებიც ჩემი აზრით იდეალურად არ გამომდიოდა და ვცდილობდი, ეს პერიოდი საკუთარ თავზე ნეტი მუშაობისათვის გამომეყენებინა. 

_ როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი მოცეკვავის პროფესიაში? 

_ მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა გადამწყვეტია – გზა პროფესიონალ მოცეკვავედ ჩამოყალიბებამდე ძალიან რთულია და თუ დაბრკოლებებს შევუშინდით, დავიღალეთ, დავთმეთ, უარი ვთქვით ჩვენს მიზნებზე, ვერასდროს მივალთ იქამდე, რისთვისაც ამდენი გვიშრომია. რა თქმა უნდა, როგოც ნებისმიერ სფეროში, ცეკვაშიც აუცილებელია სიყვარული და მზადყოფნა იმისა, რომ მთელი შენი ცხოვრება დ ემოციები მას მიუძღვნა. 

_ შეგიძლიათ, გაიხსენოთ პირველი ემოცია, რომელიც ცეკვამ მოგანიჭათ? 

_ პირველი რეპეტიცია მახსოვს ყველაზე უკეთ – როცა დედას ვუთხარი, რომ ეს ის იყო, რაც ძალიან მინდოდა, ძალიან მომწონდა და სადაც საკუთარ თავს ვხედავდი. მახსოვს, როგორ მოვიხიბლე პირველივე წუთებიდან და დღემდე ამ ხიბლში ვარ, ცეკვით აღფრთოვანება ჯერაც არ გამნელებია. 

_ როგორ გადმოინაცვლა ცეკვამ ჰობიდან პროფესიაში? 

​_ პატარაობიდანვე ბედნიერებას მანიჭებდა ცეკვა, თუმცა, არ მიფიქრია, რომ ეს გახდებოდა ჩემი ცხოვრების მთავრი საქმიანობა. ყველა ჩემი თანატოლი აბიტურიენტი იყო, ემზადებოდა ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად, ჩემი მიზნები კი თავისთავად დაუკავშირდა ცეკვას. მინდოდა, ისეთი პროფესია ამერჩია, რომელსაც მთელ ჩემს დროს, ენერგიასა და ემოციას დავუთმობდი, რაც გულით მენდომებოდა და ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. 

_ როგორც ვიცი, ცეკვის პარალელურად, ძალიან აქტიური ხართ ინტერნეტსივრცეში… 

_ სოციალურ ქსელი ჩემთვის საზოგადოებისათვის ჩემი ემოციების, აზრების, შეხედულებების, სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდების საშუალებაა. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გავაქტიურდი ინტერნეტ პლატფორმებზე და გადავწყვიტე ამ სივრცეში თავი დამემკვიდრებინა. ვფიქრობ, მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ ამ  ტიპის აქტივობებს, ვიქნები ყოველდღიურად ჩართული და ჩემს მიმდევრებს ბევრ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციას გავუზიარებ. 

_ დასასრულს, მოგვიყევით თქვენი გეგმების შესახებ… 

უახლოეს გეგმებში, რა თქმა უნდა, პროფესიული განვითარებაა, ანსამბლში ცეკვა არასდროს ყოფილა ჩემი თვითმიზანი, მინდა საკუთარი სტილი შევქმნა და ჩემი სიტყვა ვთქვა ამ სფეროში. მომავალში ვფიქრობ სასიამოვნო შემოსავლიანს დავუკავშირო და ცეკვა ბიზნესად ვაქციო. 

მაქვს ბევრი საინტერესო იდეა, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავ, რომლის მისაღწევადაც მუდმივად ვშრომობ და რომლებიც აუცილებლად უნდა გამომივიდეს! 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები