კეკო ჭელიძის ფილმის კიდევ ერთი წარმატება

კინოფესტივალ Al Este ლიმას მთავარ საკონკურსო სექციაში, ეკატერინე (კეკო) ჭელიძის ფილმმა “მკვდარი სულების არდადეგები” ჟიურის სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა.

“პერუდან კარგი ამბები გვაქვს! მადლობას ვუხდით ჟიურის ფილმის გამორჩევისთვის, ხოლო ფესტივალს ჩვენი ნამუშევრის გაზიარებისთვის!“ – ნათქვამია „მკვდარი სულების არდადეგების“ ფეისბუქ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფილმი მოგვითხრობს 90-იან წლებში საქართველოში წარმატებული მუსიკოსის, ლევან სვანიძის ამბავს, რომელიც დღეს ასაკოვან დედასთან ერთად ერთოთახიან ბინაში, თბილისის გარეუბანში ცხოვრობს. მიუხედავად სიდუხჭირისა, ლევანი ოპტიმისტია და თავისებურად ცდილობს დაიმკვიდროს თავი მუსიკალურ სამყაროში და აიწყოს პირადი ცხოვრება.

ფილმის სახელწოდება “მკვდარი სულების არდადეგები” კი ლევანის პირველი მუსიკალური პროექტის სახელი იყო 90-იან წლებში.

ეკატერინე (კეკო) ჭელიძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “მკვდარი სულების არდადეგები” შეიქმნა საქართველოს ეროვნული კინოცენტირს მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები