“ახალი მარნები ჩვენი მომავლის სტრატეგიაა”- ზაზა გრიგალაშვილი
საქართველო უნიკალური რელიეფის მქონე ქვეყანაა, სადაც ყველანაირი ადგილი საინტერესოა ყურძნის მოყვანისათვის. ამიტომაც აღარაა პარადოქსი, რომ ჩვენნაირი მცირე ფართობის მქონე ქვეყანაში ვაზის 500-ზე მეტი ჯიშია იდენტიფიცირებული. მაგალითად, რაჭაში თუ კარგად ხარობს ჯიშები, რომლისგანაც “ხვანჭკარა” მზადდება – ალექსანდროული და მუჯურეთული, კახეთში გვაქვს რქაწითელი, ასევე, ძველი, მაგრამ ახალაღმოჩენილი ჯიშები – ქისი და კახური მწვანე, ქართლში – გორული მწვანე, იმერეთში – ციცქა, ცოლიკაური და ა.შ საქართველოში თითქმის არ არის რეგიონი, რომელსაც საკუთარი ენდემური ჯიში არ გააჩნია. ქვეყანას აქვს უდიდესი რესურსი, ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს მსოფლიო ღვინის ბაზარზე.
რა მდგომარეობაშია ახლა ქართული ღვინის ბაზარი და რა სამომავლო პერსპექტივებზე საუბრის საშუალებას იძლევა არსებული მდგომარეობა – ამ და სხვა კითხვებზე სომელიე, ზაზა გრიგალაშვილი გვპასუხობს.
_ ქართული ღვინის ბაზარი მეტ-ნაკლებად დივერსიფიცირებულია, გადანაწილებულია სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, რა თქმა უნდა ევროპასა და ამერიკაში, სადაც გაყიდვების ზრდის ტენდენციაც შეიმჩნევა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქართული ღვინო ითვისებს ახალ ბაზრებსაც. რა თქმა უნდა, სექტორისათვის ტურიზმის შეჩერება გარკვეული ზიანის მომტანი აღმოჩნდა, როცა ტურიზმის სფეროც დაიწყებს თანდათანობით აღდგენას, რასაკვირველია, ეს ყოველივე მეღვინეობასაც დაეხმარება. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი ვიყოთ წარმატებულები ღვინის ტურიზმში, მათ შორის საინტერესოა ისიც, რომ პანდემია ბევრი გიდისა და სომელიესათვის კვალიფიკაციის ამაღლების კარგი საშუალება აღმოჩნდა. ხალხი მოწყურებულია იმ ურთიერთობას, რაც ღვინოს ახლავს თან, ვფიქრობ, პოსტპანდემიურ პერიოდში ღვინის ტურიზმიც სწრაფად განახლდება.
_ როგორია ტენდენცია, რა ტიპის ღვინოებით ინტერესდება ქართველი მომხმარებელი?
_ სამწუხაროდ, ბევრი ადამიანი არ ინტერესდება ღვინის წარმომავლობით, შემადგენლობით თუ დამზადების ტექნოლოგიით. მაგალითისათვის, ალბათ, მომხმარებლების 90-მა პროცენტმა არ იცის, რომელი ჯიშის ყურძნისგან მზადდება “ტვიში” – ის, რომ ტვიში არა ვაზის ჯიში, არამედ ცოლიკოურის ჯიშის ყურძნისაგან მიღებული სასმელია. თუმცა, თანდათანობით ეს ტენდენცია იცვლება, რაც ძალიან მისასალმებელია, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება ღვინის დაყენების ტექნოლოგიის შესწავლითაც, შესაბამისად, წინა პლანზე მოდიან პატარა მარნები, რაც თავისთავად ზრდის ღვინის ხარისხს.
უფრო და უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება წინაპრების სახლებს, აშენებს ვაზს და იწყებ ღვინის დაყენებას, ჩვენ მივდივართ მასობრივი ღვინოების ტერუარული, ბუტიკური ღვინოებით ჩანაცვლებამდე, რაც ძალიან დადებითად აისახება ღვინის ხარისხზე.
ასევე, იკვეთება სასიამოვნო ტენდენცია, რომ მომხმარებელი არ კმაყოფილდება მხოლოდ მისთვის ნაცნობი, პოპულარული ღვინოებით, არამედ ცდილობს სხვადასხვა რეგიონის ახალი ნიმუშების დაგემოვნებას, რისთვისაც ქართული ღვინის ბაზარი უკვე მზადაა.
_ როგორია ქართული ღვინის ბაზრები და რა ტენდენცია შეიმჩნევა?
_ ქართული ღვინის ბაზარი მუდმივად მზარდია, როგორც რაოდენობრივად, ასევე თანხობრივად. შეიძლება, გაყიდული ბოთლების რაოდენობით რუსეთის ბაზარი კვლავ მოწინავე იყოს, მაგრამ, მაგალითად, ამერიკელი მომხმარებელი გაცილებით მეტ თანხას ხარჯავს ერთ ბოთლ ღვინოში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა რუსულ ბაზარზე გაყიდული ღვინის რაოდენობა გაიზარდოს, გაცილებით მეტი შემოსავლების მიღებაა შესაძლებელი ევროპული ქვეყნებისა და ამერიკის ბაზრიდან. მათ იციან ღვინის ფასი, არიან ღვინის მოყვარულები და სინჯავენ ბაზარზე გამოჩენილ ახალ ნიმუშებს. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ ქართული ღვინო, რასაც შესაბამისი მუშაობა და ქართული ღვინის ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდა სჭირდება.
_ უცხოეთში ხშირია ქართული ღვინის ფალსიფიცირების შემთხვევები, რა უნდა გაკეთდეს ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად?
_ სამწუხაროდ, უცხოურ ბაზრებზე ხშირია ქართული ღვინის ფალსიფიცირების შემთხვევები, დამკავშირებიან უცხოეთიდან ჩემი კოლეგა სომელიიები და მათ მიერ დასახელებული მარნები თუ პიროვნენები აბსოლუტურად უცხო აღმოჩენილა ჩვენთვის. რუსული ბაზრის შემთხვევაში ძალიან მარტივია პროდუქტის ფალსიფიცირება, თუმცა, იმ ქვეყნებში, რომლებიც გაცილებით გემოვნებიანი, კომპეტენტური მომხმარებლებით გამოირჩევა,საკმაოდ მარტივია არაკეთილსინდისიერი მწარმოებლების სააშკარაოზე გამოყვანა. მომხმარებელი თავად არეგულირებს მოთხოვნას პროდუქტზე – ცივილიზებულ ბაზრებზე ფალსიფიცირებულ ღვინოს არანაირი პერსპექტივა არ აქვს. სხვა ბაზრების შემთხვევაში კი ჩვენი მეღვინეობის სექტორი ძალიან დიდ თანხებს კარგავს, მართალია, ძნელია ამ ქვეყნებში საკანონმდებლო დონეზე დაიცვა შენი უფლებები, თუმცა, გარკვეული ტიპის ნაბიჯების ამ მიმართულებით გადადგმა აუცილებელია.
_ შეგვიძლია, თქვათ, რომ ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესება დიდ მარნებზე მეტად, მცირე მეღვინეებზე დამოკიდებული?
_ მცირე და დიდი მარნების ასე ხელაღებით შედარება არ მგონია სწორი იყოს, დიდ მარანს საკუთარი ამოცანები აქვს – ასიათასობით ბოთლი ღვინო უნდა ჩამოასხას, შესაბამისად, სრულად ვერ ელოდება პროცესის ბუნებრივად განვითარებას და ხდება გარკვეული ხელოვნური ჩარევა, რომელიც, ასევე, აბსოლუტურად მიღებული პრაქტიკაა. თუმცა, ჩვენი ყურადღება ან ეტაპზე უფრო მიმართულია მცირე მეღვინის ბუტიკურ ღვინოზე, რომლის ღირებულებაც, შესაძლოა, რამდენიმე ათეულჯერაც კი აღემატებოდეს სტანდარტული ღვინის ფასს.
იკვეთება ძალიან საინტერესო ტენდენცია, რომ პატარა მარნები, რომელთა სახელებიც ფართო საზოგადოებისათვის უცნობია, აწარმოებენ განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ბიოღვინოებს და მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნებს აწვდიან თავიანთ პროდუქციას. მაგალითად, ადგილწარმოების ღვინოდ დაფიქსირდა მარტვილი, სოფელი სალხინო, სადაც განსაკუთრებული ოჯალეში მოდის, რის შესახებაც ძალიან ცოტა ადამიანმა იცოდა აქამდე – ამ ღვინის ღირებულება შეიძლება რამდენიმე ასეული ლარი იყოს, იგი შედარებით მცირე რაოდენობით, თუმცა მაინც იყიდება. ქართველი მომხმარებელიც თანდათანობით ზრდის მოთხოვნას გამორჩეულ ღვინოებზე.
ახალი სახელები ჩვენი მომავლის სტრატეგიაა, რომლისკენაც უნდა წავიდეთ. იქნება ეს ბიოსტილი თუ უბრალოდ კარგი, პატიოსანი მეღვინე, რომელიც კარგ ღვინოს დააყენებს, მას მყიდველი ყოველთვის ეყოლება და არა მხოლოდ უცხოეთში, საქართველოშიც. ქართველი მომხმარებელი მზადაა, ხარისხიან პროდუქტში გადაიხადოს თანხა.
_ როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს საქართველოში მეღვინეობის მეტად განვითარებისათვის ?
_ კვალიფიცირებული მეღვინეების ნაკლებობა არის ის მთავარი გამოწვევა, რომელის წინაშეც ეს სფერო დგას. მეღვინემ სრულად უნდა შეისწავლოს კონკრეტული ადგილის გეოგრაფიული მახასიათებლები, კლიმატი, ქანები, ნიადაგის სტრუქტურა – სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს ჯერ ვაზის, შემდეგ კი ღვინის ხარისხს. რასაკვირველია, არანაკლებ დიდი მნიშვნელობა ღვინის დაყენების ტექნიკას ენიჭება. ქართულ ღვინოს, სწორი მიდგომების შემთხვევაში, აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, სერიოზული კონკურენცია გაუწიოს და ცნობილი უცხოური ღვინოების გვერდით დაიკავოს ადგილი.