“ნეტავ ვინ იყო ის პირველი ემიგრანტი ქალი, რომელმაც ამ მდუმარე ომში ჩაგვრთო”- ემიგრანტის წერილი

იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, თეონა ჭანტურია, “ქართული კვირის” მკითხველს წერილს უგზავნის: 

ახლა, როცა ყოველგვარ ხმაურს მოწყვეტილი ინტერნეტის დაჭერას ვცდილობ ეზო-ეზო, მეგობრებსა ახლობლებს ვერც ვირტუალურად და მით უმეტეს, ვერ რეალურად ვერ ვეხმიანები. დავრჩი მარტო ამ ორ თვითნება მოხუცთან, უთვალავ საქმესთან და მაღალ ჰავასთან ერთად და ასეთი კითხვა გამიჩნდა – ვინ იყო ის პირველი ქალი ემიგრანტი, რომელმაც გამოსავალი ემიგრაციაში ყოფნით იპოვა, რომელმაც საკუთარი მე მსხვერპლად გაწირა და მერე ჩვენ ყველანი დღემდე ცხვრებივით მივდევთ?! იშვიათადაა ემიგრანტი თავისუფალი, მე პირადად მხოლოდ ვსუნთქავ ჩემს წილ ჰაერს, რადგან უხილავია და არ იხდიან არაფერს ჰაერში, თორემ ალბათ მაგასაც ვერ შევძლებდი თავისუფლად.

ნეტავ, არ შეიძლება გავიგოთ, ვინ იყო ის, ვინც ამ მდუმარე ომში ჩაგვრთო?! ჯერ თავად ჩაერთო და მერე ჩვენ ჩაგვრთო… მხოლოდ ესაა, წასვლა და დატოვება შეგვიძლია ნებაყოფლობით, თუმცა მალე ვერა, რადგან მალე დაბრუნებულს გეშინია, სულელი არ დაგიძახონ.

ახლა ირგვლივ ისეთი სილამაზეა, სილამაზეც შემძულდა, მყუდროებაცა და ბუნებაც…ინტერნეტი მხოლოდ სამზარეულოს ფანჯარასთან იჭერს, ისიც სულ ორ ხაზს. უთენია აქ ვზივარ ბაცცი კუკუსავით და ვაწკაპუნებ თითებს კლავიატურაზე. სიცოცხლის ხაზი ესაა აქ მხოლოდ ჩემი, სხვა არაფერი ….

ყავას გავიმზადებ, იმასაც ჩუმად, რომ არ გაიღვიძონ მოხუცებმა და დღის ქაოსი არ დაიწყოს ადრიანად….

ალბათ, სახლში როცა წავალ, ემიგრანტის ცხოვრებას ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე დავწერ და უსათუოდ ყველას მისაწვდომად დავბეჭდავ, მესიჯს დავაწვდი ყველა ქართველ ქალს იმისას, რომ არავინ არასოდეს არაფრის ფასად არ უნდა დატოვოს საკუთარი ოჯახი…

აუცილებლად რაღაც უნდა შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში…უსათუოდ უნდა შეიცვალოს …

გრილა, შემცივდა, წერასაც ვწყვეტ… არ მინდა გავცივდე, რადგან ერთი წამოხველებაც კი ამათთვის კორონას ნიშანია და მეშინია სამსახური არ დამატოვებინონ …

ნეტა მართლა ვინ იყო ის პირველი ემიგრანტი, ჰა?! 

თეონა ჭანტურია

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები