”მოსიარულე ანგელოზი” – ლექსო ბაბუ მოწამეთას მონასტრიდან 

“ეს საყვარელი მოხუცი 2018 წლის მაისში გავიცანი მოწამეთაში,  როცა ეზო გავიარე და კიბის ნაწილს მივადექი ეტლით, რომელსაც ვერაფრით ავივლიდი, ანგელოზივით დამხვდა კიბის გვერდით ჩამომჯდარი თითქოს იცოდა, რომ მივიდოდი და მელოდა ჩემი ანგელოზი.

უცებ რაღაც დიდი რკინის ნაჭერი აიღო, ჩემს ეტლს წინ დაუდო, გაიქცა და მომაძახა “ბაბუ, მოიცა, მეორეც აქ მაქვს, მეორეს ახლავე მოვიტანო”. და ამ საოცარმა ადამიანმა წამში გამიკეთა პანდუსი.  ამ დღის მერე დავიწყე ბაბუზე ამბების გარკვევა და გავარკვიე – ლექსო ბაბუ დევნილია აფხაზეთიდან და დიდი ხანი ლტოლვითა დასახლებაში ცხოვრობდა. ომიანობის პერიოდში უამრავი ადამიანს დაეხმარა,  ამბობენ, ბევრი დაჭრილი გადაარჩინა და ბევრ უპატრონო მიცვალებულს უპატრონაო ლექსო ბაბუ დიდი ხანია მოწყალებას ითხოვს. თანხას რასაც აგროვებს, ლტოლვილთა დასახლებაში რამდენიმე ძალიან გაჭირვებული ოჯახი ჰყავს, სულ მათ ეხმარება, მათ უნაწილებს… საღამოს შეგროვებული თანხით საკვებს ყიდულობს და ოჯახებში არიგებს ხოლო ის ცხვრები, ქათმები, საკვები, სამოსი და ყველა შემოწირულობა, რასაც მას ჩუქნიან მოწამეთის მონასტერში, წყალწითელის პანსიონატში მიაქვს და მოხუცებს და ავადმყოფებს უტოვებს.

დღის მანძილზე დადის ყველა უძლურებაში მყოფ ადამიანთან ვისაც იცნობს ზოგთან წამლები მიაქვს, ზოგთან პური, ზოგთან საკვები ისიც მითხრეს ნაცნობებმა გარე მოვაჭრეებსაც ეხმარება პერიოდულადო. ქუთაისში თბილისის ქუჩაზე ახალი ეკლესია აშენდა, ამ ეკლესიის კურთხევაზე და გახსნაზე უამრავი სასულიერო პირი იყო, სხვადასხვა ეპარქიიდან იყვნენ ჩამოსულები ბერები და იქ იყო ლექსოც, თავისთვის იჯდა განცალკევებით. ხოდა მოვიდა ერთი ბერი და რომ გადმოვიდა მანქანიდან და დაინახა ლექსო, ეგრევე პირდაპირ მისკენ გაემართა და ლექსოს, ეუბნება ჩამეხუტე ბიძა კაცოოო… ლექსომ ცოტა უკან დაიხია და მამაო ბინძური ვარ, ვერ ჩაგეხუტებიო. ერთი წამით გაჩუმდა ბერი და თვალი მოავლო ირგვლივ შეკრებილ ხალხს და ლექსოს ეუბნება, შენზე სუფთა არავინ არაა ბაბუ აქო, გადაეხვია და მაგრად ჩაიკრა გულში.

პ.ს ადრე, ერთი ძალიან ჭკვიანი ადამიანის პოსტი წავიკითხე, სადაც წერდა: “გაჭირვებაში ანგელოზები ადამიანების სახით მოდიან ჩვენთანო” ლექსო ბაბუს გაცნობის და მასზე მოსმენილი ამბების მერე დავრწმუნდი რომ ლექსო, ხორცშესხმული ანგელოზია, რომელიც ღმერთმა გაჭივრებული ადამიანების დასახმარებლად გამოუშვა დედამიწაზე. ”

ფოტო: ბექა ჩხიკვაძე

Nesi Adzinba

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები