„ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“- 28 მაისს თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი გაიმართება

28 მაისს 12 საათზე თბილისში დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ ფორუმი -„ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ გაიხსნება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, საზღვარგარეთ მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელმძღვანელები, უცხოეთში სხვადასხვა სფეროში მოღვაწე თანამემამულეები, საქართველოს მთავრობის წევრები, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების, ბიზნესის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

დიასპორის დღე, ტრადიციულად, ყოველ წელს თბილისში, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ერთად, დიასპორის ფორუმის თუ სხვა კულტურულ-საზოგადოებრივი ღონისძიებების სახით, 27-28 მაისს იმართება და საუკეთესო საშუალებაა უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებთან თანამშრომლობის გაღრმავების, მათი სახელმწიფო ინსტიტუტებთან დაკავშირების, დიასპორული ორგანიზაციების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და დიასპორის მიმართ განხორციელებული სახელმწიფო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიღწევებზე მსჯელობისათვის. პანდემიით გამოწვეული გარემოებების გათვალისწინებით, ღონისძიების მნიშვნელობიდან გამომდინარე, წელს,  დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი – „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ ონლაინ რეჟიმში, ვებინარის ფორმატში ჩატარდება.

ფორუმის ოფიციალური გახსნითი ნაწილის დასრულების შემდეგ, თანამიმდევრულ რეჟიმში გაიმართება ორი თემატური შეხვედრა: „ეკონომიკა და ბიზნესი – ქართული დიასპორა ქვეყნის განვითარებისათვის“ და „განათლება და კულტურა“. თემატურ ჯგუფებში მომხსენებლები წარმოადგენენ თავიანთ ხედვას და გაუზიარებენ პროფესიულ ცოდნას და გამოცდილებას ფორუმის მონაწილეებს. თემატურ ჯგუფებში დისკუსიის დროს, მონაწილეებს, დროის გარკვეული რეგლამენტის ფარგლებში, მიეცემათ შესაძლებლობა ისაუბრონ დიასპორული ორგანიზაციის წინაშე პანდემიით გამოწვეულ საჭიროებებსა და სირთულეებზე, რათა ერთობლივად განხორციელდეს არსებული პრობლემების გადაჭრის ეფექტური რეკომენდაციების შემუშავება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები