ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსს ევროპა ნოსტრას პრიზი გადაეცა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემოქმედებითი ევროპის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო – ევროპა ნოსტრას პრიზი ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამას ერგო.
ევროკომისიისა და ორგანიზაცია ევროპა ნოსტრას კონკურსში საქართველოდან წარდგენილ სანომინაციო განაცხადი ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა სხვა 8 ნომინანტთან ერთად, რომლებიც კონსერვაციის კატეგორიაში სამაგალითო მიღწევებად დასახელდა.
2021 წელს ევროპის წამყვანი ჯილდო 7 სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცა 18 ევროპული ქვეყნის 24 პროექტს.
„2021 წლის გამარჯვებულები ონლაინ ღონისძიებაზე ინოვაციის, კვლევის, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით ევროკომისარმა მარია გაბრიელმა და ევროპა ნოსტრას აღმასრულებელმა პრეზიდენტმა ჰერმან პარცინგერმა დაასახელეს. დაჯილდოების გამარჯვებულები მემკვიდრეობის ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიურისა და 30 ქვეყნის ორგანიზაციისა და ინდივიდუალური პირების ხმების საფუძველზე გამოვლინდნენ.
26 მაისიდან მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნების მემკვიდრეობის მხარდამჭერ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გამარჯვებული პროექტებიდან ხმის მიცემით გამოავლინონ „საზოგადოების რჩეულის“ ჯილდოს მფლობელი. ამ პრიზის ლაურეატი ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოების ცერემონიაზე ოქტომბერში დასახელდება. აღნიშნულ თვეს გამოვლინდებიან ნომინაციების გრან პრის მფლობელებიც, რომლებიც ფულადი პრიზის სახით 10000 ევროს მიიღებენ.“ – ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის მშენებლობა XII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო მეფე გიორგი III- მ და დაასრულა მისმა ქალიშვილმა, თამარ მეფემ. კომპლექსი გაშენებულია კლდის გასწვრივ, გადაჭიმულია 50 მეტრის სიმაღლეზე და დაახლოებით 800 მეტრი სიგრძეზე. ის შედგება რამდენიმე ასეული დამოუკიდებელი სათავსისაგან. XII საუკუნით დათარიღებული ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიის კედლის მხატვრობა ამ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული და მნიშვნელოვანი ნიმუშია. კომპლექსი 1993 წლიდან შეტანილია მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაში.
ევროკავშირის კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო – ევროპა ნოსტრას ჯილდო დაარსდა 2002 წელს ევროკომისიის მიერ რომელსაც განახორციელებს ევროპა ნოსტრა ევროკავშირის პროგრამის შემოქმედებითი ევროპის მხარდაჭერით.