ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა სომხეთის ეროვნულ უმცირესობათა კულტურის ცენტრში შეხვედრა გამართეს

23 მაისს, სომხეთის ეროვნულ უმცირესობათა კულტურის ცეტრში საინტერესო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც პანდემიის პერიოდში ქართული სათვისტომო „ივერიის“ საქმიანობა, სიახლეები და ივერიის წევრების მიღწევები იქნა განხილული. შეხვედრას ესწრებოდა სომხეთში საქართველოს ელჩის მეუღლე ქალბატონი ეკა ბაქრაძე. ივერიელებს და სტუმარს მიესალმა ქართული სათვისტომო ,,ივერიის“ პრეზიდენტი სვეტლანა ნამჩევაძე. მან ისაუბრა მსოფლიო პანდემიის პირობებში სათვისტომოსა და საკვირაო სკოლის პრობლემების შესახებ. საკვირაო სკოლის დირექტორმა ლიანა სამადალაშვილმა ხაზი გაუსვა საკვირაო სკოლის შეუფერხებელ მუშაობას.
ქართული სათვისტომოს ვიცე-პრეზიდენტმა, ნინო სპანდერაშვილმა მუდამ სასურველ სტუმარს სიამოვნებით წარმოუდგინა დედაენის დღის კონკურსისათვის საკვირაო სკოლის მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრები. ქალბატონი ეკა აღაფრთოვანა გაუწაფავი ხელით, მაგრამ დიდი გულმოდგინებით გამოყვანილმა ქართულმა ჩუქურთმიანმა ასოებმა. სხვადასხვა ასაკის (ყველაზე უმცროსი 4 წლისაა) მოსწავლეების ნამუშევრებს თან შესაბამისი ნახატები ერთვის: ,,აი ია“, ქართული დროშა, „დედა“ ფუძის შემცველი სიტყვების სვეტი, ქართული ეკლესია, დედაენისადმი მიძღვნილი ლექსები წიგნის სახით და სხვ.
ნინო სპანდერაშვილმა „ივერიელებსა“ და ძვირფას სტუმარს წარუდგინა ახლადგამოცემული (საქართველოდან ახლახან ჩამოტანილი) წიგნები, რომლებშიც მისი ლექსები და თარგმანებია შესული. ალექსანდრე ელერდაშვილის ხელმძღვანელობით ქართულ ენაზე გამოცემული კრებულები: „თურქული პოეზიის ანთოლოგია“, ათაულ ბეჰრამოღლუს „რჩეული ლირიკა“, ფრანჩესკო პეტრარკას „100 სონეტი“, მთარგმნელთა კოლეგიის წევრების პოეზია- პოეტური ალმანახი „წვიმის ელეგია“.
ნინო სპანდერაშვილმა და ლიანა სამადალაშვილმა მონაწილეობა მიიღეს წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) გაზეთ “ივერიის“ყოველწლიურ ლიტერატურულ კონკურსში “პრემია-ივერია”და დაჯილდოვდნენ ნომინაციებში ,,საუკეთესო ემიგრანტული პროზა“ და „წლის გამორჩეული პროზა“.
სათვისტომოს წევრ გაგიკ ნაზარიანის მიერ გადაღებულმა ფოტოებმა და ვიდეორგოლებმა სიგელები დაიმსახურა ლიტერატურულ-მუსიკალური სალონი „ლიტერა-დო“-ს (დამაარსებელი და ხელმძღვანელი სანდრა ვერელი) მიერ ონლაინ რეჟიმში ორგანიზებულ საერთაშორისო ART-ფესტივალებში: “შემოდგომის კოლეიდოსკოპი”, „ზამთრის ზღაპრები“, „საგაზაფხულო ოცნებები“.
ამავე ფესტივალებზე საუკეთესოდ სცნეს ნინო სპანდერაშვილის ლექსები და თარგმანები (მთარგმნელები ანა ჰარუთიუნიანი და სანდრა ვერელი) რუსულ ენაზე.
შეხვედრაზე ერთხმად აღინიშნა, რომ თითოეული „ივერიელი“ აქტიურად მონაწილეობს ქართულ-სომხური მეგობრობის გაღრმავებაში.
.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები