“სიყვარულზე შეყვარებული ბიჭი” – დღეს ლევან აბაშიძის დაბადების დღეა

გასული საუკუნის 90-იან წლებში ბათუმში ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა, როცა ერთ-ერთმა მსახიობმა გადასაღები მოედანი დატოვა და თბილისში წამოვიდა. რამდენიმე საათში მან თბილისიც დატოვა და ალბათ, შუადღე იქნებოდა გადასული, როცა სოხუმში ჩაფრინდა. იმავე დღეს, პოზიციაზე დადგა სხვა მებრძოლებთან ერთად. მეორე დღეს ბრძოლის ველზე სულხან სულხანიშვილთან, გიორგი გაჩეჩილაძესთან და გია ნადირაშვილთან ერთად გავიდა. მათგან მხოლოდ გიორგი გადარჩა ცოცხალი. 

“მე წინაპრებიდან ვარ”- ეგზიუპერის ეს გამონათქვამი  სავსებით მიესადაგება ლევან აბაშიძეს. იგი იყო ერეკლე მეფის პირდაპირი შთამომავალი თეკლა ბატონიშვილის შტოდან, ვახტანგ ორბელიანისა და კიტა აბაშიძის შვილიშვილი, ვირსალაძეების შემოქმედებითი მემკვიდრე, სამოციანელთა თაობის ულამაზესი წყვილის – მანანა ხიდაშელისა და აგი აბაშიძის ვაჟი… ჯიში, ინტელიგენტობა, ნიჭი და სილამაზე თავისი წინაპრებისგან მოსდგამდა და აგრეთვე ტრაგიკული ბედიც… მას წილად ხვდა თავისი პაპის – საქართველოს თავისუფლებისათვის მებრძოლი 25 წლის გია აბაშიძის იღბალი, რომელიც ბოლშევიკებმა  1924 წელს დახვრიტეს.

თავისი ცხოვრების მანძილზე ლევანმა 18 ფილმში მიიღო მონაწილეობა, აქედან 3 დაუსრულებელი დარჩა. რეჟისორები აღნიშნავდნენ, რომ მისი თავისუფალი და ორიგინალური სტილის გამო, ის ყველაზე ნატურალური მსახიობი იყო. 

“საოცარი ინტუიცია მაქვს. ომი რომ დაიწყო, შეშლილივით ვიყავი, მეგონა, რომ ლევანი ფრონტზე წავიდა. მივედი კინოსტუდიაში, გავიგე, რომ ნამდვილად გადაღებებზე იყო ბათუმში და დავმშვიდდი. იმხანად სამ ფილმში იღებდნენ ერთდროულად, მაგრამ ვიცოდი, შინ არ გაჩერდებოდა. 4 სექტემბერს ბათუმიდან ჩამოვიდა და გამომიცხადა:

“დედა, მე მივდივარ სოხუმში!” გავშეშდი… იქ ვინც იბრძვის, იმათ დედები არ ჰყავთო? – მკითხა. ვერაფერი ვუპასუხე, ვიცოდი, ჩემი პროტესტი უშედეგო და უადგილო იქნებოდა. ჯერ მისი მეგობრები – გია ნადირაშვილი, გიორგი გაჩეჩილაძე და სულხან სულხანიშვილი (სუხია) წავიდნენ სოხუმში, მერე – ლევანიც… ოთხი მეგობრიდან მხოლოდ გიორგი გაჩეჩილაძე გადარჩა. ახლაც არ ვიცი, რა მოხდა ზემო ეშერაში. მგონი, ნაღმი აფეთქდა… ლევანი გულმხურვალე ქართველი იყო, სჯეროდა, რომ სამშობლოსთვის იბრძოდა, მაგრამ ავანტიურას შეეწირა… გიო მგელაძემ იმ წელს დაასრულა ფილმი” “არა, მეგობარო!” ეს ლევანის ბოლო ფილმია…” – ამონარიდი  ლევან აბაშიძის დედის, მანანა ხიდაშელის ინტერვიუდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები