ზაზა გახელაძის შვილებს დათა პაპას სახელობის სტიპენდია დაენიშნათ
ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმი“ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემოჭალაში ოკუპირებულ ცხინვალში დატყვევებული ზაზა გახელაძის ოჯახს ესტუმრა. ზაზა გახელაძის შვილებს, 11 წლის ანანოსა და 9 წლის მარიამს დათა პაპას სახელობის სტიპენდია დაენიშნათ.
„გიორგის სტუმრობა ჩვენი ოჯახისთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მის შესახებ ანანოს და მარიამს მანამდეც ჰქონდათ გაგონილი. სამი წლის წინათ გიორგიმ ჩვენს სოფელში ბიბლიოთეკა გახსნა. ვიცოდით, რომ გვერდში უდგას ყველას და განსაკუთრებით პატარებს ეხმარება. ბავშვები მთელი დღეა დასტრიალებენ წიგნებს და სერთიფიკატს. ეს დღე ყველაზე ბედნიერი დღეა მათთვის. სტიპენდიაც ძალიან დიდი სტიმულია, რომ მეტი ისწავლონ, მეტი გაიგონ, თუნდაც სკოლის გაკვეთილების გარდა. ბევრი ვიფიქრე, როგორ გამომეხატა მადლიერება გიორგის და ფონდის წარმომადგენელი ქალბატონების მიმართ. მადლობა, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ“, – ამბობს ზაზა გახელაძის მეუღლე ირმა გახელაძე.