აღდგომის ორშაბათის ტრადიცია შუა საუკუნეების საქართველოში – ამბავი მოგზაურთა ჩანაწერებიდან

საუკუნეების განმავლობაში საქართველოს მრავალი უცხოელი მოგზაური ეწვია. მოგზაურთა უმეტესი ნაწილი დაჯილდოებულია დაკვირვების უნარით და საინტერესოდ აღგვიწერენ ქართველების ცხოვრების წესსა და ზნე-ჩვეულებებს. მათ შემოგვინახეს ბევრი ისეთი დეტალი, რომლებიც, სხვა მხრივ, ჩვენთვის დაკარგული იქნებოდა. ბუნებრივია, მათ ჩანაწერებში იკვეთება ნეგატიური მოსაზრებებიც, რაც ასევე საყურადღებოა. ევროპელი მოგზაურებისა და მისიონერების თვალით დანახული საქართველო ხშირად ახალ ჭრილში წარმოგვიდგება. მოგზაურთა ჩანაწერები სახალხო დღესასწაულებისა და ტრადიციების შესახებ ბევრ საინტერესო და უცნობ დეტალს მოგვითხრობს, ერთ-ერთი ასეთი ამბავი ბრწყინვალე შვიდეულის პირველი დღის, ე.წ. აღდგომის ორშაბათის აღნიშვნის ტრადიციაა.

ძველი უცხოელი მოგზაურები თბილისის ...

დღემდე აღდგომის მომდევნო ორშაბათს მართლმადიდებლები მიცვალებულთა ხსენების დღეს აღნიშნავენ და როგორც წესი, საფლავებზე გასვლით შემოიფარგლებიან. თუმცა, XV-XVII საუკუნეებში რიტუალი გაცილებით მეტი დეტალისაგან შედგებოდა: 

“საქართველოში აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს დღესასწაულობენ მიცვალებულთა დღეს. დილაადრიან ის, ვისაც ამ წელს ვინმე გარდაეცვალა, რამდენიმე ახლობელ ნათესავთან ერთად მიდის საფლავზე, თან მიჰყავს კრავი და არა რომელიმე სხვა ცხოველი, რომელიც უნდა აკურთხონ და შესწირონ. საფლავთან ფეხზე მდგომი მღვდელი აკურთხებს მას, იტყვის რამდენიმე ლოცვას, სწრაფად გამოსჭრის კრავს ყელს და სისხლს მიცვალებულის სულის საცხონებლად საფლავზე დააქცევს… დაკლავენ რა კრავს, თავსა და ფეხებს აძლევენ მღვდელს, ხოლო დანარჩენი სახლში მოაქვთ შესაწვავად.

რა იყო ადრე თბილისის ბოტანიკური ...

სადილობის დროს ან ცოტა მოგვიანებით ყველანი ეკლესიაში მიდიან და თან ურიკაზე დადებული, ლხინისათვის საჭირო, საჭმელ-სასმელი მიაქვთ. მათ სუფრაზე რომ წარმოდგენა ვიქონიოთ, საჭიროა მოვიხსენიოთ ქვაბი ღომით, კვერცხგადასმული ხაჭაპურით სავსე კალათა, სხვადასხვა ფერის მოხარშული კვერცხები, ყველი, ხორცი, რომელიც მეორე კალათშია, და ორი დიდი დოქით ღვინო. ყოველივე ამას დებენ საფლავზე. მღვდელი აკურთხებს მას და იღებს თავის წილ კვერცხებს, ყველსა და პურს. ჩვეულებად აქვთ, აგრეთვე, მღვდლისათვის, ოჯახის სახელით, რამდენიმე არშინი ტილოს ან ერთი-ორი პერანგის ჩუქება. ისინი, ვისაც ნათესავი ამ წელიწადში გარდაეცვალა, განსაკუთრებით გულუხვობენ და აუცილებლად ასაჩუქრებენ მღვდელს ამგვარი ნივთებით.

გია ბუღაძე - ფიროსმანი ☆ ვანგოგენი

შემდეგ ყველა მიდის მინდორში, რომელიც ეკლესიის წინაა, იყოფიან ორ ჯგუფად და თითოეული ჯგუფი ცალკე სუფრასთან ჯდება. მღვდელი ცალკე სუფრასთან ზის. ჭამის დაწყებამდე იგი ხმამაღლა აკურთხებს სუფრას. შემდეგ ერთიმეორეს მოიკითხავენ, საჭმელ-სასმელს გზავნიან ერთი სუფრიდან მეორეზე. ლხინის დასასრულს ერთი ჯგუფი დგება სუფრიდან, სიმღერით მიდის და ესალმება მეორეს, რომელიც მას პასუხობს და უგზავნის საჭმელ-სასმელს. შემდეგ მეორე სუფრიდან წამოდგებიან და ესალმებიან პირველს და მეორდება იგივე ცერემონიალი. საღამოს ერთი უბნის ქალები შეღამებამდე ერთად ცეკვავენ და მღერიან თავიანთებურად. შემდეგ ახსენებენ უფალს და მიდიან თავიანთ სახლებში.”

 

 

 

წყარო: წიგნი „საქართველო უცხოელთა თვალით (XV-XVII სს.)“ – სერიიდან „თან საკითხავი“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები