ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოში საერთაშორისო ინფლუენსერებს უმასპინძლებს

 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და სამოგზაურო პლატფორმა Steller-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა მოაწერეს, ხოლო აშშ-დან დოკუმენტს ხელი დისტანციურად Steller-ის თანადამფუძნებელმა პიტერ ბრაიანტმა მოაწერა.
მემორანდუმის მიხედვით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით საერთაშორისო პლატფორმა Steller საქართველოში პროექტ „Digital Day in the Life of Georgia“-ს მოაწყობს
26 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით საქართველოში პროექტი „ციფრული დღეები საქართველოში“ გაიმართება და Facebook-ის, Instagram-ის და სხვა სოციალური ქსელების წამყვანი ბლოგერებისა და ინფლუენსერებისთვის პრეს-ტური გაიმართება. ჯამში საქართველოს 20-მდე ბლოგერი ეწვევა.
Steller-მა მსგავსი კამპანია 2019 წელს ირლანდიაში გამართა, შედეგად სოციალურ ქსელებში 72 მილიონი ნახვა და რეაქცია მიიღო.
”Digital Day in the Life of Georgia” ფარგლებში ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში იმოგზაურებენ. პრეს-ტურის მონაწილეები სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციას გაუწევენ საქართველოს სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს. პროექტის ფარგლებში სოციალურ ქსელებში ასობით ისტორია მომზადდება საქართველოს, როგორც ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ტურისტული მიმართულების, მიმზიდველი ადგილებისა და ხალხის შესახებ. შექმნილი მედია პროდუქტი სოციალურ ქსელებთან ერთად ტურიზმის ადმინისტრაციისა და Steller-ის ვებ გვერდებზე აიტვირთება.
პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტების მოზიდვას და ქვეყნის ტურისტული ცნობადობის გაზრდას, როგორც აშშ-ში, ასევე ევროპის ქვეყნებში.
 „მსოფლიოში წამყვანი პლატფორმა Steller-ის და სხვადასხვა სოციალური ქსელების ინფლუენსერები მაისში საქართველოს ეწვევიან. USAID-თან თანამშრომლობა ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. USAID ჩართულია უშუალოდ Steller-ის და ინფლუენსერების საქართველოში ვიზიტის განხორციელებაში. დღეს ჩვენ ვართ ეპოქაში, როდესაც ციფრული მარკეტინგი მნიშვნელოვანი ხერხია საქართველოს ტურიზმის პოპულარიზაციისთვის, ინფლუენსერებს განსაკუთრებული როლი ენიჭებათ, რადგან ისინი უშუალოდ ტურისტული პროდუქტის მომხმარებლები არიან.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა.
 „ჩვენს ინფლუენსერებს მთელ მსოფლიოში აშშ-ში, ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში მილიონობით მიმდევარი ჰყავთ სოციალურ ქსელებში, ჩვენ გვჯერა, რომ ისინი სწორ დროს და სწორ სამიზნე აუდიოტრიას საქართველოს შესახებ მოუყვებიან ამბებს, რაც პოსტკოვიდურ რეალობაში ხელს შეუწყობს ტურიტების რაოდენობის ზრდას საქართველოში.“-აცხადებს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელი მარკ მაკკორდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები