აკაკი ცენტერაძე აჭარაში ტაეკვონდოს ფუძემდებელი, წარსულში ცნობილი სპორტსმენი, საქართველოს მრავალგზის და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილეა, მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ტაეკვონდოს მწვრთელის რანგში. ის საქართველოს ტაეკვონდოს ახალგზარდების და ჭაბუკების ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი და აჭარაში ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მისი რეგალიებისა და დამსახურებების ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია. დღეს აკაკი ცენტერაძე მოღვაწეობას აშშ-ში, ნიუ ჯერსის ერთ-ერთ კლუბში აგრძელებს და წინ დიდი გეგმები აქვს. 4 თვეა რაც საქართველო დატოვა.
ტაეკვონდო აღმოსავლურ ორთაბრძოლებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა, კორეული სახეობაა. ის სულ უფრო პოპულარული ხდება მსოფლიოში. დღესდღეობით, ტაეკვონდო 123-ზე მეტ ქვეყანაში ისწავლება და მილიონობით მიმდევარი ჰყავს. მათ შორის არის საქართველოც. აკაკის უდიდესი წვლილი მიუძღვის აჭარაში სპორტის ამ სახეობის დაფუძნებაში, განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ახალგაზრდა სპორტსმენმა ეს დიდი ენთუზიაზმით და სიყვარულით შეძლო.
წარმატებული აღმოჩნდა მისი სამწვრთნელო კარიერაც. პატარა სპორტსმენების სწორი აღზრდით და დაოსტატებით შედეგებს მალევე მიაღწია. ევროპის სამი მედალისა და ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვება მისი დამსახურებით შეძლეს.
2019 წელს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტრომ აკაკი ცენტერაძეს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიანიჭა – აჭარაში ტაეკვონდოს, როგორც სპორტის ახალი სახეობის შემოტანის და დამკვიდრებისთვის, მისი პოპულარიზაციისთვის, მოზარდი თაობის სწორად აღზრდისთვის, საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი სპორტსმენების მონაწილეობისა და წარმატებებისთვის. 2014-2020 წლებში აკაკი ხელმძღვანელობდა საქართველოს ჭაბუკთა და ახალგაზრდულ ნაკრებებს. 2013-2014 წლებში საქართველოს ტაეკვონდოს ეროვნულმა ფედერაციამ ის წლის საუკეთესო მწვრთნელად აღიარა, არაერთგზის დასახელდა წლის საუკეთესო მწვრთნელთა შორის აჭარის მასშტაბითაც.
იქიდან გამომდინარე, რომ სპორტის ეს სახეობა ნაკლებ ცნობილი და განვითარებულია აშშ-ში, მისი სურვილია წვლილი შეიტანოს მის განვითარება-პოპულარიზაციაში და საკუთარი გამოცდილებით გაზარდოს მომავალი თაობა ამერიკაში, გაუზიაროს მათ დაგროვილი ცოდნა.
,,მთავარია, სწორად დაისახო მიზანი და მისკენ ყოველდღე, ახალი ნაბიჯი გადადგა“ – ამბობს ინტერვიუს ბოლოს აკაკი და საკუთარ ოცნებებს გვიზიარებს.
ნახეთ მისი ისტორია ვიდეობლოგ ,,მედიატორის” რუბრიკაში ,,ემიგრანტული ამბები“.
პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"