მასკარონები – სახეები ძველი თბილისის ფასადებიდან
მასკარონები, ადამიანის სახის ან ცხოველის თავის გამოსახულებანი, უკანა მხრიდან ჩამოჭრილი და ბრტყელ ფუძეზე მიდგმული სკულპტურული მოსართავებია, რომლებითაც უხვად არის გაფორმებული ძველი თბილისის სახლების ფასადები. სკულპტურულ-ორნამენტულიდეკორის ეს სახეობა განსაკუთრებულ იერს აძლევს თბილისის არქიტექტურას.
მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედი ის პერიოდია, როცა აქტიურად შენდება თბილისი, როცა გამდიდრებულ ახალ კლასს ყურში ჩაესმის ვასილ ბარნოვის ერთ-ერთი მოთხრობის პერსონაჟის ვნებით სავსე სიტყვები:„აამოძრავეთ კაპიტალი! უძრავად დებული ფული ლოდია უნაყოფო“… და ეს ამოძრავებული კაპიტალი აშენებს ახალ, ევროპულ თბილისს, აშენებს ევროპის დედაქალაქების მიბაძვით.
ხელოვნებათმცოდნე ირინა ძუცოვა: “ქალაქის ბურჟუაზია, „გააზნაურებული მდაბიო“ ცდილობდა თავი მოეწონებინა სიმდიდრით, არ ჩამორჩენოდა ევროპას. ეს განსაკუთრებით წარმოჩნდა არქიტექტურაში, ცალკეული სახლების დეკორატიულ მორთულობაში. ნაგებობის ხის დეტალებს აჩუქურთმებდნენ, ღობეებისა და აივნების ცხაურებს ამკობდნენ დიდებული ორნამენტებით, კედლებს ფარავდნენ ფერწერით, ხოლო ფასადებს მასკარონებით და სხვა სკულპტურულ-ორნამენტული დეტალებით. ფულიანი მოქალაქე ცდილობდა ყურადღება მიეპყრო და ბაძავდა არისტოკრატთა სახლების მდიდრულ იერს“.
ძველი თბილისის საფასადო ქანდაკებების ნაწილი შენობების რეკონსტრუქციას შეეწირა, ნაწილი შენობებთან ერთად განადგურდა (საბანკო თეატრი), ნაწილი, სიძველის გამო ახლაც საფრთხის ქვეშაა.
არადა მასკარონებსა და სხვა საფასადო ფიგურებს ისევე უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ, როგორც ძველი თბილისის მხატვრული იერის შემქმნელ სხვა გამოსახულებებს, მისი სულიერი და კულტურული ცხოვრების, ყოფის, მცხოვრებთა გემოვნების მაჩვენებლებს. ეს ნაწარმოებები ხომ ჩვენს დღევანდელობაში ისტორიიდან გადმოსული ცოცხალი მატიანის ნიმუშებია, რომლებსაც გადარჩენა და დაფიქსირება სჭირდება.
თბილისური ფოლორცი - ჯიმშერ რეხვიაშვილი მზია საგანელიძის ფოტოები