წელს საფოსტო მარკა დანტე ალიგიერის პორტრეტით გამოიცემა
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივითა და საქართველოს ფოსტის მხარდაჭერით, მიმდინარე წელს გამოიცემა საფოსტო მარკა დანტე ალიგიერის პორტრეტით.
დანტე ალიგიერის შემოქმედება არაერთი ქართველი ბელეტრისტის, პოეტის, მეცნიერის შემოქმედებითი ინსპირაციის წყაროდ იქცა. იტალიელი პოეტი ქართველი მხატვრების შემოქმედებით მუზადაც იქცა. სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, სერგო ქობულაძის მიერ შესრულებულ დანტე ალიგიერის პორტრეტს, 1956 წელს, იტალიაში, ვენეციის ბიენალეზე დიდი წარმატება ხვდა წილად და საუკეთესოთა შორის დასახელდა.
საფოსტო მარკაზე სწორედ სერგო ქობულაძის მიერ შესრულებული პოეტის გრაფიკული გამოსახულება იქნება აღბეჭდილი.
მარკა „საქართველოს ფოსტის“ 81 სერვის–ცენტრში გაიყიდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.