საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღე ავსტრალიაში გამოფენით აღინიშნა
2021 წლის 23 აპრილს, ავსტრალიის ქალაქს კანბერაში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და მიღება გაიმართა.
ღონისძიება ავსტრალიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით განხორციელდა და მას ავსტრალიის სახელმწიფო სტრუქტურების, აკადემიური და ბიზნეს წრეების, კანბერაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები, ასევე, თანამემამულეები ესწრებოდნენ.
სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, გიორგი დოლიძემ, რომელმაც ისაუბრა 1991 წლის მოვლენებზე – 31 მარტს ჩატარებულ ისტორიულ რეფერენდუმზე, რომლის დროსაც ქართველმა ხალხმა ეროვნული დამოუკიდებლობის გამოკვეთილი სურვილი დააფიქსირა და 9 აპრილს, უზენაესი საბჭოს მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე, რითაც ქვეყანა საბჭოთა კავშირის 70 წლიანი მმართველობისგან გათავისუფლდა.
გამოფენის გახსნის ცერემონიალის შემდეგ, დამსწრე საზოგადოებას ქართული ღვინის დაგემოვნების საშუალება მიეცა.