თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის ფარგლებში გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ გაიხსნა
თბილისის მერიისა და იუნესკოს პროექტის „თბილისი – წიგნის მსოფლიოს დედაქალაქი“ ფარგლებში საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენა „ქართული წიგნის სათავეები“ გაიხსნა.
გამოფენა ორნაწილიანია და ხელნაწერთა ცენტრის საცავებში დაცულ მნიშვნელოვან მასალას აერთიანებს.
გამოფენის პირველი ნაწილი წარმოაჩენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებს, როგორც ქართული წიგნის ისტორიის სათავეს. მათ შორისაა: პირველი წერილობითი ფრაგმენტები (V-VIII საუკუნეების პალიმფსესტები), პირველი თარგმანები, ლიტერატურული თხზულებები, მედიცინის, იურისპრუდენციის, ასტროლოგიის, ქიმიის, ფიზიკის, გეოგრაფია-კარტოგრაფიისა თუ ენციკლოპედიური ხასიათის ნააზრევის ამსახველი უნიკალური ხელნაწერები. გამოფენის ამ ნაწილში, ასევე, წარმოდგენილი იქნება ზომითა და ფორმით გამორჩეული ხელნაწერი წიგნებიც.
გამოფენის მეორე ნაწილი – „შეხვედრა კლასიკოსებთან – ავტოგრაფების სამყაროში“ წარმოგვიდგენს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში დაცულ, კლასიკური ნაწარმოებების ავტოგრაფებს. მათ შორისაა: იოანე შავთელის, ჩახრუხაძის, მოსე ხონელის, თეიმურაზ I, არჩილის, თეიმურაზ II, სულხან-საბა ორბელიანის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, დავით გურამიშვილის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ვაჟა ფშაველასა და გრიგოლ რობაქიძის ნაწარმოებების ხელნაწერები.
გამოფენა 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. დათვალიერების მსურველებისათვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია.
ჯგუფური ექსკურსიები გაიმართება ყოველდღე, 11:00 და 15:00 საათზე. 13:00 საათზე კი, გაიმართება ონლაინ ექსკურსიები.