“თქვენ თუ ემიგრანტების უფლებებს იცავთ, როგორმე მოაგვარეთ საქმე ისე, რომ თავად არ არღვევდეთ მათ უფლებებს” – ემიგრანტის წერილი 

იტალიაში სამუშაოდ მყოფი ქართველები, მათ შორის ის ადამიანები, რომლებმაც მოხუცები ყველაზე მძიმე და რთულ პერიოდში არ მიატოვეს, არალეგალები აღარ იქნებიან – ეს დაპირება ე.წ “სანატორიაზე” ემიგრანტებმა ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღეს, თუმცა, იტალიაში ლეგალურად ყოფნის უფლება დღემდე არ მიუღიათ გაწელილი ბიუროკრატიული პროცესებისა და გულგრილობის გამო. სწორედ მსგავსი შემთხვევების შესახებ წერს იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი, ლელა ლაჩაშვილი და საშუამავლო კომპანიებს მეტი გულისხმიერებისაკენ მოუწოდებს. 

მინდა ერთ საკითხზე ვისაუბრო, რომელიც, როგორც ჩანს, უკვე მასიურ სახეს იღებს ემიგრანტების ყოველდღიურ ცხოვრებაში და უნდა ითქვას. სანატორია 2020, რომელმაც ასე გაგვახარა ერთი წლის წინ, გადაულახავ ბარიერად ექცა ემიგრანტს. არ მოვყვები იმაზე მსჯელობას, რომ გართულებულმა ეპიდემიამ უამრავი მიზეზით ხელი შეუშალა საბუთების დროულ და თანამიმდევრულ დასრულებას, კიდევ ის,რომ იტალიაში ბიუროკრატია აუღებელი ციხესიმაგრეა ზოგადად.

დღეს მინდა კიდევ ერთ პრობლემაზე ვისაუბრო და ვიცი ბევრის გულისწყრომას გამოიწვევს ეს თემა და ბევრს კიდევ სალბუნად დაედება. ვიცით, რომ თავის დროზე ემიგრანტებმა საბუთების გადასაგზავნად მიმართეს, პატრონატოებს სადაც იტალიელ ადვოკატებთან ერთად (ან შემდგომი თანამშრომლობით) პასუხისმგებლები უნდა ყოფილიყვნენ ამა თუ იმ ემიგრანტის საბუთებზე ვიდრე პერმესოს არ დაიჭერდნენ ხელში . რა თქმა უნდა, ემიგრანტებმა ამ მომსახურებაში გადაიხადეს თანხა და დღეს მე იმაზე არ ვისაუბრებ რამდენი გადაიხადეს და რამდენად ლოიალურები იყვნენ თანამემამულეებთან მიმართებაში, ემიგრანტების უფლებებზე მომუშავე ოფისები ეს კიდევ სხვა თემაა (თუმცა ესეც სათქმელია) საქმე იმაში გახლავთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ყოველდღე მხვდებიან ატირებული ქალები ქუჩაში ტრანსპორტში, ამა თუ იმ პატრონატოების ოფისების გრძელ რიგებში, ტირიან ქალები და წუწუნებენ იმაზე, რომ ამ ვითარებაში, როცა ძლივს ახერხებენ ქალაქიდან ქალაქში გადაადგილებას, სარგებლობენ კვირაში ერთი დასვენების დღით და ზოგი ამითაც არა. მთელი დღე რიგში უწევთ დგომა იმისათვის,რომ გადაამოწმებინონ ოფისებში, მათ სახელზე აპუნტამენტო ხომ არაა დანიშნული ან ინფორმაცია მეილზე შემოსული. თავიდან ვფიქრობდი, რომ რა საჭიროა ასე შეიწუხო თავი ეს ოფისები ხომ ემიგრანტების უფლებებზე მუშაობენ და თუ საჭირო იქნა თავად დაუკავშირდებიან, მითუმეტეს ფული გადახდილი აქვთ და რატომ დატოვებენ უყურადღებოდთქო. მერე გაირკვა, რომ ერთს “აპუნტამენტო” დანიშნული ჰქონდა და ოფისის წარმომადგენელმა ერთი თვის მერე გახსნა იმეილი და ნახა მესიჯი კვესტურიდან თუ პრეფექტურიდან, ისიც პატრონის დაჟინებული მოთხოვნით. აგერ მეორის მისამართი გაიგზავნა შეცდომით ერთხელ კი არა მრავალჯერ და თავისივე შეცდომის გამოსწორებაში კიდევ თავიდან გადაახდევინეს თანხა ქალბატონს. დგანან ეს ისედაც გაჭირვებული ემიგრანტები უაზრო რიგებში და ხშირ შემთხვევაში უკან ბრუნდებიან ისე ,რომ ინფორმაციის მოპოვებას ვერ ახერხებენ. მიუკეტავენ ცხვირწინ კარებს, მიღება დამთავრებულიაო. მე ამ ხალხისაც მინდა გავიგო, მესმის რომ ზოგი ტყუილად ღელავს და ათას გადაღეჭილ წვრილმანზე გაკითხავთ და დრო არ რჩება საპასუხო,  მაგრამ თქვენ თუ ემიგრანტების უფლებებს იცავთ, როგორმე მოაგვარეთ საქმე ისე, რომ თავად არ არღვევდეთ მათ უფლებებს. და კიდევ არ მგონია სინდისიერი საქმე იყოს საკუთარი შეცდომის გამოსწორებაში ხელახლა გადაახდევინოთ ფული იმათ, ვინც ისედაც ბევრი გაიღეს იმის გამო, რომ დამქირავებელს არ სურდა გადაეხადა თავისი გადასახდელი თანხა . არ მინდა ვინმემ ისე გაიგოს, რომ ვერჩი და ვმტრობ, პრობლემა არსებობს და რახან არსებობს, ვიღაცამ უნდა ამოიღოს ხმა. იმედს ვიტოვებ მათი მხრიდან იქნება მზაობა, გამოასწორონ ის ხარვეზები, რაც თრგუნავს და პანიკაში აგდებს ისედაც დაუცველობის კომპლექსაკიდებულ ემიგრანტს.” 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები