იტალიის ტერიტორიაზე შესვლის ახალი რეგულაციები ამოქმედდა

იტალიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, იტალიის ტერიტორიაზე შესვლის ახალი რეგულაციები ამოქმედდა.

გაცნობებთ, რომ  გამოქვეყნდა იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ახალი განკარგულება იტალიის ტერიტორიაზე შესვლისა და იტალიიდან გამგზავრების თაობაზე, რომლის თანახმად:

პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტის n.20 დანართის “C“, “D“ და “E“ ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ექვემდებარებიან იტალიის ტერიტორიაზე შესვლამდე 48 საათის განმავლობაში ჩატარებულ PCR ან ანტიგენურ სავალდებულო ტესტირებას. ტესტის პასუხი თვითმფრინავში ჩასხდომის მომენტში უნდა წარედგინოს გადამზიდავს, ან შესაბამისი კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილ პირებს;

პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან n.20 დანართის “D“ და “E“ ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ექვემდებარებიან 10 დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (აქამდე არსებული 14 დღიანი თვითზიოლაციის ნაცვლად) და აღნიშნული პერიოდის დასრულების შემდეგ PCR ან ანტიგენურ ტესტირებას.

პირები, რომლებიც იტალიის ტერიტორიაზე შედიან n.20 დანართის “B”, “C”, “D“ და “E“ ჩამონათვალში მითითებული ქვეყნებიდან (მათ შორის, საქართველოდან), ვალდებულნი არიან შეავსონ ელექტრონული ფორმულარი.

უცვლელი რჩება მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის 2021 წლის 2 მარტის დეკრეტით განსაზღვრული სხვა წესები. მათ შორის ‘’E’’ ჩამონათვალში არსებული ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, იტალიის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ კონკრეტული მიზეზების გამო, როგორიცაა:

  • სამუშაო;
  • ჯანმრთელობა;
  • სწავლა;
  • აბსოლუტური გადაუდებელი აუცილებლობა;
  • სახლში (რეგისტრაციის ადგილას) დაბრუნება.

ტურიზმისთვის მოგზაურობა ჯერჯერობით ისევ აკრძალულია.

იტალიის ტერიტორიაზე შესვლასა და იტალიიდან გამგზავრების წესებთან დაკავშირებული ზოგადი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.esteri.it/…/focus-cittadini-italiani-in

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები