არტთერაპია – ის, რაც თანამედროვე ადამიანის სულსა და გულს სჭირდება

რა არის არტთერაპია, როგორ მოქმედებს ის ადამიანებზე, ვის სჭირდება კურსის გავლა და რა შემთხვეევაშია ხელოვნებით მკურნალობა ყველაზე ეფექტური? გულიკო ხატიაშვილია ვიდეობლოგის სტუმარი. ის გახლავთ არტთერაპევტი, ფსიქოკონსულტანტი, ბიზნესქოუჩი, განათლების ბიზნესქოუჩი და სამოტივაციო სპიკერი.

“არტთერაპია” ხელოვნებით მკურნალობას ნიშნავს და აქცენტი თავად შემოქმედებითი პროცესის თერაპიულ ეფექტზე კეთდება. ფსიქოლოგები სულ უფრო ხშირად მიმართავენ მას.

,,არტთერაპიისას ხდება ადამიანის დიაგნოსტირება, ტრავმების, პრობლემების კორექცია. ასევე ხელოვნების გზით თვითშეფასების ამაღლებასა და პოზიტიური განცდების შექმნაში ვეხმარებით ხალხს. მისი გამოყენება ძალიან ეფექტურია ყველა მდგომარეობის დროს, იქნება ფობიები, დეპრესია, ნევროზი, ყოველდღიური სტრესი…

ხშირად ადამიანმა არც კი იცის რა რესურსებია მასში და სწორედ ამის გაცნობიერებასა და აღმოჩენაში ეხმარება ხელოვნებით თერაპია. ქოუჩინგის მიმართულებითაც ვმუშაობ და ასეთ შემთხვევაში ხდება გარე რესურსების მოძიება, მიზნების დასახვა და დროში გაწერა.

მოგეხსენებათ, ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს არტთერაპია. პირველად აუცილებელია კლიენტის კარგად გაცნობა, შესწავლა, სანამ გადაწყვეტ მასთან რა ინსტრუმენტებით იმუშაო. თუ არ სიამოვნებს ადამიანს ხატვა და შენ სთხოვ დახატოს, ან ზერწვა არ უყვარდა ბავშვობაში და აიძულებ ახლა გამოძერწოს, არაფერი გამოვა. თუ სწორად მოხდება კლიენტთან შესაბამისი აქტივობების განხორციელება, ვაღწევთ საოცარ შედეგს. ნდობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა – როდესაც შენი სჯერა და მოგყვება. მნიშვნელოვანია მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდეს, თავიდანვე გათბეს კონტაქტი და შემდეგ თავისით, მარტივად მიდის თერაპიის პროცესი.

ხელოვნებით თერაპია სჭირდება ყველას. თანამედროვე ადამიანები თითქოს მანქანებს დავემსგავსეთ, დაპროგრამებულები ვცხოვრობთ, ის კი სულს გვიფაქიზებს. ჩვენში მიძინებულს აცოცხლებს და თითქოს ბავშვობაში გვაბრუნებს. ძალიან საინტერესო პროცესია ჩემთვისაც. როდესაც ადამიანი ,,გიკაკუნებს“ კარზე, ესეიგი მას სჭირდები, ეს გაძლიერებს და ენერგიით გავსებს. ვმუშაობ დისტანციურადაც, უცხოეთში მყოფ ადამიანებსაც სიამოვნებით ვეხმარები. სესიები მიმდინარეობს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. დღეს ბარიერს მანძილი ნამდვილად აღარ ქმნის. ნებისმიერი კუთხიდან შეუძლიათ ისარგებლონ არტთერაპიული და ქოუჩინგური მომსახურებით.“ – ამბობს ,,ქართულ კვირასთან“ საუბარში გულიკო ხატიაშვილი. ნახეთ ინტერვიუ ვიდეობლოგში.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები