,,ნაწერხატები“- როგორ ქნის გერმანიაში მოღვაწე ხელოვანი ქართული ანბანით ნახატებს

ხატია პოპი 17 წელია გერმანიაში ცხოვრობს. ის დიპლომით რეჟისორია, ამჟამინდელი პროფესიით მენეჯერი, სინამდვილეში კი მხატვარი… მთელი ცხოვრებაა ხატავს. თავის ნამუშევრებს, სამშობლოს მონატრებაში დახატულ ნახატებს ,,ნაწერხატებს“ უწოდებს, რადგან მათ ქართული ანბანით ქმნის.

,,ერთხელ ხატვის დროს, როცა ბერლინში წვიმდა, გამახსენდა ლექსი, უფრო სწორედ კი ეს სტროფი ამეკვიატა:

         “როცა თბილისში წვიმს, მე ჩემს ბათუმში ვარ.

           ბათუმი არის წვიმა, და არაფერი სხვა.  (ავტ. ვახტანგ ღლონტი)

იმის შიშით, რომ ისევ არ გამქრალიყო გონებიდან, ისევ რომ არ დამვიწყებოდა, სადაც ვხატავდი იქვე ჩავწერე… ასე გაჩნდნენ “ნაწერხატები”, სადაც ნაწერიც არის და ნახატიც… ვხატავ ქართული ანბანით…თუ ვწერ… უფრო ვეფერები. ასე ვიხსენებ, არ ვივიწყებ, არ ველევი…ადამიანი ყოველთვის იხსენებს წარსულს, უკვე რაღაც მომხდარს, განვლილს. განსაკუთრებით მაშინ თუ შორს ხარ ამ მოგონებებთან… შორს იმ ადამიანებისგან რომლებთან ერთადაც ქმნიდი შენს წარსულს. შორს მეგობრებისგან, მშობლებისგან, სამშობლოსგან. ებღაუჭები წარსულს იმის შიშით რომ, თუ რაღაც დაგავიწყდა, რაღაც გაქრა… ასე გაქრება შენი მოგონება, შენი წარსული… ბავშვობა… ანუ გაქრები შენც! ამიტომ ყოველ გახსენებულ სტრიქონს, სტროფს თუ მოგონებას მე ჩემებურად ვებღაუჭები… ჩემივე ნახატებში ვწერ…”

ხატია ცოტა ხნის წინ, გერმანიის რესპუბლიკაში ფონდის “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთ უფლებამოსილ წარმომადგენლად დაინიშნა. როგორ იქნება მისი ,,ნაწერხატები“ და რა გეგმები აქვს ემიგრანტ ხელოვანს დიასპორასთან კავშირში, ნახეთ ვიდეობლოგში ,,ემიგრანტული ამბები“.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები