,,ნაწერხატები“- როგორ ქნის გერმანიაში მოღვაწე ხელოვანი ქართული ანბანით ნახატებს

ხატია პოპი 17 წელია გერმანიაში ცხოვრობს. ის დიპლომით რეჟისორია, ამჟამინდელი პროფესიით მენეჯერი, სინამდვილეში კი მხატვარი… მთელი ცხოვრებაა ხატავს. თავის ნამუშევრებს, სამშობლოს მონატრებაში დახატულ ნახატებს ,,ნაწერხატებს“ უწოდებს, რადგან მათ ქართული ანბანით ქმნის.

ხატია ცოტა ხნის წინ, გერმანიის რესპუბლიკაში ფონდის “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” ერთ-ერთ უფლებამოსილ წარმომადგენლად დაინიშნა. როგორ იქნება მისი ,,ნაწერხატები“ და რა გეგმები აქვს ემიგრანტ ხელოვანს დიასპორასთან კავშირში, ნახეთ ვიდეობლოგში ,,ემიგრანტული ამბები“.

,,ერთხელ ხატვის დროს, როცა ბერლინში წვიმდა, გამახსენდა ლექსი, უფრო სწორედ კი ეს სტროფი ამეკვიატა:

         “როცა თბილისში წვიმს, მე ჩემს ბათუმში ვარ.

           ბათუმი არის წვიმა, და არაფერი სხვა.  (ავტ. ვახტანგ ღლონტი)

იმის შიშით, რომ ისევ არ გამქრალიყო გონებიდან, ისევ რომ არ დამვიწყებოდა, სადაც ვხატავდი იქვე ჩავწერე… ასე გაჩნდნენ “ნაწერხატები”, სადაც ნაწერიც არის და ნახატიც… ვხატავ ქართული ანბანით…თუ ვწერ… უფრო ვეფერები. ასე ვიხსენებ, არ ვივიწყებ, არ ველევი…ადამიანი ყოველთვის იხსენებს წარსულს, უკვე რაღაც მომხდარს, განვლილს. განსაკუთრებით მაშინ თუ შორს ხარ ამ მოგონებებთან… შორს იმ ადამიანებისგან რომლებთან ერთადაც ქმნიდი შენს წარსულს. შორს მეგობრებისგან, მშობლებისგან… სამშობლოსგან. ებღაუჭები წარსულს იმის შიშით რომ, თუ რაღაც დაგავიწყდა, რაღაც გაქრა… ასე გაქრება შენი მოგონება, შენი წარსული… ბავშვობა… ანუ გაქრები შენც! ამიტომ ყოველ გახსენებულ სტრიქონს, სტროფს თუ მოგონებას მე ჩემებურად ვებღაუჭები… ჩემივე ნახატებში ვწერ.

და ამ წერისა თუ ხატვის პროცესი ყველაზე ძალიან მიყვარს. თვითონ პროცესი იმდენად მიტაცებს, რომ არ ვფიქრობ შედეგზე. ამიტომ მე თვითონაც ველოდები ხოლმე და მიკვირს დასრულებული შედეგის დანახვა. ზოგი ნაწერხატი იქმნება დიდი ხნის განმავლობაში. როცა ქაღალდზე ვხატავ მაშინ განსაკუთრებით. დასრულების შემდეგ, მე თვითონ ვხედავ რა განწყობა მქონდა ხატვის რაღაც მონაკვეთში. სად მიხაროდა… სად მწყინდა… ვხატავ ყველგან, ყველგან სადაც შემიძლია. ხატვისთვის განწყობა არ მჭირდება. თავიდან ვფიქრობდი, რომ არც გარემო მჭირდებოდა ამისთვის, რადგან ვხატავ მეგობართან ყავის დალევის დროს…ფილმის ყურებისას, მუსიკის მოსმენისას, მარტო ყოფნისას… მატარებელში…თვითმფრინავში… მერე მივხვდი, რომ სწორედ ამ ხატვის პროცესით ვიქმნიდი ჩემს სივრცეს. ჩემს მიკრო, დაზოლილ, დახლართულ, დაორნამენტებულ, “ნაწერხატიან” სამყაროს.

17 წელია რაც ბერლინში ვცხოვრობ. არ ვამბობ სიტყვას – ემიგრანტს. არ მიყვარს ეს სიტყვა. რატომ უნდა ვიგრძნო თავი ემიგრანტად? სხვა პლანეტიდან ხომ არა ვარ?

ჩვენ ხომ ყველანი დედამიწელები ვართ!

… მიუხედავად ყველაფრისა დიდი გამოწვევა იყო საქართველოდან წამოსვლა. ეს იყო ,,კომფორტის ზონიდან” გამოსვლა. ტოვებ ყველას და ყველაფერს და მიდიხარ შორს… მაგრამ ეს სირთულე იყო ასევე შანსი, შანსი რომ საკუთარი თავი თავიდან მეპოვა. რაღაც ახალი დამეწყო.

მე მიყვარს ეს ქალაქი. ბერლინი არის: ფერადი ტემპი!

ამ ქალაქმა ბევრი რამ მასწავლა.

თავისუფლება!

კიდევ ის რომ, თუ რაღაც გინდა, უნდა ადგე და გააკეთო. ჰოდა გავაკეთე ის, რომ ჩემი წილი სამშობლო ვიპოვე უცხო ქვეყანაში, “დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის” დახმარებით. მე გავხდი ამ კეთილი, დიდი ოჯახის წევრი. მე ვარ “დიასპორელი”. მე ვარ ქართველი… ვარ შვილი, და, მეუღლე, დედა. დიპოლომით-რეჟისორი, პროფესიით-მენეჯერი. სინამდვილეში კი ვარ Khati Pop-ი, და მე თქვენ ყველანი, ძალიან, ძალიან მიყვარხართ“.

პროექტის პარტნიორია სამშენებლო კომპანია "მეტი დეველოპმენტი"

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები