ფიროსმანისა და ვაჟა-ფშაველას შეხვედრა თბილისში

“ფიროსმანის გაჭირვებულ ცხოვრებას მხოლოდ იშვიათი შეხვედრები ალამაზებდა. ერთი ასეთი შეხვედრის შესახებ ვასილ ჩაჩანიძის მოგონებებიდან ვიგებთ:

„1914 წლის ზაფხული იყო. ერთ დღეს ჩვენთან მოვიდა ივანე აბაევი სახელოსნოში, მამაჩემს, ჩემს ძმებს – გიორგის, ნიკოს, დავითს – და მე გვთხოვა ავსულიყავით სახელოსნოს თავზე მდებარე მის ბინაში, „ვაჟა-ფშაველას გაგაცნობთო“, გვითხრა ყველას.

ჩვენ დაუყოვნებლივ გავემართეთ მეორე სართულისკენ. შევედით ოთახში. მაგიდას უჯდა გახუნებულ, დაკერებულ შავ ჩოხაში და ქალამნებში გამოწყობილი კაცი. ეს კაცი ალბათ ვაჟას მოსამსახურე იქნება მეთქი, გავიფიქრე გულში და მეორე ოთახისაკენ ვიცქირებოდი, სადაც მეგულებოდა იგი.

ივანე აბაევი მომიბრუნდა და მითხრა, „ვასო, მიდი, ხელი ჩამოართვი, ეს არის მთის პოეტი, ვაჟა-ფშაველას რომ ეძახიანო“. უეცრად შევკრთი, ვაჟას სახელი გაგონილი მქონდა და წარმოდგენილი მყავდა მდიდრულად მორთულ-მოკაზმულ ადამიანად. ასე ღარიბად ჩაცმული რომ დავინახე გამიკვირდა და დავიმორცხვე, მაშინ ჩემთან მოვიდა ივანეს მეუღლე ნინი, მომკიდა ხელი და მიმიყვანა პოეტთან.

– რა გვარი ხარ, ბალღო? – მკითხა ვაჟამ.

– ჩაჩანიძე გახლავართ. – ვუპასუხე მე.

– მთის ხალხის გვარი გქონია და რატომ მორცხვობ? – ამ სიტყვებმა ცოტა წამათამამა.

მალე პურ-მარილი გაიმართა. მასპინძელი მხიარულობდა, ვაჟაც მხიარულად იყო. ივანემ ფანდური გადმოიღო და ვაჟას მიაწოდა. ვაჟამ სიმები აუწყო და ფშაურად დაამღერა, ქართველ გმირ მეომრებზე.

სწორედ იმ ხანებში ივანე აბაევს დაქირავებული ჰყავდა მუშები, რომლებიც სასტუმროს კედლებსა და კარ-ფანჯრებს ღებავდნენ. ესენი იყვნენ მღებავი მიხაკა (მიხეილ ღრუბლაძე) და მხატვარი „ნიკალა“ (ნიკო ფიროსმანაშვილი). ნიკომ ივანეს სასტუმროს აბრა მოხატა, მიხაკას და ნიკოს სამუშაო დაემთავრებინათ და ხელფასისთვის მიაკითხეს ივანეს. საღებავებიანი ვედროები და ფუნჯები ორივეს ხელში ეჭირათ და კარებში იდგნენ.

– მობრძანდით, სტუმარი ღვთისაა. – უთხრა ივანემ და ოთახში მიიწვია.

– კარგი ხელოსნები ჩანან, წეღან ვნახე, თავაუღბლივ და მუყაითად მუშაობდნენ ორივენი. – თქვა ვაჟამ და მიხაკასა და ნიკო ფიროსმანაშვილს მიუბრუნდა, – სად ისწავლეთ ხელობა. სადაურები ხართ? – ჰკითხა ვაჟამ ორივეს.

– მე კახეთიდან ვარ, ჩემი მეგობარი კი თბილისელია, – უპასუხა ნიკომ.

– შენც თბილისელი არა ხარ? – წამოიწყო მიხაკამ. – თუმცა ეტაჟიანი სახლები არცერთს არა გვაქვს, მაგრამ მაინც თბილისელები ვართ ორივენი. ამან მარტო მალარობა კი არ იცის, – განაგრძო მიხაკამ – ეს მხატვარია, ისეთ რამეს დახატავს ხოლმე, რომ კაცს ნამდვილი ცოცხალი ეგონება. მამულოვის დუქანი, „ჩაშკას ტრახტირი“, ძმები ძიბუაშვილების, დანიელას, „ბედნი ლადოს“ და ბევრ სხვა ადგილებში, საცა კედლებზე დახატული სურათებია, სულ ამის მადლიანი ხელით არის დახატული. ამას ბევრი რამეები აქვს დახატული. აი, ჩემი ბიჭისთვის საჩუქრად ფუნიკულიორი დახატა. – მიხაკამ ვედროდან დაძველებული ქაღალდი ამოიღო, გაშლა და ვაჟას მიაწოდა.

ვაჟამ გამოართვა, დაათვალიერა, ძლიერ მოეწონა ფიროსმანის ნახატი და წარმოთქვა:

– შე კაი კაცო, ოქროს ნიჭი ჰქონია და ოქროს ხელი, რაღა მალარობას მისდევ?

– მა, რითა ჭამოს პური? სად არის ხატვის მუშტარი, შიმშილს მალარობა არა სჯობია? – უპასუხა ნაღვლიანმა მიხაკამ.

– ეჰ, ჩემო ძმაო, გატყობთ ნასწავლი კაცი ბრძანდებით, მაგრამ სხვებივით რატომ კარგად არ გაცვია და ჩინ-მედლები არ გკიდია, რათ გაცვია გახუნებული და ჩემსავით დაკერებული ტანსაცმელი? – უთხრა ფიროსმანმა ვაჟა-ფშაველას.

– რომელი გლეხი ნახეთ ამ დროებაში ჩემზე უკეთ ჩაცმული? – ჩაიცინა ვაჟამ.

– ჰაი დედასა, ეგ მარტო გლეხი ნუ გგონიათ, – ჩაერია ლაპარაკში ივანე აბაევი, – ეგ მწერალია, ვაჟა-ფშაველას რომ ეძახიან, ეგ ის არის.

ფიროსმანი გაოცებით მიაჩერდა ვაჟას, სახე გაუბრწყინდა, წამოდგა ფეხზე, მოწიწებით დაუკრა თავი და ხელიც ჩამოართვა.

– მე წავიკითხე შენი შვლის ნუკრის ნაამბობი. ცრემლებს ვერ ვიკავებდი, – დაიწყო ნიკომ, – ძლიერ მომეწონა და განვიზრახე დამეხატა კიდეც. და, აი, შარშან მომეცა ამის შემთხვევა, მიხუას დუქანში (მიხო ვარსიმაშვილს ბახჩიევის ქარვასლაში გახსნილი ჰქონდა სამიკიტნო „ანაგა“). მიხომ მთხოვა, კარგი რამე დამეხატა მის დუქანში, ბუფეტის მოპირდაპირე დიდ კედელზე. მე გამეხარდა და დავიწყე ხატვა. მიხოს მოსწონდა დახატული ტყე, მთები, პატარა წყარო და მიქებდა კიდეც. მაგრამ შემდეგ, როდესაც წითელი საღებავებით შევაფერადე შვლის მოჭრილი ყელი და ბალახზე დაღვრილი სისხლი, მიხუამ წამაშლევინა ნამუშევარი. მის ადგილზე მეზურნეების დასტა და მედოლე ბაგრატა დამახატვინა, მოცეკვავე ყარაჩოღელებით.

– რად წაგაშლევინა, – ჰკითხა ვაჟამ ფიროსმანს.

– მიხუამ მითხრა: ჩემს დუქანში ხალხი გასართობად მოდის. მას დროს ტარება და მხიარულება უნდა. მთვრალმა კაცმა რომ სისხლი ნახოს, ვაი თუ ჩხუბის გუნებაზე დადგესო, ვინმეს ეცეს და სისხლი დაღვაროსო. სამი დღის ნამუშევარი წყალში გადამიყარა და ვერ შევძელი თქვენი მოთხრობის თემაზე სურათის დახატვა. – მიუგო ნიკალამ ვაჟას.

– ეჰ, ცხოვრებავ, რა ხარ, რა. ამიგმინა ვაჟამ“.

განშორებისას ნიკო ფიროსმანაშვილმა მიხაკასაგან ნებართვა ითხოვა და მისი შვილისთვის დახატული ფუნიკულიორის ხედი ვაჟა-ფშაველას აჩუქა.”

წყარო: გიორგი კაკაბაძე – ნიკო ფიროსმანი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები