„წავედი… ალბათ მომბეზრდა ბრძოლა. მომბეზრდა ბრძოლა წისქვილთან ქარის” – დღეს ნიკო გომელაურის წასვლის დღეა
პოეტი და მსახიობი, ნიკო გომელაური, 2010 წლის 13 აპრილს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. გთავაზობთ პოეტის რამდენიმე ჩანაწერს, “ასე ფიქრობდა ნიკო”:
♦♦♦
“არასოდეს მიოცნებია “ოსკარის” მიღებაზე, რადგან ვიცი,რომ ეს ბედნიერება არ მელის.
ვოცნებობ იმაზე,რომ არსებობდეს იმქვეყნიური ცხოვრება,სადაც ადრე თუ გვიან უამრავ საყვარელ ადამიანს შევხვდები და მივესიყვარულები… ასეთ რამეზე ღირს ოცნება. სხვა ყველაფერი მიწიერ დონემდე დადის.
პოპულარობა და სახელი არასოდეს მაწუხებდა, ამას გულწრფელად გეუბნებით და როცა კომპლიმენტებს ვისმენ უცხო ხალხისგან, მიკვირს კიდეც საიდან მცნობენ.
სურვილები? – სიყვარული,ბედნიერება და ჯანმრთელობა. ნუ ვიგონებთ იმაზე მეტ პრობლემას. ვიდრე არსებობს. ძალიან ადვილია გიყვარდეს ადამიანი, მოწინააღმდეგეც კი. მით უმეტეს, რომ ყოველთვის ღმერთს ვახსენებთ, მაშინ მოყვასის სიყვარულზეც უნდა დავფიქრდეთ და ზოგჯერ მეორე ლოყის მიშვერაზეც…
♦♦♦
რა არის სიყვარული? ეს მარადიული კითხვაა… ბოლომდე უპასუხოდ დარჩება. ამით არის ის დიდებული. ღმერთია თავად სიყვარული – სიყვარულს მეტი განსაზღვრება არ აქვს. სიყვარული უნდა იყოს ყველაფერში, რასაც არ უნდა აკეთებდე… სხვაგვარად ცხოვრება წარმოუდგენელია.. ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ ამ ქვეყანაზე ბოროტებისთვის კი არა, სიყვარულისთვის ვართ გაჩენილები. ნამდვილი გრძნობით ნათქვამი “მიყვარხარ” არასოდეს გაუფასურდება… საკუთარი თავი კი არ უნდა გიყვარდეს და იძახო, რა კარგი ვარ, ეს სიყვარული რომ დავიმსახურეო, პირიქით, სულ უნდა ფიქრობდე, რა გავაკეთო, რომ კიდევ უფრო მეტად შევუყვარდეო.. როგორც წესი, შეყვარებული ადამიანები სიყვარულს არ უფრთხილდებიან. სიყვარული სწორედ იმიტომაა სიყვარული, რომ როცა შენ არ უფრთხილდები საკუთარ გრძნობას, მე უნდა გავუფრთხილდე და შესაბამისად, შენ უნდა გაუფრთხილდე ჩემსას. მერე წყენა, გაბრაზება და გულისტკენაც გაივლის.. სიყვარულის გამო შეიძლება ვიღაც დაახრჩო, შეიძლება თავი მოიკლა… თუ კაცი ხარ, თუ გიყვარს, რა გასაკვირია, რომ გინდა საყვარელ ქალს მთელი სამყარო აჩუქო, დაუსრულებლად უთხრა, რომ მშვენიერია და რომ გიყვარს, აკეთო მისთვის პატარა სისულელეები… თუმცა რატომაა სისულელეები, თუ ამით სიამოვნებას იგრძნობს.. ისედაც ხომ ისე ხდება, რომ ყველაზე ახლობელ ადამიანებს ყველაზე მეტად სტკენ გულს, ხანდახან ნაკლებ ყურადღებას აქცევ, იმიტომ რომ იცი შენი ადამიანია, შენი ნაწილია… მოკლედ შენია და ძალიან უყვარხარ… სიყვარული ბედნიერებაა, რაც ყველა უბედურებას გადაგატანინებს… ეს ის გრძნობაა, როცა არაფერზე ფიქრობ და გგონია, რომ ყოველთვის ასე გაგრძელდება… როცა პირველი გრძნობა ცვლილებას განიცდის, არ უნდა იფიქრო, რომ ყველაფერი დამთავრდა.. უბრალოდ გრძნობამ სხვა ფორმა შეიძინა და ამ ფორმას უნდა გაუფრთხილდე… ჩვენ კი, სულ ის გრძნობა გვინდა, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს ნელდება… არა მგონია, რომ სიყვარულის დასამტკიცებლად ბევრი სიტყვა იყოს საჭირო… ადამიანებს თვალებში გვაქვს სიყვარულის მუხტი და ამის გასხივება უსიტყვოდაც შეგვიძლია… მიმაჩნია, რომ კაცი არ უნდა იყოს მონა… საშინელებაა მონობა!!! თუმცა, სიყვარულის მონობა სასიამოვნოც არის და აუცილებელიც…!!!
♦♦♦
“თუკი მშვიდად ხარ,პოეზიაშიც და სცენაზეც ყველაფერი მთავრდება.სწორედ იმიტომ ხარ აფორიქებული,რომ “გეწერინება“,გინდა რაღაც გააკეთო სცენაზეც…
ძალიან უბრალო ადამიანი ვარ და ის ტივილიც,რომელიც აწუხებთ გარშემომყოფთ,მეც მტკივა.მხოლოდ,სხვებისაგან განსხვავებით,მაქვს ის ბედნიერება,რომ თუ რამე მაწუხებს,ჩემი გულისტკივილი სცენიდან გამოვხატო,ან ლექსი დავწერო და მკითხველს გავუზიარო.არ ვიცი,რამდენად დამიჯერებთ იმას,რომ როცა ვისვენებ ან როცა მძინავს,მაშინაც კი ლექსებს ვწერ და რეპეტიციებს გავდივარ.შრომის მუდმივი პროცესი უწყვეტი უნდა იყოს თითოეულ ადამიანში და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ !!!”
უაზრო ლექსი "არ მეჩქარება არსად, მოსაყოლი მაქვს კიდევ -რა არ მომსვლია აზრად, რა იდეები ვზიდე. არ მიმითითოთ კარზე. არ ამიტეხოთ ყეფა. ვდგავარ სიგიჟის ზღვარზე, ლამის აფეთქდეს კეფა. არ მავიწყდება ქენჯნა, გულის ფიცარს რომ ჰხევდა. გვერდით ცდუნება მეჯდა, ხელს ძმაკაცივით მხვევდა. არ გამაგონოთ,თითქოს: ცხოვრება არის სცენა -თვალი სინაღდეს ითხოვს, სიმართლეს ითხოვს სმენა. არ ვიცი,როგორ,რისთვის... აზრი ვარსკვლავებს სწვდება. და რომ მიაღწევს თითქმის, ციდან ლექსებად წყდება. არ წამესვლება არსად -დასაწერი მაქვს ბევრი. ვთვლიდი უმთავრეს არსად, სიტყვას ჰქონოდა ნერვი. წიგნი ივსება ნელა -არაფერს დავწერ ზედმეტს... და როგორც ლექსი ყველა, უაზრო არის ესეც..."
♦♦♦
“4 წლის ვიყავი, მამა პირველად რომ ვნახე – მიმაგრებაში გამოუშვეს. მანამდე ციმბირში იხდიდა “სროკს“. პოლიტიკურზე არ იჯდა (ასეთი ბედნიერება მე ვინ მომცა…) აფერისტობის მუხლით დააპატიმრეს. აფერისტი იყო მართლაც, აბა ვინ?!
მაღალი, აზარტით სავსე თვალებით, ციმბირის ცხელი თოვლით და ცივი მზით დამწვარი… უზარმაზარი ხელები იღლიებში ამომდო და ამიყვანა. მეგონა, ცას მიმარტყმევინებდა თავს – მსოფლიოში ყველაზე მაღალი მეჩვენებოდა. შემეშინდა, მაგრამ არ ვიტირე. ალბათ, მას მერე დამჩემდა შიში სიმაღლის.
“ჯეჯი…” – ასე მივმართავდი ოცდათერთმეტი წლის განმავლობაში. “მამა” პირველად და უკანასკნელად მაშინ წამომცდა, როცა იმ ქვეყნად გაიწვიეს.
როდესაც სახლში ვურეკავდი და დიდხანს არ მპასუხობდა ხოლმე, ალბათ მოკვდა-მეთქი- მუდამ მაჩვევდა: ერთ მშვენიერ დღეს აღარ ვიქნებიო (ვითომ ნაკლებად რომ განმეცადა). მეც, რა გზა მქონდა? – ვეჩვეოდი. თუმცა, შემდეგ ყურმილს რომ აიღებდა, ვგრძნობდი, როგორ აჩქარებული მქონდა გული. ახლა, როცა აღარ არის, ზოგჯერ ვკრეფ მის ნომერს და რომ არ მპასუხობს… ვწყნარდები…
“ჯეჯი, ჯეჯიკო, ჯე…” – დღეს ვეძახი შვილს. “ნიკო, ნიკუშ, ნიკ…” – მჯერა ჩემი შვილი დაუძახებს ჩემს შვილიშვილს…
და როცა წავალ: “აფერსტი მამა მყავდაო, არტისტი”, – მომიხსენიებს შვილიშვილის მამა…”
მამას
"ვეღარ აღვიქვამ მე იმ სიხარულს (როდესაც ყალბი შეწყდება გლოვა), თან წაუტირებს, თან გაიღიმებს, შვილი, რომელიც საფლავზე მოვა... მოვა, დაჯდება, მოწევს და წავა... იქ კი იგივე დარჩება ჰავა."