“მომიტინგეები, რომელთა შორის ცოტა არ იყო მთვრალი და ნარკოტიკების გავლენის ქვეშ” – რას წერდა ჯუმბერ პეტიაშვილი ცკ-ს 9 აპრილის დარბევის შემდეგ

1989 წლის 9 აპრილს ჯუმბერ პატიაშვილის მიერ სკკპ ცკ-ისადმი გაგზავნილ დეპეშაში სუბიექტურადაა აღწერილი ,,ექსტრემისტების“ მოწოდებები, ,,შეიარაღებული პროვოკატორების“ საქციელი, მიტინგის დარბევა, მოქალაქეების დაშლა და კომენდანტის საათის შემოღების აუცილებლობა.

ჯ. ი. პატიაშვილის დეპეშა სკკპ ცკ-ს, 1989 წ. 9 აპრილი, შემოსული დაშიფრული დეპეშა №220/ш, თბილისიდან მიღებულია 1989 წ. 9 აპრილს, 10 სთ 25 წთ. სკკპ ცენტრალური კომიტეტი.

„1989 წლის 8 აპრილს ღამით თბილისში, 21:00 საათის შემდეგ, პარტიული, საბჭოთა და სამართალდამცავი ორგანოების მიერ მიღებული ყველა ზომის მიუხედავად, რესპუბლიკის მთავრობის სახლის შენობასთან მიმდინარე მიტინგზე, რომელშიც დაახლოებით 15 ათასი კაცი მონაწილეობდა, აგრეთვე ქალაქის სხვა ადგილებში, ექსტრემისტების მიერ ვითარება უკიდურესად დაიძაბა და კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. ანტისაბჭოთა, ანტისოციალისტური და ანტირუსული მოწოდებების გარდა, ისმოდა ექსტრემისტების მიმართვები ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ კომუნისტების, რესპუბლიკის ხელმძღვანელებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ. მომიტინგეები, რომელთა შორის ცოტა არ იყო მთვრალი და ნარკოტიკების გავლენის ქვეშ, მოუწოდებდნენ რესპუბლიკის მთელ მოსახლეობას აჯანყებისკენ, მოქალაქეობრივი დაუმორჩილებლობისკენ და მათი ანგარიშსწორებისკენ, ვინც მხარს არ დაუჭერდა მათ. მიტინგის მონაწილეებთან ერთად, რესპუბლიკის ახლომდებარე ქალაქებსა და რაიონებში ექსტრემისტთა ჯგუფების დელეგირება დაიწყო. ქ. რუსთავში იყო მეტალურგიული ქარხნის ხელში ჩაგდების მცდელობა.
ე.წ. „ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის“ ლიდერებმა რესპუბლიკაში ხელისუფლების ხელში ჩაგდების გეგმების საჯაროდ გაცხადება დაიწყეს. ამ სიტუაციაში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და არაპროგნოზირებადი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დილის 4 საათზე ძალის გამოყენების შესახებ, რათა მოედანი მთავრობის სახლთან მომიტინგეებისგან გაწმენდილიყო. კომპეტენტური ორგანოების მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, გამოყენებულია რესპუბლიკის შსს-სა და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ქვედანაყოფები. მიტინგის ჩატარების ადგილთან მათი მიახლოების დროს მონაწილეებს (ამ დროისთვის მათმა რაოდენობამ დაახლოებით 8 ათასი შეადგინა) არაერთგზის მოუწოდეს რესპუბლიკის ხელმძღვანელებმა, კომპარტიის ცკ-ის წევრებმა, პარტიულმა და საბჭოთა აქტივმა, აგრეთვე საქართველოს კათოლიკოსმა ილია II-მ, რათა შეეწყვიტათ მიტინგი და მშვიდად დაშლილიყვნენ. მაგრამ მომიტინგეები არ რეაგირებდნენ. თავის მხრივ, მიტინგის ორგანიზატორები ძაბავდნენ სიტუაციას ფსიქოზამდე, მოუწოდებდნენ, რომ მართლწესრიგის ძალებთან დაპირისპირების დროს არ დაეშურათ სისხლი და თავიანთი სიცოცხლეც კი.
შსს-სა და ამიერკავკასიის ჯარების ქვედანაყოფებმა არ გამოიყენეს ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი. მკაცრად სრულდებოდა ინსტრუქციები ქალებისა და მოზარდების მიმართ ფრთხილი დამოკიდებულების შესახებ. მომიტინგეთა პირველი რიგების დახევის დროს, ექსტრემისტების გააფთრებული წინააღმდეგობის პირობებში, რომლებიც იყენებდნენ ჯოხებსა და ქვებს, ხალხი უმართავი გახდა და დაიძრა ტროტუარზე მწოლიარე ახალგაზრდებისკენ, რომლებმაც გამოაცხადეს შიმშილობა. უფრო მეტიც, ბრბოში ბევრი პროვოკატორი იყო. ისინი იყენებდნენ ცივ იარაღს. წარმოქმნილი ჭყლეტის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი (13 ახალგაზრდა ქალი და 3 მამაკაცი), 100-ზე მეტმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის ჭრილობა, მათ შორის 22 სამხედრო მოსამსახურეა (მათგან 13 ჰოსპიტალშია). დაშავებულებს აღმოუჩინეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
ამ დროისთვის მოედანი მთავრობის სახლთან გათავისუფლებულია მომიტინგეებისგან და მას ჯარი იცავს. ტარდება აუცილებელი ღონისძიებები უწესრიგობის მოთავეთა დასაკავებლად და დასაპატიმრებლად, ახალი მიტინგებისა და დემონსტრაციების თავიდან ასაცილებლად. მიღებული ზომების ტრაგიკული შედეგების გამო შექმნილია სამთავრობო კომისია საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის, ამხ. ზ. ა. ჩხეიძის მეთაურობით.
დღეს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის პლენუმზე განზრახულია შექმნილი მდგომარეობის განხილვა და მისგან გამომდინარე ღონისძიებების განსაზღვრა.
მასობრივი არეულობის თავიდან ასაცილებლად და ვითარების სტაბილიზაციის მიზნით გთხოვთ თანხმობას, რათა დღეიდან ქ. თბილისში შემოღებული იქნას კომენდანტის საათი“.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები