29 წლის შემდეგ შეცვლილი პროფესია – გულიკო ხატიაშვილის გზა ქოუჩობამდე

დღეს ერთ უჩვეულო ადამიანზე გვინდა, გიამბოთ – მისი სახელი გულიკო ხატიაშვილია. უჩვეულო იმიტომ, რომ… მაგრამ, ამაზე ქვემოთ…

მისი სამსახურეობრივი სტატუსების ჩამონათვალს რომ გადახედოთ, ესეც საკმაოდ უჩვეულოდ მოგეჩვენებათ: არტთერაპევტი, ფსიქოკონსულტანტი, პერსონალური ქოუჩი, განათლების ბიზნეს ქოუჩი, NLP ქოუჩი, მაბ კონსულტანტი და სამოტივაციო სპიკერი.

გარდა იმისა, რომ კლიენტებთან ამ სტანდარტული მეთოდების არასტანდარტული ნაზავით მუშაობს, „თანამშრომლობის პაკეტის“ მიღმა მათ საჩუქრად ხალხური მედიცინის მეთოდებსაც სთავაზობს, რაც მისი ოჯახის ტრადიციაა. მოკლედ, გულიკო ხატიაშვილისგან  პროფესიონალური მომსახურების საკმაოდ ფართო სპექტრის მიღებაა შესაძლებელი.

თავადაც მიაჩნია, რომ არასტანდარტული ადამიანია და ამ სფეროშიც არასტანდარტულად დამკვიდრდა, თუმცა ამაზე მოგვიანებით…

-რა არის ქოუჩინგი

-პირველ რიგში, ეს კლიენტსა და ქოუჩს შორის პასუხისმგებლობის თანაბარი გადანაწილებაა. ზოგჯერ, ადამიანები თვლიან, რომ თუკი ქოუჩს, ფსიქოლოგს ან მსგავსი პროფესიის ადამიანს მიაკითხეს, ყველაფერი თავისით უნდა მოგვარდეს. ქოუჩი მთელი გულწრფელობით და მონდომებით უძღვება სესიას, თუმცა შედეგს ერთად დებენ. მიმაჩნია, რომ ქოუჩის პროფესია ბევრი სხვადასხვა მიმართულების ნაკრებია. კარგი ქოუჩი, ნაწილობრივ, ფსიქოლოგიც უნდა იყოს, მენტორიც, ფსიქოთერაპევტიც და ა.შ.

პასუხისმგებლობის გადანაწილების ფაქტორს ისიც კარგად წარმოაჩენს, რომ ჩვენ ჩვენთან მოსულ ადამიანებს პაციენტებს არ ვუწოდებთ. ისინი ჩვენი კლიენტები არიან, რომელთა სათანადო ჩართულობის გარეშე, შედეგი არ მიიღწევა. მიმაჩნია, რომ ეს სწორი დამოკიდებულებაა, რომელიც საუკეთესო შედეგს იძლევა. ჩემთვის ხშირად უთქვამთ, რომ სესიის მიმდინარეობისას ჰქონდათ შეგრძნება, თითქოს, თავიანთ მეგობარს ესაუბრებოდნენ. სწორი კითხვების დასმით, ადამიანი გაცნობიერებამდე მიდის. ამაზე მაგარი რა უნდა იყოს? ადამიანი ხვდება, რომ თურმე, მას ყველაფერი შეუძლია, ყველა რესურსი აქვს, რომ საწადელს მიაღწიოს. ნებისმიერი ადამიანს აქვს საჭირო რესურსები, უბრალოდ, ისინი ამას ვერ ან არ ხედავენ. მაგალითად, თუ ადამიანს რაიმე კონკრეტულის მიღწევა სურს, რისთვისაც ფიქრობს, რომ 1 წელიწადი სჭირდება, ქოუჩთან მისვლის შემდეგ, 1-2 სესიაში ყველაფერი გაცილებით მარტივი და ხელშესახები ხდება.

სხვათა შორის, ქოუჩთან მისვლას  ჯერ კიდევ ხშირად ერიდებიან – დროის, ფინანსების თუ სხვა ფაქტორების გამო, თუმცა იცით, რას დავაკვირდი – როდესაც ამ ნაბიჯს გადადგამენ, შემდეგ ისინი სისტემატური კლიენტები ხდებიან, რადგან უკვე გამოსცადეს, მიიღეს შედეგი და „უღირთ“. პირადად მე, იშვიათად ამყავს ახალი კლიენტი და როგორც წესი, ჩემს დროს ძველ კლიენტებს, მათ ოჯახის წევრებსა და გარემოცვას ვახმარ. ისინი მათ თავად მოჰყავთ ჩემამდე.

-რას ნიშნავს, იყო ქოუჩი?

-ჩვენს სფეროში მომუშავე ადამიანებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ. ეს, ასე ვთქვათ, „ძალაუფლება“, რომელიც ჩვენს გაგვაჩნია, დიდ სიფრთხილეს საჭიროებს. არ აქვს მნიშვნელობა, ძალაუფლება ფიზიკურია თუ გონებრივი. აუცილებელია, სესიისას თავისუფალი იყო შენი პრობლემებისგან. თუკი საკუთარი პრობლემები გაწუხებს და კლიენტთან ფულის გამო მუშაობ, ასეთ შემთხვევაში, შედეგს ვერ მიაღწევ. თუ მოწოდებითაც არ ხარ ქოუჩი, მაშინ ვერ შედგები, როგორც პროფესიონალი. უზომოდ უნდა გიყვარდეს საკუთარი საქმე. აუცილებელია, ქოუჩს ჰქონდეს შემოქმედებითი თავისუფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ემსგავსება ადამიანს, რომელმაც იცის გარკვეული მათემატიკური ფორმულები, თუმცა მათ მიღმა თავისუფალი აზროვნება აღარ შეუძლია.

ჩემთვის, როგორც ქოუჩისთვის, არ არსებობს მიზანი, რომელსაც შეიძლება, ვერ მივაღწიო. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხიბლში ვარ… მე ვიცი, რომ მაქვს საჭირო რესურსი, რათა სასურველი შედეგი მივიღო და თუ არ მაქვს, მაშინ ვიცი, როგორც მოვიძიო ის.

-ნაწილობრივ, ალბათ, უკვე უპასუხეთ შემდეგ კითხვას, თუმცა საინტერესო იქნება, თუკი თქვენს აზრს განავრცობთ – ვის შეუძლია გახდეს ქოუჩი?

-ყველას არც უნდა ჰქონდეს ოცნება, გახდეს არც ქოუჩი, არც ფსიქოლოგი და არც ნებისმიერი სხვა მსგავსი სფეროს წარმომადგენელი, ვისაც ადამიანებთან ასე ახლო შეხება აქვს. ვინც ადამიანის ცხოვრებას, სულს, ემოციას, გონებას ეხება. თუმცა, თუ ეს მართლა სურს, მიუღწეველი არაფერია. „გადავწყვიტე და განვახორციელე“ – ეს მარტივი ფორმულაა, რომელიც მაშინ მუშაობს, როცა რაღაც ნამდვილად გინდა. თუ გადაწყვიტეთ, გახდეთ კარგი ქოუჩი, უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე, მიიღოთ აკადემიური ცოდნა და რატომაც არა… ადამიანს შეუძლია, ყველა მიზანს მიაღწიოს, არა მხოლოდ ქოუჩობას. მთავარია, თავისუფლად აზროვნება შეგეძლოს.

-თქვენ რატომ გადაწყვიტეთ, დაუფლებოდით ქოუჩის პროფესიას და რა გზა გაიარეთ ამისთვის?

-ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უცნაურად ხდება და ეს პროფესიაც უცნაურად მოვიდა ჩემთან. 29 წელი დავყავი განათლების სფეროში. აქედან 19 წელი სკოლის დირექტორად. (ესეც უცნაურად „მოვიდა“) ბოლო პერიოდში, ჩემი ცხოვრება მოწყენის ფაზაში გადავიდა და რუტინას დაემსგავსა. გადავწყვიტე, დამესვენა, მემოგზაურა, საკუთარი თავისთვის დრო დამეთმო. ძალიან ცუდად ვიყავი… ეს დეპრესიაც აღარ იყო. აღარაფერი მახარებდა. ქოუჩის პროფესია, ჩემს პროფესიასთან ყოველთვის ახლოს იყო და შეიძლება ითქვას, რომ გადარჩენის ინსტიქტით, საკუთარი თავის პირველი კლიენტი გავხდი. შემდეგ ჩემს სტუდენტობის ჯგუფელს დავეხმარე…

საკუთარ თავზე სერიოზულად ვიმუშავე. შეიძლება ითქვას, გავიარე გზა „მოკვდომის“ ფაზიდან-ენთუზიაზმამდე. ვინც „წინა“ცხოვრებაში მიცნობდა, ალბათ, დამეთანხმება, საოცარი ტრანსფორმაცია განვიცადე. შემდეგ უკვე გადავწყვიტე, ამ სფეროში სერიოზული განათლება მიმეღო.

ბედნიერი ვარ, რომ ეს 29 წელი განათლების სფეროში გავატარე. მე რომ ეს გზა არ გამევლო, ალბათ, ვერ შევდგებოდი, როგორც პროფესიონალი. უკვე 3 წელია, რაც ქოუჩინგს აქტიურად დავუკავშირდი და კლიენტებთან ყოველდღიური მუშაობა დავიწყე. განსაკუთრებით დატვირთული პანმდემიის პირველი ტალღისას ვიყავი, როცა დღე-ღამეში მხოლოდ 4-5 საათი მეძინა. ონლაინ ვმუშაობდი, დღისით საქართველოში მცხოვრებ ადამიანებთან და უფრო მოგვიანებით, ქართველ ემინგრატებთან. დროში სხვაობის გამო, ასეთ მძიმე რეჟიმში მიწევდა ყოფნა.

-თქვენს ცხოვრებაში რა შეცვალა ქოუჩინგმა?

-მე ვიყავი ერთი თავდაჯერებული ადამიანი, რომელსაც არასდროს არაფერი არ უნდა შეშლოდა. იმდენად დავიპროგრამე ამით საკუთარი თავი, რომ ჩარჩოებში აღმოვჩნდი. სულ იმის შიში მქონდა, რომ არაფერი შემშლოდა, ვნერვიულობდი, თუ რას იტყოდა ხალხი. ეს ყველაფერი 3-4  წლის წინ დავამარცხე. მას შემდეგ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. მე დღესაც ვაგრძელებ საკუთარ თავზე მუშაობას და ეს პროცესი არასდროს დასრულდება.

კლიენტებს, რომლებიც მეუბნებიან, რომ ჩემგან ბევრი ისწავლეს, მე ყოველთვის ვპასუხობ, რომ მეც ბევრ რამეს ვსწავლობ მათგან. ეს სიმართლეა. მეც მათთან ერთად ვიზრდები.

ყველა ადამიანი განუმეორებელი და უნიკალური ქმნილებაა ისევე, როგორც მათთან დაკავშირებული საკითხები, რომლებზეც ვმუშაობთ.

-თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ამ პროფესიის პოპულარიზაცია?

-თუკი შესაძლებელია მე მიზანი დავისახო და განვახორციელო რამდენიმე დღეში, რამდენიმე კვირაში, თვეში ან დროის გარკვეულ მონაკვეთში, რატომ უნდა ვიწვალო?! ასეა არა მხოლოდ მიზანზე, არამედ პრობლემებზე, კომპლექსებზე და ა.შ. რეალურად, პრობლემები არ არსებობს. არსებობს მხოლოდ დროებითი შემაფერხებელი ფაქტორები და ქოუჩინგი ამ ყველაფრის მოგვარების კომფორტული, მარტივი და ეფექტური გზაა. მისი პოპულარიზაციაც ამიტომაა მნიშვნელოვანი.

-რა იცვლება ადამიანის ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ქოუჩინგის კურსს იწყებს და ყველაზე მინიმუმ, რა შედეგს უნდა ელოდოს ის?

-პირველ რიგში, ადამიანს საკუთარი თავის რწმენა უჩნდება. ჩემი აზრით, როცა ადამიანი რაღაცაზე ოცნებობს, მის განხორციელებას, მაქსიმუმ, 20%-30% პროცენტით ცდილობს. თუკი ამას სიტყვიერად აჟღერებს, მით უმტეს, ქოუჩთან, ეს მაჩვენებელი 50%-70%-მდე იზრდება. შემდეგ ვიზუალიზაციის ეტაპი მოდის და ქოუჩი კლიენტს საკუთარი მიზნის შესახებ გეგმას აწერინებს, ზოგი ხატავს, ზოგიც – სხვა მეთოდით უზიარებს ამ სურვილს სამყაროს და მის შესრულებასაც უფრო მეტი შემართებით ცდილობს. ის მაჩვენებელიც უკვე 90%-მდე იზრდება. ქოუჩინგის კურსზე რწმუნდები, რომ შენი მიზანი ძალიან ახლოსაა და რეალურია.

-რას უსურვებდით ადამიანებს?

-ადამიანებს ვუსურვებ,  უდიდესი გულწრფელობა და სიყვარული ჩადონ იმ საქმეში, რასაც აკეთებენ. არ აქვს მნიშვნელობა, რა საქმეს ემსახურები. მთავარია, მთელი გულით აკეთო და წარმატებაც თავისით მოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები