აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის საკითხებზე ფორუმი გაიმართა

Ghvino Forum ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ინიციატივით გაიმართა და მასში მონაწილეობა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ მიიღო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული ღვინის კულტურის, ისტორიისა და დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.

ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტმა, მამუკა წერეთელმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ 2020 წელს, პანდემიის პირობებშიც კი, ქართული ღვინის რეალიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ღვინის კერძო სექტორის კოორდინირებული მუშაობის შედეგია.

ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) მონაცემებით, 2020 წელს, აშშ-ში ღვინის იმპორტის საერთო მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით, 9,4%-ით შემცირდა. ამ პირობებშიც კი, იმპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება, 2020 წელს, 21,4%-ით გაიზარდა და 3.93 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

„ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია. ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე, ბოლო 6 წელი, სტაბილურად მზარდია. 2020 წელს, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის ექსპორტმა 1 მლნ ბოთლს მიაღწია“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის სამომავლო სტრატეგიაზეც ისაუბრა. პანდემიის მიუხედავად, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციას აშშ-ში დისტანციურ ფორმატებსა და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის გამოყენებით გააგრძელებს.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ონლაინ გაყიდვების ხელმისაწვდომობაზე, სოციალურ და მედია აქტივობებზე, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების მხარდაჭერაზე; ამ კუთხით, უპირატესობა მიენიჭება წითელ ღვინოებს, რადგან ამერიკაში, ისევე როგორც სხვა ბაზრებზე, ექსპორტის დიდი წილი სწორედ წითელ ღვინოებზე მოდის; ცალკე სეგმენტად გამოიყოფა ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები