“წერილები გზიდან… ერთხელ” – სალომე გოგოლაძე

კონკურსისათვის „წერილები გზიდან“ –  „ერთხელ“ იუმორისტული ჩანახატების მიღება 20 მარტს დასრულდა, რის შემდეგაც “ქართული კვირის” რედაქციაში საუკეთესო ჩანახატები შეირჩა. კონკურსის მომდევნო ეტაპზე კი  3 გამარჯვებული გამოვლინდება, რომელთაგან ერთს თქვენ, “ქართული კვირის” მკითხველები შეარჩევთ, ხოლო ორს – კომპეტენტური ჟიური. გამარჯვებულებს “მეტი დეველოპმენტისგან“ ბინის შეძენისას 15 000-ლარიანი ფასდაკლების ვაუჩერი და ეროვნული ბიბლიოთეკისგან წიგნები გადაეცემა.

მეორე ჩანახატი – “წერილები გზიდან… ერთხელ” – სალომე გოგოლაძე.

 „ერთხელ….

ქუჩა, სადაც მე   ბებია რიკეტასთან ერთად ვცხოვრობ ისე ვიწროა, როგორც პატარა ბიჭის შარვალი. ძველი ქვის სახლები ერთმანეთის გვედიგვერდ დგანან.  აივნებზე  ამარილისი და ველური მიხაკები ყვავის. ჩვენი სახლის დარბაზოს შესასვლელში წმინდა ანტონიოს პატარა ქანდაკებაა, რომელსაც მტვრის სქელი ფენა ადევს. სახლი ორ სართულიანია. პირველ სართულზე,  საფოსტო ყუთის გვერდით ქალბატონი სესილის ოჯახი ბინადრობს. მეორეზე ჩვენ ვცხოვრობთ. ბებიაჩემი იტალიურად მას ჩეჩილიას ეძახის. ამ დროს, რატომღაც სულ ჩვენებური ჩეჩილი ყველი მასხენდება. ბებიაჩემს ეს ქალი, არც უყვარს და არც სძულს, მაგრამ სულ ეჩვენება, რომ ჩეჩილიას შვილები ღამღამობით სახლში შემოდიან და  ოთახებში თაგვები და ხოჭოები შემოყავთ.  ეს ქალბატონი,  რატომღაც მას ყოვლისმცოდნე გონია და მაშინაც კი, როცა კუჭის შეკრულობისაგან ტუალეტში იჭაჭება საშველად  ჩეჩილიას უხმობს.

ჩვენს წინ მსუქანი დედა-შვილი ცხოვრობს. ერთხელ მქონდა პატივი მათთან გასაუბრებისა და მივხვდი, რომ მთლად ჯანსაღად ვერ იყვნენ, ამიტომ მალევე დავშორდი. ჩვენი  საძინებელი ოთახები ერთმანეთს ემიჯნება. ღამღამობით ისეთი ხვრინვა ჩამესმის, რომ კედლები ზანზარებენ. დილაობით,  კი ტელეფონზე ხმამაღალი საუბარი და გადაკისკისება მაღვიძებს.

როცა აქ ბინა დავიდე,  ბაბუა ენცო ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მოხუცები შემოსასვლელში, მათთვის განკუთვნილ დივანზე ისხდნენ და თავიანთ სამფლობელოს თვალს არ აშორებდნენ. დილის ცერემონიალი რძისა და ყავის სმით იწყებოდა. მერე კი, ბაბუა ენცო, მთელი სამი საათის განმავლობაში საზაფხულო ფეხსაცმლის გახდა-ჩაცმას უნდებოდა. ბოლოს, ქანცგაწყვეტილი როგორღაც  მოირგებდა ფეხსაცმელს, საქმიანი კაცივით ჩამოჯდებოდა დივანზე და  ძველი ჩვეულებისამებრ ხელსახოცების კეცვა – დალაგებას იწყებდა.  ამიტომ, მის შორიახლოს მუდამ იყო თეთრი ქაღალდების მთა.(ადრე, თურმე თეთრეულის მკეცავად მუშაობდა სასტუმროში.) ბებია, დროგამოშვებით  გადახედავდა ხოლმე თანამეცხედრეს და უცებ, თითქოს მოწმენდილ ცაზე შავმა ღრუბელმა გადაიარაო, ისე დასჭექავდა,  ბაბუა ელვადარტყმული ხესავით იწყებდა ცახცახს.- “ო, შე ბებერო ძუკნა,  განა არ მახსოვს, როგორ მღალატობდი?!.. ისიც არ დამვიწყებია, მაღლა ტერასაზე, რომ ჩამკეტე და სამი დღე-ღამე  ვიღაც ქერა “პუტანასთან” ერთობოდიო.”  ბაბუა ამ დროს უცოდველი კრავის გამომეტყველებით გამოხედავდა ხოლმე მეუღლეს და ორიოდე სიტყვას ძლივს ამოილუღლუღებდა. ეს ამბავი სულაც არაა ახალი. ბებიას უსაზღვრო ფანტაზიებს დიდი ხანია შეეგუა ლოტების ოჯახი,  მაგრამ ბაბუა, რომ ახალგაზრდობაში, არც თუ ისე უცოდველი იყო ამას შვილებიც ადასტურებენ.

ჩემი აქ მოღვაწეობის მეექვსე თვის თავზე ბაბუა ძალზედ  ავად გახდა. ყველანი  ველოდით მის სიკვდილს.  იმ დილით,  ბაბუა ენცოს  წვერის გაპარსვა მოვასწარი.  დაბანა მოხუცებთან საერთოდ არ შედიოდა დღის წესრიგში.  ორივეს ისე ეშინოდა  აბაზანის მიღების, როგორც აღელვებული ოკიანის. ასე,  რომ არც არავის უკითხავს ეს ამბავი. თვით შვილები, მაინც და მაინც არ იკლავდნენ თავს ჰიგიენის წესების დაცვით.  ერთადერთი დამნაშავე ამ სახლში მე ვიყავი, რომელიც ოჯახს ანადგურებდა. მოკლედ, ასე აღმოვჩნდით  ადამიანის გარდაცვალების უნებლიე მოწმე,   მე და დიდი ბუზი, რომელიც იმ წუთებში ფანჯარაში შემოყვა გაზაფხულის მცხუნვარე მზის სხივებს და მომაკვდავი კაცის გარშემო დაიწყო ბზუილი. მე დღესაც მჯერა, რომ ბაბუა ენცო მაშინ ბუზად გადაიქცა და თავის მჩხავანა ცოლს გაექცა იმქვეყნად.

ბაბუა დაასაფლავეს მზის ჩასვლამდე გარეუბნის ერთ – ერთს სასაფლაოზე. სახლში მისი აღარაფერი დარჩა გარდა მომცრო სურათისა,  რომელსაც ბებია ჯიბით დაატარებდა. მე და ბებია რიკეტა მის მერე ერთად ვცხოვრობთ, როგორც მოსიყვარულე ბებია და შვილიშვილი. ბაბუას  სიკვდილის მერე ჩემს საწოლს დავემშვიდობე ბებიას აკვიატებული შიშების გამო. ოჯახმა  ახლადგაცვლილი კაცის საწოლზე მიმიჩინა ადგილი. მის მერე, ღამღამობით  რიკეტას ბებრული ფრუტუნი და ღამის ქოთანში მოჩხრიალე ჩანჩქერის ხმა ჩამესმოდა, ზოგჯერ კი, უცნაური კვნესა – გოდება, მაგრამ იყო  დღეები სავსე მთვარეობისას, როცა მე და ბებია ერთად დავდევდით  ღამეულ არსებებს:  აფრიკულ სპილოებს, გრძელკუდა  ხვლიკებს და ავად მომზირალ შავ კაცებს,  ზოგჯერ გვსტუმრობენ მისი მოკეთეები:  ბებიას გარდაცვლილი მშობლები, დები, ძმები და,  ვინმე ლენა,  რომელთან დიალოგშიც ათენებდა  მოხუცი ღამეებს. ყველაზე კარგად   ბებიას მიერ ნამღერი “o, quore mio” ანუ “გულო ჩემო!…” მახსენდება, რომელსაც მეტად ვირტუოზულად ასრულებდა თურმე ახალგარდობაში. ბებია დაჟინებით ამტკიცებდა, რომ “დოტორესაა”  რადგანაც  მთელი სანათესაო ოდესღაც  მხოლოდ მას ანდობდა, თავიანთ ძვირფას უკანალს. ბებიამ მაკარონის მოხარშვაც კი  არ იცის, ამბობს, რომ ადრე მოსამსახურე ქალი ყოლიათ, რაც სიმართლეს არ შეეფერებოდა. ოჯახში იმდენი მაკარონი გვაქვს   გეგონება ომი დაიწყო. მაკარონი აქ, სიმდიდრის და მშვიდობის სიმბოლოა. – და,  უბოძა ღმერთმა  მაკარონი მათი არსობისა!..

ბებიას შეიძლებოდა ყველაფერი დაავიწყდეს:  ბაბუა ენცო,  შვილები, შვილიშვილები,  მაგრამ არასოდეს არ დავიწყებია საბანკო წიგნაკი, რომელიც,  შავი ფერის ტყავის ჩანთაში ქონია გადანახული. ჩემი დაკვირვებით,  მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ბებიას აღნიშნული წიგნაკი შვილებმა ჩამოართვეს, მაგრამ მის გონებაში ეს ფაქტი არ ფიქსირდებოდა. ამიტომ, მთელი მონდომებით ვეძებდით სახლში ლურჯი ფერის წიგნაკს სოლიდური თანხითურთ, ლირაში.

აქ გატარებული მხიარული დღეებიდან ბევრი სასიამოვნო მოგონება მიმყვება. ან და, რა მომაწყენს, როცა ასე უზრუნველად ვცხოვრობ. ბებიაჩემს  გონია,  რომ უფალთან  ყველა ადამიანური ვალი მოხდილი აქვს, რადგანაც სახლში უსახლ-კარო და  უპატრონი ადამიანი ყავს შეფარებული და მინიმუმ სამოთხე გარანტირებული აქვს. ისიც  არ ავიწყდება, რომ მე მასთან სოციალურმა  სამსახურმა მიმამაგრა,  ვინმე ქალბატონმა ვაკამ. ამის გამო  ერთი წუთით არ მაქვს უფლება გვერდიდან მოვშორდე, რომ ჩემს მოვალეობას, სხვა დანარჩენთან ერთად, შეადგენს მისი მიცილება საფირფარეშოში დღეში მინიმუმ  ორმოცდაათჯერ, საცვლის  აწევ- დაწევა,  ისე რომ ნერვი არ ამიტოკდეს და საღამოობით ტომბოლას თამაში, სადაც მოგებული როგორც წესი მუდამ თვითონ არის.

ამ წერილს ღიმილმორეული ვწერ და სახეზე სიხარულის ცრემლები მდის, რადგანაც ბებია რიკეტას  ახლა ღრმა ძილით სძინავს.  მიხარია, რომ როგორმე მოვახერხე და  ჩემიდან  თქვენამდე  ბედნიერების ფერადი ძაფები გავაბი. ჩემს წერილებს  აუცილებლად მოგიტანთ შეშლილი ქარი,  ან რომელიმე  კოჭლი საფოსტო მტრედი.

ოღონდ,  თქვენ მეყოლეთ კარგად,  მე რა მიჭირს!..  ვცხოვრობ მხიარულად და უზრუნველად  ალტცაიმერ  ბებია რიკეტასთან იტალიის მიყრუებულ ქალაქში იზონცოს ქუჩაზე.

გმადლობთ, მოკითხვამდე!.

სალომე გოგოლაძე.“

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები