“ბედნიერია ის ერი, ვისაც ასეთი ქალები ჰყავსო”- ვინ იყო სორინის ქართველი მუზა

XX საუკუნის 20-იან წლებში თბილისის ლამაზმანებს შორის გამოირჩეოდა ელისო დადიანი – ცნობილი რუსი მხატვრის, საველი სორინის მუზა. ელისო დადიანს თვალს ვერ წყვეტდნენ მოხიბლული უცხოელები. უნატიფესი, ღვთაებრივი, ციური – ასეთი ეპითეტებით ამკობდნენ ისინი დადიანის ქალს. მისმა სილამაზემ ათქმევინა ერთ ფრანგ მხატვარს: – ბედნიერია ის ერი, ვისაც ასეთი ქალები ჰყავსო.

ელისოს მამა, იოსებ დადიანი პროფესიით ინჟინერი იყო, დედა – თამარ თარხნიშვილი, მეტად განათლებული, კეთილშობილი და პატივსაცემი მანდილოსანი. დადიანების ოჯახს ექვსი ასული ჰყავდა, რომელთა სილამაზესა და განსწავლულობაზე ლეგენდებს ჰყვებოდნენ. ელისო და მისი დები: ელო, ირინე, სალომე, ეკა და რუსუდანი, მაღალი საზოგადოების სალონებსა და თავყრილობებს ამშვენებდნენ. ​

ბოლშევიკებისგან გაქცეულმა და საქართველოს თავშეფარებულმა საველი სორინმა, ბინა თბილისში დაიდო. ამ პერიოდს ეკუთვნის უმშვენიერეს ქალთა პორტრეტები, რომლებიც საზღვარგარეთ გადახვეწილმა მხატვარმა თან გაიყოლა, მათ შორის, 1919 წელს შექმნილი, 17 წლის ელისო დადიანის პორტრეტიც. გოგონას პორტრეტზე მუშაობა ცნობილმა ხელოვანმა თბილისში, საქართველოს დამოუკიდებლობის უკანასკნელ დღეებში დაიწყო, მაგრამ პარიზში დაასრულა, სადაც ბედისწერის წყალობით ორივე ერთდროულად აღმოჩნდა.

საველი სორინს იმდენად უყვარდა საქართველო, რომ მეუღლეს ანდერძად დაუბარა, ქართული ჩანახატები საქართველოსათვის გადაეცა. მართლაც, ელისო დადიანის პორტრეტი დღეს საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება.

1921 წლის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ დადიანები იძულებულნი გახდნენ ემიგრაციაში წასულიყვნენ. საუცხოო გარეგნობის, საფუძვლიანი განათლებისა და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ქართველი გოგონა იმთავითვე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ელისო დადიანს ხელისა და გულის მთხოვნელები არ დაჰკლებია, მაგრამ მთავარი შეხვედრა მას წინ ელოდა…

დადიანთა ოჯახის საპატივცემულოდ გამართულ ერთ–ერთ ვახშამზე ელისომ ინგლისელი დიპლომატი არნოლდ ზარბა გაიცნო, მალე დაქორწინდა და მასთან ერთად დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა საცხოვრებლად.

სალომეს ერთ–ერთი და, ირინე დადიანიც პარიზში გათხოვდა. მისი მეუღლე გახდა საფრანგეთის უცხოური ლეგიონის ოფიცერი დიმიტრი ამილახვარი. მათ ორი შვილი – თამარი და ოთარი შეეძინათ. ოჯახის ბედნიერებას მეორე მსოფლიო ომმა დაუსვა წერტილი. 1942 წლის 24 ოქტომბერს დიმიტრი ამილახვარი ეგვიპტეში ელ–ამაინთან გამართულ ბრძოლაში დაიღუპა. ეს თავზარდამცემი ამბავი ირინემ ლონდონში შეიტყო, სადაც ის შვილებთან ერთად დის ოჯახში ცხოვრობდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის შარლ დე გოლის ბრძანებით, დიმიტრი ამილახვარი სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა “საპატიო ლეგიონის” უმაღლესი ორდენით.

1944 წ. დეკემბერში უცხოური ლეგიონის ხელმძღანელობამ ირინე დადიანი მეუღლის ხსოვნის საღამოზე დაპატიჟა. შარლ დე გოლი ოფიციალურად იწვევდა დიმიტრი ამილახვრის ოჯახის წევრებს ქართველი ემიგრანტის ძეგლის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე. საღამოზე დასასწრებლად დები ბავშვებთან ერთად სამხედრო მანქანით გაეშურნენ.

…”პარიზი არ მოგვიტანს ბედნიერებას”, – ელისოს წინასწარმეტყველება ახდა. 1944 წლის 25 დეკემბერს ელისო და ირინე  დადიანები პარიზისკენ მიმავალნი ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. ბავშვები გადარჩნენ. ობლები „საფრანგეთის შვილებად“ გამოცხადნენ და მათი აღზრდა საფრანგეთის მთავრობამ იკისრა.

ელისო და ირინე დადიანები საფრანგეთის ეროვნული გმირის – დიმიტრი ამილახვრის ძეგლის ახლოს დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები