საქართველოს ეროვნული ბანკი Central Banking Awards-ის მიერ 2020 წლის საუკეთესო რისკმენეჯერად დასახელდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო ავტორიტეტული გამოცემა Central Banking-ის ნომინაციაში გაიმარჯვა და 2020 წლის საუკეთესო რისკმენეჯერის ჯილდო მოიპოვა, რომელიც ყოველწლიურად, სავალუტო რეზერვების რისკების მართვის მიმართულებით, მსოფლიოში წამყვან ცენტრალურ ბანკებს გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ წელს Central Banking Awards-ის უკვე მეორე ჯილდოა ეროვნული ბანკისთვის. 17 მარტს Central Banking-მა ეროვნული ბანკი 2020 წლის ყველაზე გამჭვირვალე ცენტრალურ ბანკადაც აღიარა.

დაჯილდოების კომიტეტმა გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინა როგორც ეროვნული ბანკის მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში რეზერვების მართვის სფეროში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმები, ისე გასულ წელს პანდემიით გამოწვეული გლობალური და ადგილობრივი გამოწვევების საპასუხოდ გადადგმული დროული და ეფექტიანი ნაბიჯები.

გასულ წლებში რეზერვების მართვის სფეროში ჯილდოები გადაეცათ ბრაზილიის, მექსიკის, შვეიცარიის, ისრაელის, სამხრეთ კორეის ცენტრალურ ბანკებს.

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიღწევების მსოფლიო აღიარება საერთაშორისო სავალუტო რეზერვების რისკების მართვის სფეროში, მთელი რიგი ინოვაციური მიდგომების დანერგვის ლოგიკური შედეგია. რეზერვების მართვის მაღალკვალიფიციურმა და მოტივირებულმა გუნდმა, ბანკის მენეჯმენტის მხარდაჭერით, სებ-ის სავალუტო რეზერვების მართვის პროცესის მსოფლიო სტანდარტების შესაბამისად გარდაქმნა შეძლო, რითაც უზრუნველყო პატარა ზომის, განვითარებადი ქვეყნის ცენტრალური ბანკის მიერ სათანადო ადგილის დამკვიდრება რეზერვების მართვის სფეროში წამყვან მსოფლიო ცენტრალურ ბანკებს შორის.

ამ მიღწევებში მნიშვნელოვანი წვლილი მსოფლიო ბანკის ხაზინის RAMP-ის პროგრამასთან პარტნიორობამ შეიტანა, რომლის ფარგლებშიც სებ-მა სავალუტო რეზერვების მართვის სფეროში მსოფლიოს წამყვანი მიდგომები და მეთოდების დანერგა, ზრუნავდა თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე და სტრატეგიული განვითარების ხედვა ჩამოაყალიბა.“ – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ფორმატში ივნისში „საზაფხულო შეხვედრების“ ფარგლებში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები