პირველი დღე ახალ სამსახურში – როგორ უნდა მოვიქცეთ და რისი გაკეთება არ ღირს

პირველი დღე ახალ სამსახურში ყოველთვის რთულია. რა უნდა გააკეთოთ ახალ ადგილას იმისათვის, რომ კოლექტივს ჰარმონიულად შეერწყათ?

როგორ მოვიქცეთ

ნებისმიერ შემდგარ კოლექტივში, ოფიციალური სამსახურეობრივი ინსტრუქციების გარდა, დაუწერელი კანონებიც არსებობს. თქვენ ამის შესახებ არავინ მოგიყვებათ გასაუბრებისას. საჭირო იქნება დრო, რათა თავად გაერკვეთ ვითარებაში. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც ნებისმიერ კოლექტივს მოერგება.

მიჰყევით წესებს, რომლებიც კოლექტივში მოქმედებს. ეს ეხება ურთიერთობის მანერასაც, ტანსაცმლის სტილსაც და საქმიან დისციპლინასაც: თუკი თქვენს ახალ ოფისში სამუშაო გრაფიკისადმი გულგრილები არიან და ხელმძღვანელობა არაა მოკლე შესვენებების და მოკლეხნიანი დაგვიანების წინააღმდეგი, მაშინ თქვენმა ზედმეტმა პუნქტუალურობამ შესაძლოა კოლეგები თქვენს წინააღმდეგ განაწყოს.

პირველ სამუშაო დღეებში ახალ სამსახურში თქვენი მთავარი ამოცანა დაკვირვებაა. დააკვირდით კოლეგებს, შეისწავლეთ თამაშის წესები, განსაზღვრეთ საზღვრები, რომლებიც არ უნდა დაარღვიოთ. ხანდახან ახალი კოლეგებისა და პირობითი წესების გაცნობა პირველივე დღეებში გამცნობთ, რომ ეს ადგილი თქვენთვის არაა და სხვა სამსახური უნდა მოძებნოთ.

თითქმის, ყველა კოლექტივში, გარდა რეალური უფროსისა, არსებობს არაფორმალური, მაგრამ ყველასგან აღიარებული ლიდერი და ასევე, სოციალური როლების მთელი სისტემა. შეეცადეთ, მალევე ამოიცნოთ, ვინ ვინ არის, – მანამდე კი, ზრდილობიანი ნეიტრალიტეტი შეინარჩუნეთ. თავიდან აირიდეთ ზედმეტი გულახდილობა და მცდელობები – ჩაგითრიონ ნებისმიერ საოფისე ინტრიგაში. ახალ კოლეგებთან ურთიერთობისას თავი ყველასთან ერთნაირად დაიჭირეთ, ზრდილობიანად, დადებითად, მაგრამ თავშეკავებულად.

მოაწყეთ ახალი სამუშაო ადგილი ისე, რომ თქვენთვის მყუდრო იყოს. მოიტანეთ სახლიდან ნივთები, რომლებსაც მიეჩვიეთ: ახლობლების ფოტოები, სახალისო პატარა სათამაშო ან მაგალითად, საყვარელი კაკტუსი. ასე უფრო იგრძნობთ, რომ ეს ადგილი თქვენია.

თუკი ძალიან ღელავთ, დაუჭირეთ საკუთარ თავს მხარი და იფიქრეთ იმის შესახებ, რომ პირველ დღეს ნერვიულობა სავსებით ნორმალურია. იმისათვის, რომ თავდაჯერებულობა იგრძნოთ, გონებაში ჩამოთვალეთ თქვენი ძლიერი მხარეები, გაიხსენეთ, რომელი მოვალეობების შესრულება გამოგდით ყველაზე კარგად და მუშაობაც ზუსტად მაქედან დაიწყეთ.

გამოიყენეთ არავერბალური ურთიერთობის ტექნიკა. ეცადეთ, ხელის მტევნები გაშლილი გქონდეთ, არ გადააჯვარედინოთ ხელები და ფეხები – მაშინ თქვენი კოლეგები მიგიღებენ, როგორც თავდაჯერებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს.

ახალ ოფისში პირველივე დღიდან ისწავლეთ ზრდილობიანი „არას“ თქმა. გააგებინეთ კოლეგებს, რომ თქვენ იცით საკუთარი თავის ფასი, თორემ შესაძლებელია, ისეთი საქმეების გაკეთება დაგავალონ, რომელიც კონტრაქტით არ არის გათვალისწინებული.

რისი გაკეთება არ ღირს

თქვენ შესაძლოა იყოთ მაღალკვალიფიციური პროფესიონალი და კარგი ადამიანი, მაგრამ კოლექტივმა გაგრიყოთ, თუკი პირველივე დღეს არასწორად მოიქცევით. რა ფატალური შეცდომები იწვევს კოლექტივისგან გარიყვას?

მცდელობა, მოახდინო გადატრიალება პირველივე დღეს – სანამ დაიწყებთ რაღაცის შეცვლას, გაიარეთ ადაპტაცია ახალ რეალობასთან. როდესაც „შინაური“ გახდები, მაშინ შეძლებთ საკუთარი ინდივიდუალურობა გამოამჟღავნოთ და შეცვალოთ არსებული წესები.

კოლექტივისგან თვითნებური გამოცალკევება – შეეცადეთ, არ შეიყუჟოთ კუთხეში და არ დაიმალოთ საკუთარი მონიტორის მიღმა. კოლეგებთან ურთიერთობა მაინც მოგიწევთ, მაგრამ კარგი რეპუტაცია აღარ გექნებათ.

კოლექტივისგან განსხვავებულობის მცდელობა – ყველა „casual“ სტილშია, თქვენ კი, ყველა ღილზე შეკრული „სამეულით“…  არ არის კარგი ხერხი გუნდში მოხვედრისთვის.

ამპარტავნული ქცევა. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი თქვენ ტრანსნაციონალური კორპორაციიდან პატარა კომპანიაში გადახვედით, არ ღირს წინა სამსახურზე აღფრთოვანებით საუბარი და ახლანდელის დაკნინება.

ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ ჰარმონიულად შეერწყათ ახალ კოლექტივს და ვინ იცის, იქნებ შეიძინოთ არამხოლოდ კოლექტივი, არამედ თანამოაზრეები და მეგობრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები