ნიკოლოზ ბირკაძე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო

კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული, ნიკოლოზ ბირკაძე მსოფლიოს წამყვანმა უნივერსიტეტმა,  მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სწავლის სრული დაფინანსებით მიიღო.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, აკრ. MIT) – მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. 2021 წელს, ისევე როგორც მრავალი წლის განმავლობაში MIT საუკეთესო უნივერსიტეტად დასახელდა და პირველი ადგილი დაიკავა QS World University Rankings-ში. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის კურსდამთავრებულების მიერ დაარსებული კომპანიების საერთო შემოსავალი რომ შეიკრიბოს, ის სიმდიდრით მსოფლიოში მეთერთმეტე ადგილზე იქნებოდა.

„MIT – ის სწავლის  გადასახადი ჯამში 300 000 დოლარამდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან MIT – ში ყოველწლიურად კომაროვის  სკოლის ერთი კურსდამთავრებული მაინც აგრძელებს სწავლას, 2021 წელს კი უპრეცედენტო რაოდენობა, 2 მოსწავლე გააგრძელებს სწავლას. ნიკა MIT – ში ჩარიცხული  სკოლის მერვე კურსდამთავრებულია.

ნიკა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადის ყველა დროის შედეგებით საუკეთესო ათეულის წევრია.

ნიკას წარმატებების სია შთამბეჭდავად გამოიყურება:

  • ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 3 და ვერცხლის 1 მედალი. მასზე მეტი ოქროს მედალი მხოლოდ 5 მოსწავლეს აქვს აღებული.
  • მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 1, ვერცხლის 2 და ბრინჯაოს 1 მედალი. აღსანიშნავია, რომ ნიკაზე უკეთესი შედეგი მათემატიკის 61-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, 2020 წელს მხოლოდ სამმა მოსწავლემ აჩვენა. სამივე მათგანი ჩინეთის ეროვნული ნაკრების წევრია.
  • ჟაუტიკოვის საერთაშორისო ოლიმპიადა: ოქროს 1 მედალი ინფორმატიკაში, ოქროს  1 მედალი მათემატიკაში.
  • სრულიად ევროპის ახალგაზრდული (junior) ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი და აბსოლუტური პირველი ადგილი.
  • ცენტრალური ევროპის ოლიმპიადა ინფორმატიკაში: ოქროს 1 მედალი.
  • რუმინეთის მასტერსი მათემატიკაში: ვერცხლის 1 მედალი, ბრინჯაოს 1 მედალი.
  • პედაგოგთა და ოლიმპიელ რეზერვთა მწვრთნელების მე-3 საერთაშორისო კონკურსში მოიპოვა ვერცხლის მედალი“, – ნათქვამია ვ. კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N 199 საჯარო სკოლის განცხადებაში.

ნიკა ამჟამად კომაროვის სკოლის მათემატიკის წრის მასწავლებელია და თავის უზარმაზარ გამოცდილებას ახალ თაობას უზიარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები