ავიაკომპანია Lufthansa ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს იწყებს 

მიმდინარე წლის 1 ივნისიდან გერმანული ავიაკომპანია „Lufthansa“ ფრანკფურტი – თბილისი – ბაქოს საჰაერო ხაზზე რეგულარულ ფრენებს შეასრულებს. რეისები კვირაში 4-ჯერ, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და კვირას განხორციელდება. მგზავრებს შესაძლებლობა ექნებათ აღნიშნული რეისით ისარგებლონ მხოლოდ საქართველოში ჩამოსვლის მიზნით, თბილისიდან ფრანკფურტში გაფრენა კი არ იქნება შესაძლებელი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას უკვე მიენიჭა.

შეგახსენებთ, ავიაკომპანია „Lufthansa“-მ მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2020 წლის 2 აგვისტოდან განაახლა. აღნიშნული მიმართულებით ფრენების შესრულება მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გაზრდილი სიხშირით გაგრძელდება. კერძოდ კი, თავდაპირველად, მიუნხენი-თბილისი-მიუნხენის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში ოთხჯერ შესრულდება, ხოლო 31 მაისიდან, ავიაკომპანია აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ოპერირებას ყოველდღიურად გეგმავს.

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ასახვას პოვებს ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები